ახალი ამბებისაზოგადოება

სამშენებლო კომპანიის დირექტორი ქალ მომხმარებელზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

9 აპრილი, 2024 • 3396
სამშენებლო კომპანიის დირექტორი ქალ მომხმარებელზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

8 აპრილს სოფია მეფარიშვილმა სოციალური ქსელებით ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ სოფია მეფარიშვილს სამშენებლო კომპანია “X2 დეველოპმენტის” დირექტორი და მთავარი მეწილე ვალერიან კირკიტაძე ფიზიკურად უსწორდება. შემთხვევა ამავე დღეს, შუადღეს, დაახლოებით 12 საათზე მოხდა.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ვალერიან კირკიტაძე დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთი სოფია მეფარიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება, მისივე თქმით, თავის სერიოზული ტრავმის გამო. სოფია ნეტგაზეთს ეუბნება, რომ კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, დედასთან ერთად ლიფტში იმყოფებოდა, როცა ის მოწყდა და მეხუთე სართულიდან მესამე სართულზე აღმოჩნდნენ, საიდანაც გამოიყვანა სამაშველო სამსახურმა თითქმის ერთი საათის შემდეგ.

„მივედი, რომ მეკითხა, თქვენ რომ კომპანია ხართ, სერვის-ჯგუფი გყავთ, რატომ არ მოგვიკითხეთ?!“ — ამბობს სოფია მეფარიშვილი.

კომპანიის ოფისში მის მისვლას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა კომპანიის დირექტორისა და 33%-იანი წილის მფლობელ ვალერიან კირკიტაძისგან.

„შეიძლება, დაუსჯელად გამოვიდეს, სადმე დამხვდეს და გამისწორდეს. როცა მწვდა და ფეხებით შემდგა, ისეთი კმაყოფილი სახე ჰქონდა, ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა და იმედიც, რომ შერჩებოდა. განახებ, როგორ უნდა გაავრცელო ინფორმაცია, შე პატარა ინფლუენსეროო. ეს ყველაფერი ვიდეოში აღარ ჩანს. ეს ხდება უკვე მაშინ, როცა ტელეფონი დამივარდა და ფეხით გააცურა.

იქ კიდევ კომპანიის მეორე მფლობელი იყო, ეს რომ გაათრიეს, მაშინ მოვიდა. მანაც დამარტყა, მაგრამ მე ტელეფონი აღარ მქონდა და კადრებში ვერ მოხვდა. პოლიცია რომ მოვიდა, ყველა გაქრა. ამოსაცნობად რომ შემიყვანეს, იქ არც ვალერიანი იყო და არც ის მეორე კაცი, ვინც დამარტყა. ჩემი ვიდეოთი ამოიცნეს ვალერიან კირკიტაძეც“, — გვიყვება სოფია მეფარიშვილი.

კომპანია X2 დეველოპმენტი 2014 წელს დაარსდა. კომპანიის ინფორმაციით, მათ საქართველოს მასშტაბით 4 დასრულებული, 6 მიმდინარე და 3 დაგეგმილი პროექტი აქვთ. შემთხვევა თბილისში, შარტავას ქუჩაზე მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი