ახალი ამბები

“დროებითი მმართველი არსებულზე მსუბუქი მექანიზმია” – ბექაური კრიტიკას არ იზიარებს

10 ივლისი, 2020 • 1306
“დროებითი მმართველი არსებულზე მსუბუქი მექანიზმია” – ბექაური კრიტიკას არ იზიარებს

დღეს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს უსმენდნენ. ის დეპუტატებს, ტელემაუწყებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე ესაუბრება. დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული კანონის მიხედვით, კომისიას, თავისი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, კანონით ავტორიზებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილება ექნება.

ვის მოიაზრებს ეს ცვლილებები და ეხება თუ არა ისინი რაიმე ფორმით ტელემაუწყებლებს? – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბექაურსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს, ასევე, ტელემაუწყებლების წარმომადგენელთა შორის კითხვა-პასუხს არაერთგზის მოჰყვა ხმაური. კომისიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ცვლილებები არანაირი ფორმით არ შეეხება მედიას, მათ შორის, მათ, რომლებიც ავტორიზებულნი არიან როგორც “მაუწყებლობის შესახებ” კანონით, ისე “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონით.

ბექაურის განცხადებით, დროებითი მმართველის კომპონენტი ეხებათ მხოლოდ განსაკუთრებული ინფრასტრუქტურისა და მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორებს. საპასუხოდ ოპონენტები დავობდნენ, რომ ეს ყველაფერი კანონპროექტში ნათლად დაკონკრეტებული არ არის.

“კომიტეტთან ვიმუშავეთ აქტიურად და შევთანხმდით, რომ დავიწროვდეს ის გადაწყვეტილებები, რომლის შეუსრულებლობისთვის მმართველის მექანიზმი ჩაირთვება . შეთანხმების მიხედვით, ეს შესაძლოა იყოს როგორც წილის გასხვისების და შერწყმის წინასწარ არშეთანხმების საკითხები, ასევე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხები.

ეს თავისთავად გულისხმობს და კანონში განმარტებულია, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას და თავისთავად სპეციფიკური ვალდებულებები მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებს ეკისრება. ეს საერთოდ გამორიცხავს იმ ნაწილსაც, იმ მაუწყებლების ნაწილსაც, რომლებიც ელექტრონული კომუნიკაციის კანონით ავტორიზებულები არიან. ამიტომ, თეორიული შანსებიც არ არის არანაირი. არც იყო მანამდე, მაგრამ არც ახლაა“, – განაცხადა ბექაურმა.

კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ დროებითი მმართველი ბოლო, ყველაზე მკაცრი ზომაა სანქციების ობიექტ კომპანიაში. მისი თქმით, ამას წინ უძღვის 1 გაფრთხილება და 4 ჯარიმა.

ბექაურის აზრით, კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაში შემჩნეულ კომპანიებში დროებითი მმართველის დანიშვნის კომპონენტი ამჟამინდელი კანონდებლობით გათვალისწინებულ იძულების მექანიზმზე მსუბუქია. მისი თქმით,  კომისია ცდილობს, ამ ფორმით მომხმარებელთა ინტერესები დაიცვას.

“დღეს ჩვენ პარლამენტს ვთხოვთ იძულების მექანიზმის გაძლიერებას: ასეთი ჩვენ უკვე გაგვაჩნია. პირიქით, ვთხოვთ მსუბუქი მექანიზმის შემოღებას იმიტომ, რომ იმ ჯარიმის შემდეგ პირდაპირ ძლიერ მექანიზმზე ვერ გადავალთ, ავტორიზაციის და ლიცენზიის ჩამორთმევამ შეიძლება გამოიწვიოს მილიონობით ადამიანის საკომუნიკაციო სერვისების შეჩერება. ამიტომ ვითხოვთ უფრო მსუბუქი მექანიზმის შემოღებას, რათა კანონის მოქმედების აღსრულებისას თან დავიცვათ მომხმარებელი. ეს არის ამის არსი და ამის იქით არაფერი არ არის”, – აღნიშნა მან.

ბექაურმა თქვა, რომ კომპანიებთან, რომელთაც აღნიშნული კანონმდებლობა ფარავს, კომუნიკაცია შედგა, თუმცა არა სრულყოფილი ფორმით და ისე, რომ “მათ უკუკავშირი მოესწროთ ყველა ამ ცვლილებაზე”. ეს გარემოება, რომლებიც ტელესაკომუნიკაციო კომპანიებმა 9 ივლისის განცხადებაშიც გააპროტესტეს, ბექაურმა კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების საჭიროებით ახსნა. ამავე მიზეზით ახსნა კომისიის წარმომადგენელმა ის, რომ კანონპროექტს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი თან არ ახლავს.

რატომ სურთ კომისიასა და მთავრობას აღნიშნული ცვლილებების დაჩქარებულად მიღება და უკავშირდება თუ არა ის კონკრეტულ შემთხვევებს? ბექაურმა ამ კონტექსტში “კავკასუს ონლაინის” შემთხვევა ახსენა, რომელიც კომისიას უკვე ორჯერ დააჯარიმა წილების გასხვისების გამო. თუმცა, კომისიის თავმჯდომარის თქმით, ეს ინიციატივა არ უკავშირდება კონკრეტულ საქმეს და პრევენციული ხასიათისაა.

კომუნიკაციების კომისიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რომელიც ასევე ესწრებოდა სხდომას, უწყებამ დაინახა, რომ ბაზარი რისკის ქვეშ დადგება, თუ კომისიას შესაბამისი ბერკეტი არ ექნება მის დასარეგულირებლად. მისი განცხადებით, კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვის მოთხოვნა განაპირობა გარემოებამ, რომ საკანონმდებლო ორგანო მუშაობას მალე ასრულებს, სექტემბრამდე კი დიდი დროა.

აღნიშნულ კანონპროექტთან ერთად, მთავრობის მიერ ასევე იყო ინიცირებული ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ” კანონში. მთავრობას სურდა, მუხლი იმგვარად შეცვლილიყო, რომ სასამართლოში სარჩელის მიღებას არ გამოეწვია კომისიის სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება. თუმცა ბექაურმა დღეს აღნიშნა, რომ კომისია პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებთან შეთანხმდა და ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.

კომიტეტის სხდომამდე პარლამენტთან პრესკონფერენცია გამართეს კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა, ასევე, ტელეკომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა. მათ მოუწოდეს პარლამენტს, არ დაუშვას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება. მათი აზრით, ის საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და ფართო ძალაუფლებას ანიჭებს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას.

მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი