თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სანოტარო საქმიანობის უკანონოდ შეჩერებისთვის იუსტიციის სამინისტროს დააკისრა ბაჩანა შენგელიას სასარგებლოსდ12 800 ლარის ანაზღაურება:
“ალბათ, გახსოვთ, ზაფხულში იუსტიციის მინისტრმა საქმიანობა რომ შემიჩერა. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, უკანონოდ ცნო სანოტარო საქმიანობის შეჩერება და იუსტიციის სამინისტროს დააკისრა ზიანის სახით 12 800 ლარის ანაზღაურება” ,— ამბობს ბაჩანა შენგელია.
მისი შეფასებით, საქმიანობის შეჩერება იყო იმ “დევნის კამპანიის გაგრძელება, რომელიც მისი ოჯახის წინააღმდეგ ხორციელდებოდა”:
“რასაც დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამიტომ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, აღნიშნული თანხა ჩაირიცხება ,,ია კერზაიას სახელობის, განათლების განვითარების ფონდში”, რომელიც 2019 წელს დავაფუძნეთ და ფონდის მეშვეობით მოხმარდება იას უსაყვარლეს საქმეს — ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეების განათლების ხელშეწყობას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, — ამბობს ბაჩანა შენგელია.
ბაჩანა შენგელიას განცხადებით, 2020 წლის 19 ივნისს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იუსტიციის სამინისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა.
შენგელიას თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მის მიერ მიწერილი წერილის პასუხად აცნობა, რომ უწყებამ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო, რადგანაც 18 ივნისს განხორციელებული ინსპექტირებისას თავად შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა.
ბაჩანა შენგელია აღნიშნავდა, რომ კანომდებლობის მიხედვით ნოტარიუსს საკუთარი შემცვლელისთვის დანიშვნა წელიწადში 30 დღის ვადით შეუძლია, მან კი შემცვლელი სანოტარო ბიუროში 3 დღით დატოვა ავადმყოფობის გამო. ამასთან, შენგელია აცხადებდა, რომ პროგრამაზე წვდომის შეზღუდვა დისციპლინური წარმოების შედეგი უნდა იყოს და წარმოებისას ამ ნორმის გამოყენებაც უკანონოა.
შესაბამისად, შენგელია ამბობდა, რომ იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას თავის აქტივობას უკავშირებს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი და ამ საკითხის შესასწავლად გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართავდა.
რაც შეეხება მეორე წარმოებას, შენგელიას იუსტიცია ასევე ედავება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების გამო:
“დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებდით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდით პოლიტიკურ შეფასებებს”, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც შენგელიამ სამინისტროდან მიიღო.
აღნიშნულ საკითხზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ბაჩანა შენგელიას სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაცია იმ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც ნოტარიუსს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას ავალდებულებს და დარღვევის შემთხვევაში მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევს.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: