ახალი ამბები

კომიტეტის მხარდაჭერა კომუნიკაციების კანონპროექტს – რა წერია შესწორებულ ვერსიაში

15 ივლისი, 2020 • 946
კომიტეტის მხარდაჭერა კომუნიკაციების კანონპროექტს – რა წერია შესწორებულ ვერსიაში

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმამხარი დაუჭირა  ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანას. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, საკამათო კანონპროექტში შესული ის ცვლილებები წარმოადგინა, რომლებიც მასში შევიდა სატელეკომუნიკაციო კომპანიების ნაწილთან დისკუსიის შემდეგ. რიგ დეტალებთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები ისმოდა როგორც ოპოზიციის, ისე კომპანიების წარმომადგენელთა ნაწილის მხრიდან.

კომუნიკაციების კომისიის მიხედვით, დავიწროვდა გადაწყვეტილებების არეალი, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, 4 უშედეგო ჯარიმის შემდეგ ეფექტიანი აღსრულების მექანიზმის ჩართვა ხდება შესაძლებელი, რაც კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნას გულისხმობს. 5 სპეციფიკური ვალდებულებიდან დარჩა ორი: თავისუფალი დაშვების ვალდებულება და სატარიფო რეგულირების ვალდებულება.

ამასთან, სპეციალური მმართველის მექანიზმის ჩართვა შესაძლებელი იქნება კონკურენციის საკითხების დარღვევის შემთხვევაშიც.

“ევროპული საქართველოს” წევრებმა კანონპროექტის შესწორებული ვერსიის კრიტიკისას აღნიშნეს, რომ დროებითი მმართველის მექანიზმი მხოლოდ მას შემდეგ უნდა ამოქმედდეს, რაც კომისიის მიერ კონკრეტული კომპანიებისთვის გამოწერილი ჯარიმების მართლზომიერებას სასამართლო დაადგენს. მათი თქმით, არასწორი და საფრთხის შემცველია მმართველის დანიშვნა მაშინ, როცა სასამართლო ჯერ კიდევ იხილავს კომისიის გადაწყვეტილებას.

“ჯარიმა, რომელიც კონკრეტულ ოპერატორს დააკისრეთ, შესაძლოა იყოს გასაჩივრებული სასამართლოში. შეიძლება იქ არ იყოს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და მანამ, სანამ იქნება ეს გადაწყვეტილება, თქვენ გინდათ მიიღოთ მექანიზმი, რომლითაც იქ სპეციალურ მმართველს შეიყვანთ”, – მიმართა სერგი კაპანაძემ ბექაურს.

კახა ბექაურის თქმით, ორი სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დროებითი მმართველის ნაწილში გადაწყვეტილებას ისედაც სასამართლო იღებს.

“ორი სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დროებითი მმართველის მექანიზმი ირთვება მას შემდეგ, რაც 4 სანქცია დაწესდება და დროებითი მმართველის დანიშვნა თავად სასამართლოს მეშვეობით ხდება, კომისია არ ნიშნავს მას. კომისიას ამის ბერკეტი არ გააჩნია”, – თქვა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

დეპუტატებმა ბექაურს ჰკითხეს, რატომ არ მუშაობს იგივე მექანიზმი მესამე – კონცენტრაციის საკითხების დარღვევის შემთხვევაშიც, რაზეც მან უპასუხა:

“კონცენტრაციის საკითხი არის განსხვავებული. ეს ის დარღვევებია, როცა ახალი ინვესტორი ჯერ შემოდის ბაზარზე, არ საქმიანობს.

…კონცენტრაციის საკითხებმა რა მავნე ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ბაზარზე, გესმით?”

კანონპროექტის შესწორებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს. “სილქნეტის” დამფუძნებლის თქმით, კანონპროექტი ბოლომდე ვერ შეიცვალა ისე, როგორც მათ სურდათ, თუმცა ის მაინც “ნორმალური და მისაღებია”.

“კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს არის არა კომუნიკაციების კომისიასა და ბიზნესს შორის, არამედ კომისიასა და კონსულტაციებში მონაწილე რამდენიმე კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმება.

კომპანია “მაგთის” მეწილემ, გია ჯოხთაბერიძემ, რამდენჯერმე აღნიშნა, რომ განსასაზღვრია გონივრული ვადა ჯარიმებს შორის, რათა კომპანიამ შესაბამისი საკითხების მოწესრიგება შეძლოს. კახა ბექაური აღნიშნულს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ აღნიშნული ვადები ამჟამინდელ კანონმდებლობაშიც გასაგებადაა გაწერილი.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა ისე წარიმართა, რომ კანონმდებლებსა და კომპანიების წარმომადგენლებს არ ჰქონიათ საშუალება, კანონპროექტის საბოლოო ვერსიას გასცნობოდნენ. კომიტეტის თავმჯდომარემ ეს მოცემულობა იმით ახსნა, რომ “კონსულტაციები ბოლო პერიოდამდე გრძელდებოდა”.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების კორექტირება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ივლისის ხმაურიანი სხდომის შემდეგ გახდა საჭირო. სხდომაზე მყოფი ტელეკომპანიებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კანონპროექტი შეაფასეს საფრთხედ გამოხატვის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების მიმართ. კომუნიკაციების კომისია კი ცვლილებებს ხსნიდა კანონმდებლობის გაჯანსაღებისა და ბაზრის დაცვის საჭიროებით.

მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი