ახალი ამბები

მიუხედავად მტკიცებულებისა, გაუპატიურების საქმეზე ქალს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს – EMC

15 ივლისი, 2020 • 1502
მიუხედავად მტკიცებულებისა, გაუპატიურების საქმეზე ქალს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს – EMC

უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის გაუპატიურების საქმეზე, რომელზეც გამოძიება 2019 წელს დაიწყო, ჯერ შედეგი არ დამდგარა. როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ამბობს, ეს და სხვა მსგავსი შემთხვევები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სისტემურ ხარვეზებს აჩვენებს.

საქმე ეხება 2019 წლის თებერვლის საქმეს, რომელზეც, მიუხედავად მოწმეების ჩვენებისა, ქალისთვის დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ მიუნიჭებიათ.

EMC წერს, რომ 2019 წლის 19 თებერვალს აშშ-ის მოქალაქე (ვ.პ.), რომელიც საქართველოში სტუნდენტური გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა, მეგობრის წვეულებაზე წავიდა. წვეულებაზე ქალმა ალჰოკოლი მიიღო და გაურკვეველი მიზეზების გამო გონება დაკარგა.

„დილით სხეულზე და სასქესო ორგანოზე მძიმე დაზიანებები აღმოაჩინა. ვ.პ-ს მეგობარი იხსენებს, რომ ოთახში შესულებს ვ. პ. შიშველ და უგონო მდგომარეობაში დახვდათ, ვ.ქ. (სავარაუდო მოძალადე) ტანსაცმელს იცვამდა და დაადასტურა ვ.პ.-თან სექსუალური კავშირი. მომხდარი სავარაუდო გაუპატიურებაზე მიუთითებდა და ვ. პ-მ პოლიციას მიმართა.

ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) დაიწყო. გამოძიების დაწყვებისთანავე განხორციელდა ვ.პ.-ს და მისი მეგობრების გამოკითხვა, რომელთაც დაადასტურეს, რომ ვ. ქ.-მ არანებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი უგონო მდგომარეობაში მყოფ ვ. პ.-სთან. დაინიშნა სხვადასხვა, მათ შორის ქიმიური და სამედიცინო ექსპერტიზა და დეტალურად აღიწერა ვ. პ-თვის მიყენებული მძიმე დაზიანებები. ამავე დროს, ვინაიდან ვ. ქ.-ს დაკავება სათანადო მტკიცებულებითი სტანდარტის მიღწევამდე ვერ განხორციელდებოდა, შსს-მ უზრუნველყო შემაკავებელი ორდერის გამოცემა და ვ. ქ.-ს აეკრძალა ვ. პ.-სთან მიახლოება, ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია“, – ამბობს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია წერს, რომ მიუხედავად გამოიძიების დაწყებისა, პროკურატურამ ქალს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი. ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ არც მას შემდეგ მიიღო, რაც ქიმიური და სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები ცნობილი გახდა. უარის თქმის საფუძვლად კი მიეთითა – „ის გარემოება, რომ გამოძიების მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ვ. პ.-ს გაუპატიურების რეალური ფაქტი“.

პარალელურად, იმის ფონზე, რომ ქალი დაზარალებულად არ ცნეს, მის უფლებდამცველებს არ შეუძლიათ არც საქმის მასალებისა და არც ექსპერტიზის პასუხის გაცნობა.

ორგანიზაცია ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოში არსებულმა გარმოებებმა მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაცია გამოიწვია. EMC-ის თქმით, გამოძიების მიმდინარეობისას არაერთხელ გამოიკვეთა, რომ საქმე ჭიანურდებოდა. მაგალითად, განყოფილებაში,სადაც ქალი მივიდა, თავდაპირველად არ აღმოჩნდა ქალი გამომძიებელი და არც ცალკე ოთახი, სადაც დაზარალებული ჩვენებას მისცემდა.

„მეორეული ვიქტიმიზაციას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საპროცესო მოქმედებების შედეგის დადგომა არსებითად გაჭიანურდა. მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზის შედეგი 2019 წლის დეკემბრის თვეში, მომხდარიდან 10 თვის შემდგომ გახდა გამოძიებისთვის ცნობილი. ექსპერტიზის შედეგების გაცნობა კი დანაშულის მსხვერპლისთვის არ განხორციელდა, რამაც იგი კვლავ გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა“, – წერს ორგანიზაცია.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე სისხლის სამართლის პოლიტიკა გაუმჯობესდა, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე საქართველოში ადეკვატური მართლმსაჯულების განხორციელება, რამდენადაც იკვეთება საკანონმდებლო რეგულირების, გამოძიებისა და პროპორციული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, ამ დანაშაულების საკანონმდებლო რეგულირება ხარვეზიანია. კერძოდ, მაგალითად, გაუპატიურების შემთხვევაში დანაშაულის დეფინიციის შემადგენელი ნაწილი მხოლოდ ძალადობა, ძალადობის მუქარა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებაა და საერთოდ არ არის გათვალისწინებული დაზარალებულის თანხმობის არარსებობა.

“სექსუალური ძალადობის დანაშაულის მსგავსი რეგულირება კი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და სტამბოლის კონვენციას, რომლიც საქართველოს რატიფიცირებული აქვს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წლის მაისის თვიდან საქართველოში პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სექსუალური ძალადობის დანაშაულების რეგულირებას სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად”.

ორგანიზაცია წერს, რომ ზემოთ აღწერილი გარემოებები აჩვენებს, რომ ვ.პ.-ს, სავარაუდოდ, გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია, ამ დრომდე არ ხდება დანაშაულისა და შესაძლო დამნაშავის იდენტიფიცირება, რასაც თან ახლავს დანაშულის მსხვერპლის არასათანადო ინფორმირებისა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა პროკურატურისა და სასამართლოს მიერ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს

პროკურატურას

    • საქმის გარემოებების, ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგების გაცნობის მიზნით მოახდინოს ვ.პ-ს ინტერესების დამცველთა ინფორმირება;
    • უზრუნველყოს ვ.პ-ს დაზარალებულად ცნობა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

    • უზრუნველყოს პოლიციის განყოფილებებში სქესობრივ დანაშაულთა სავარაუდო მსხვერპლთათვის ადეკვატური გარემოსა და მოპყრობის პრაქტიკების შექმნა;
    • გაიაზროს დანაშულის მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციის მაღალი რისკები და უზრუნველყოს ინსტიტუციური და სოციალური ზომების გატარება მისი თავიდან აცილების მიზნით.

ვრცლად ამ საქმეზე წაიკითხეთ აქ.


ამავე თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

აბორტის იძულება – ისტორიები და დანაშაული სამართლებრივი მუხლის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი