რატომ შეწყვიტა საქართველოს მთავრობამ ჰარვარდის ქართული პროგრამის დაფინანსება? სიმართლეა თუ არა განათლების სამინისტროს ინფორმაცია, რომ ჰარვარდი ბიუროკრატიულ ვალდებულებებს არ ასრულებდა? რა იყო ის თანხა, რომლის გადახდაზე “ოცნების” მთავრობამ უარი თქვა და რა შუაშია აქ პოლიტიკა?
ნეტგაზეთი გთავაზობთ ინტერვიუს ნათია ჭანკვეტაძესთან, მკვლევართან რომელიც ჰარვარდის ქართულ პროგრამას პროფესორ სტივენ ჯონსის შემდეგ 2024-2026 წლებში ხელმძღვანელობდა.
ნათია, უკვე ცნობილია, რომ ჰარვარდის ქართული პროგრამა შეჩერდა და ძირითადი მიზეზი ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა მის დაფინანსებაზე. განათლების სამინისტრო ხელს ჰარვარდისკენ იშვერს და აცხადებს, რომ არსებობდა გადაუჭრელი ბიუროკრატიული საკითხები, თითქოს ამერიკიდან არ მიაწოდეს გარკვეული ანგარიშები და გეგმები. თქვენი ინფორმაციით, რა მოხდა რეალურად?

თავდაპირველად მოკლედ შევეხები თავად პროგრამას. საქართველოს შემსწავლელი პროგრამა ოფიციალურად 2022 წელს გაიხსნა. ეს მოხდა პროფესორ სტივენ ჯონსის ინიციატივით, რომელიც 2022 წლიდან 2024 წლის აგვისტოს ბოლომდე მისი პირველი დირექტორი იყო. 2024 წლის სექტემბრიდან 2026 წლის ივნისის ბოლომდე (სანამ პროგრამა ინსტიტუციურად არსებობდა), ამ საქმეს მე ვხელმძღვანელობდი. ეს საქმე გრძელდება და ამაზე მოგვიანებით გეტყვით.
რაც შეეხება სახელმწიფო გრანტს: ეს იყო ერთჯერადად გაცემული თანხა და იგი ეფუძნებოდა ორ მხარეს შორის შეთანხმებულ საპროექტო წინადადებასა და ხელშეკრულებას. შესაბამისად, უნივერსიტეტში დაგეგმილი და განხორციელებული ყველა აქტივობა სწორედ ამ დოკუმენტს ეყრდნობოდა. დოკუმენტში შევიდა ოთხი შესწორება და თითოეული მათგანი დასტურის თხოვნით ეგზავნებოდა მაშინდელ განათლების მინისტრს, რადგან პროექტის მსვლელობისას, ბუნებრივია, შინაარსობრივი ცვლილებები ხდებოდა.
თავდაპირველი გრანტი 3.5 წლით გაიცა: 2022 წლიდან 2025 წლის ივნისის ბოლომდე. შესაბამისად, ეს ფონდი ადმინისტრაციული კუთხით 2025 წლის ბოლოს ამოიწურა. თუმცა, გრანტიდან გარკვეული თანხა დარჩა. რადგან დეივისის ცენტრი ძალიან უჭერდა მხარს ამ საქმეს, მათ ერთწლიანი გარდამავალი დაფინანსება (ე.წ. „ბრიჯ ფონდი“) გამოგვიყვეს. ამ დაფინანსებით ისინი ადმინისტრაციულად გვეხმარებოდნენ, ხოლო პროგრამული მიმართულებით უკვე დარჩენილ თანხას ვიყენებდით. ამ თანხის განკარგვაზე სამინისტროს მივმართეთ და სამ-სამთვიან ნებართვებს ვიღებდით: ჯერ სექტემბრის ბოლომდე, მერე დეკემბრის ბოლომდე, ბოლოს კი მარტის ბოლომდე.
ივნისის ბოლოს, რადგან არ გვქონდა არც ახალი სახელმწიფო გრანტი და არც რაიმე სხვა ალტერნატიული მსხვილი ფონდი, რომელიც პროგრამის მხარდაჭერას უზრუნველყოფდა, პროგრამა ადმინისტრაციულად შეჩერდა.
თუმცა, დეივისის ცენტრთან კიდევ ერთწლიანი აკადემიური კონტრაქტი და აფილიაცია მაქვს. ვრჩები ცენტრში, ვაგრძელებ საქმიანობას და ასევე გადავდივარ ჰარვარდის ახალ ცენტრში, სადაც ახალ პროექტს ვგეგმავთ.
ახლა ვუპასუხებ თქვენს კითხვას. განათლების სამინისტროს განცხადებიდან ორი საკითხი ახსენეთ: შესრულებული სამუშაოების ანგარიში და პროგრამის განვითარების კონკრეტული ხედვა.
როგორც გითხარით, პროგრამის განხორციელება ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობდა. სამინისტრო იღებდა ყოველთვიურ ანგარიშებს, რადგან ეს მათი მოთხოვნა იყო. 2026 წლის მარტამდე გაგზავნილი ყველა ანგარიშის დოკუმენტი არსებობს. სამინისტრო ასევე იღებდა შუალედურ (ერთწლიან და ნახევარწლიან), როგორც შინაარსობრივ, ისე ფინანსურ ანგარიშებს. 2026 წლის ივნისის ბოლოს მათ საბოლოო ანგარიშიც მიიღეს. ეს არის საკმაოდ კომპლექსური, 45-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს, თუ რა გაკეთდა ამ თანხით თითქმის ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში.
როდესაც ივნისის ბოლოს ფინანსურ ანგარიშში მცირე ნაშთი დაფიქსირდა, სამინისტრომ თავდაპირველად მისი ბიუჯეტში დაბრუნება მოითხოვა. თუმცა, დეივისის ცენტრს ჰქონდა მათთან კომუნიკაცია, რომ ეს თანხა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კვლავ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს მოხმარებოდა. სულ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ თანხმობა, რომ ეს მცირე თანხა ჰარვარდში დაგვეტოვებინა. შესაბამისად, განცხადება, თითქოს მათ ანგარიშები არ მიუღიათ ან დროულად არ მიეწოდებოდათ, სიმართლეს არ შეესაბამება და ამის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტი არსებობს.
რაც შეეხება მეორე საკითხს: განვითარების კონკრეტულ ხედვას. 2025 წელს განათლების სამინისტროს გაეგზავნა წინადადება სახელმწიფო გრანტის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ვითხოვდით იმ თანხის ნახევარზე ცოტა ნაკლებს, რაც 2022 წელს გამოიყო. ეს გათვლილი იყო სამწლიან პერიოდზე, 1 მილიონ დოლარს და წარმოადგენდა სრულად გაწერილ პროექტს თავისი აქტივობებით, ვადებითა და ინდიკატორებით. ამ საპროექტო წინადადებაზე სამინისტროდან უკუკავშირი საერთოდ არ მიგვიღია.
ანუ, თქვენთვის მიზეზი არ დაუსახელებიათ, რატომ ითქვა უარი თანამშრომლობის გაგრძელებაზე?
არა, ამ კონკრეტულ საპროექტო წინადადებაზე, სადაც ფინანსურადაც და შინაარსობრივადაც დეტალურად იყო გაწერილი სამი წლის გეგმა და აქტივობები, პასუხი არ ყოფილა. პროექტი გაცილებით შემჭიდროებული იყო, რადგან გაცილებით ნაკლებ თანხაზე იყო კომუნიკაცია. ამ განაცხადთან დაკავშირებით უკუკავშირი ნამდვილად არ მიგვიღია.
ხომ არ ყოფილა სხვა ტიპის კომუნიკაცია, მაგალითად, უკმაყოფილება, რომელიც უშუალოდ პროგრამას არ უკავშირდებოდა? თუნდაც სტივენ ჯონსის აქტიურობაზე, განცხადებებზე ან თქვენს პოზიციონირებაზე?
მე ნამდვილად არავინ დამკავშირებია კონკრეტული პრეტენზიებით.
ხომ არ გსმენიათ, რომ ჰარვარდთან, დეივისის ცენტრთან ჰქონდათ მსგავსი კომუნიკაცია?
კომუნიკაცია იყო ჰარვარდის ერთ-ერთ ოფისთან, რომელსაც წერილი გაეგზავნა. წერილში იკითხებოდა მითითებები, მათ შორის პროგრამის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით და უნივერსიტეტი ამ დისკუსიაში არ შევიდა, რადგან ამ ტიპის კომუნიკაციით ახალ პროექტზე საუბარი არ იწყება არც წინა პროექტის შეფასება ხდება და როგორც ვახსენე, გაგზავნილი წინადადების შინაარსზე უკუკავშირი არ ყოფილა საუბარი ამ მხრივ რომ გაგრძელებულიყო.
ასევე, სამინისტროს არ მოუცია უკუკავშირი პროგრამის საბოლოო ანგარიშის შესახებ და არ დაუსაბუთებიათ კონკრეტულად რა პრობლემებს ხედავდნენ. თავად პროგრამა კი საკმაოდ დამოუკიდებელი იყო და შეთანხმებულ საქმეს პირნათლად ასრულებდა. რაც ანგარიშშიც ცხადია აისახა.
გაქვთ განცდა, რომ პროფესორების საჯარო პოზიციონირება ან სხვა ფაქტორები გახდა იმის მიზეზი, რომ საბოლოო ჯამში სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი თქვა?
ვფიქრობ, ამ პროექტის გაგრძელების პოლიტიკური ნება არ არსებობს. სამინისტროს მიერ გაჟღერებული ორივე მიზეზი სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, სხვა რა უნდა ვიფიქრო? თუ რეალურად ეს არის პრობლემა, მაშინ გაცილებით დასაბუთებულად უნდა ითქვას, კონკრეტულად რაზეა საუბარი.
პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მოთხოვნაში ის ხომ არ ამოიკითხეთ, რომ კონკრეტული ადამიანები, მაგალითად, სტივენ ჯონსი, პროგრამას საერთოდ უნდა ჩამოსცილებოდნენ?
არა, წერილში კონკრეტული ადამიანის სახელი არ იყო ხსენებული. თუმცა მითითებები პროგრამის პოლიტიკური ნეიტრალურობის შესახებ გასაგებს ხდის რა მოლოდინია ახალი პროექტისგან და მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. როგორც ვახსენე, ეს იყო სრულიად დამოუკიდებელი პროგრამა, როგორც პროფესორ ჯონსის, ისე ჩემი დირექტორობის პირობებში.
ჰარვარდის უნივერსიტეტი მაღალი აკადემიური ხარისხით გამოირჩევა და აკადემიური დამოუკიდებლობა ყველა პროექტის ამოსავალი წერტილია. შესაბამისად, საუბარი რომელიც პროგრამის აკადემიურ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს, არ შედგება.
თქვენ თქვით, რომ 2022 წელს სამწლიანი გრანტი გამოიყო. ჯამში რა დაუჯდა საქართველოს სახელმწიფოს ჰარვარდში სამწლიანი პროგრამის არსებობა?
როგორც გითხარით, 3.5 წელზე იყო დაწერილი, თუმცა საბოლოო ჯამში 4.5 წელი, და თუ ერთ წელსაც დავამატებთ, თითქმის 5.5 წელი იმუშავებს. ჯამში თანხა 2.3 მილიონ დოლარამდე იყო ამ პერიოდზე.
განახლების შემთხვევაში რა თანხას და რამდენ წელზე ითხოვდით?
ჩვენი წინადადება 1 მილიონ დოლარზე და 3 წელზე იყო. ეს დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით.
ეს ის წინადადებაა, რომელზეც უკუკავშირი აღარ მიგიღიათ, ხომ?
დიახ, ეს არის წინადადება, რომელიც შარშან ნოემბერში გაიგზავნა და პასუხი ჯერჯერობით არ მოსულა.
მოგვიყევით, რა ხდება მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობა პროგრამის დაფინანსებას აღარ აპირებს. როგორც ვიცით, იყო ბიზნესმენების და ბანკების დაინტერესებას მცდელობა, თუმცა უშედეგოდ.
ბოლო ერთი წელია, ველაპარაკებით კერძო კომპანიებს, პირებსა და დიასპორის წარმომადგენლებს. ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, გრძელდება. ახლა საქართველოს კვლევებს ჰარვარდში ფაქტობრივად ორ ნაწილად ვყოფთ: დეივისის ცენტრში გრძელდება სემინარები საქართველოზე. გარდა ამისა, 2026-2027 წლებში ჰარვარდში საქართველოზე მომუშავე ხუთი მკვლევარი ჩამოდის თავისი დაფინანსებით. ასევე, ვცდილობთ შევინარჩუნოთ ქართული ენის სწავლება, რომელიც 2022 წლიდან კამპუსზე მიმდინარეობდა. კამპუსზე ძირითადად ჰარვარდის სტუდენტები იყვნენ, თუმცა ბოლო წელს ბრაუნის უნივერსიტეტიდანაც გვყავდა, რადგან კლასები ღიაა კონსორციუმის სტუდენტებისთვის (ჰარვარდი, ბრაუნი, MIT და ტაფტი).
მეორე მხრივ, ჰარვარდის უწყვეტი განათლების სკოლამ ქართული ენა ონლაინ კლასად დაამატა, თუმცა ეს დამოუკიდებელი მიმართულებაა, რადგან კლასის გახსნა კრედიტსა და სტუდენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. შემოდგომაზე კლასი შეჩერდა, რაც პირველად არ ხდება. ახლა ქართული ენის ინსტრუქტორთან, მზია შანავასთან ერთად, ვსაუბრობთ უწყვეტი განათლების სკოლასთან, რათა ონლაინ კლასი შევინარჩუნოთ. შეიძლება შევამციროთ კრედიტები ან სტუდენტების სავალდებულო მინიმუმი. პროცესი მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულზე კურსი ისევ გაიხსნება.

ასევე, უნივერსიტეტმა შარშან შეისყიდა ქართული ბიბლია, რაც უნიკალური წიგნია. ის საკმაოდ სოლიდური თანხა ღირდა და სრულად უნივერსიტეტის ფონდიდან დაიფარა. ბიბლია ახლა ბიბლიოთეკაშია და ბევრმა ქართველმა უკვე ნახა. გრძელდება და კულმინაციამდე მიდის რამდენიმე პროექტიც, მაგალითად, დიასპორის კვლევისა და ზეპირი ისტორიების პირველი არქივის შექმნა. როგორც გითხარით, 45-გვერდიან ანგარიშში სამი მიმართულება იყო დეტალურად გაწერილი.
გარდა ამისა, 1-ლი სექტემბრიდან ჩემი აფილიაცია უნივერსიტეტში იქნება არა მხოლოდ დეივისის ცენტრთან, არამედ ჰარვარდის კენედის სკოლასთანაც, კონკრეტულად ჰარვარდის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან. ეს არის საკმაოდ დიდი ცენტრი, რომელიც ძირითადად განვითარებად ქვეყნებზე მუშაობს მსოფლიო მასშტაბით. მე მათთან სანახევროდ ვიქნები აფილირებული და იქ ახალი ქართული პროექტის აშენებას ვიწყებთ, რათა საქართველოს შესახებ მუშაობა შევინარჩუნოთ. ამაზე მუშაობა უკვე ზაფხულიდან დავიწყეთ.
დიასპორასთან ფართოდ კომუნიკაციის გეგმები გვაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ ქართული ასოციაცია ამერიკაში და მისი პრეზიდენტი სალომე წერეთელი მუდმივად არიან ჩართულდი პროცესში და მათგან მუდმივად გვაქვს მხარდაჭერა. ასევე აქტიურია ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრები”. ამჟამინდელი მოლაპარაკებებით, ახალი იდეის მნიშვნელოვანი მხარდამჭერები არიან.
ამ ზაფხულს საქართველოში ვიყავი, ბევრ ადამიანს შევხვდი და კონკრეტული წინადადებები გავუგზავნე. ავუხსენი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს შესწავლა ასეთი დიდი პლატფორმიდან და რატომ არის წარმოუდგენელი ამ საქმის გაჩერება მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო გრანტი არ გაგრძელდა. ეს მიმდინარე პროცესია. საბოლოო დახურვაზე 2027 წლის ზაფხულში შევძლებთ საუბარს, თუკი მიმდინარე მოლაპარაკებებმა არ იმუშავა.
ამიტომ, ეს მედია ყურადღება, რაც პროექტის მიმართ გაჩნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სათქმელი მივიდეს დიასპორამდე, საზოგადოებამდე და კერძო სექტორამდე. ამ საქმის შენარჩუნებას წარმოუდგენელი რაოდენობის ფინანსები არ სჭირდება. მთავარია ნება და მობილიზება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყურადღება საქმის გაგრძელებაში დაგვეხმარება.
რომ გავამარტივოთ. თქვენ ამბობთ, რომ თუ საქართველოდან: კერძო წრეებიდან ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არ წამოვიდა დაფინანსება – საქმის გაგრძელება შეუძლებელი იქნება?
აქ ჩავამატებდი დიასპორასაც. მათი მობილიზება, მხარდაჭერა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი პროექტების შენარჩუნებას ყოველთვის სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა, იქნება ეს დიასპორა, ფილანტროპები, კომპანიები თუ სახელმწიფო გრანტი. ჰარვარდის უნივერსიტეტში აკადემიური პროგრამების გაკეთების სხვადასხვა გამოცდილება არსებობს (მაგალითად, სომხების და უკრაინელების პროგრამები). ორივე შემთხვევაში ეს ხალხის დაფინანსებით (ე.წ. „ქრაუდფანდინგით“) მოხდა. სომხური პროგრამის შექმნაში ჰარვარდის ბევრი კურსდამთავრებული იყო ჩართული, რომელთა მეშვეობითაც სასტარტო კაპიტალის მობილიზება მოხერხდა.
უნივერსიტეტში კონკრეტულ ქვეყნებზე არსებული პროექტები აუცილებლად გარე ფონდით (დიასპორა, ინდივიდი ან სახელმწიფო) ფინანსდება. სამწუხაროდ, ეს ასეა.
თუმცა, სასტარტო კაპიტალის მობილიზების შემდეგ, უნივერსიტეტს დახმარების ბევრი ფორმა აქვს. მაგალითად, ბიბლია 75 ათასი დოლარი ღირდა და ბიბლიოთეკის ფონდიდან შეიძინეს (დეივისის ცენტრის კონტრიბუცია მხოლოდ 5000 დოლარი იყო). ასევე გვეხმარებიან ქართული ენის კლასის შენარჩუნებაში, კოლექციების შეძენასა და რესურსების შემოტანაში. ანუ უნივერსიტეტი ყოველთვის პოულობს შესაძლებლობას, რომ მსგავს პროექტებს დაეხმაროს.
ბოლოს მინდა გკითხოთ, მასშტაბურად რომ შევხედოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ არსებობდეს ასეთი პროგრამა ჰარვარდში? საქართველო რას იღებს მისი არსებობით?
აქ ორი სახის სარგებელია: ერთი ძალიან მოკლევადიანი და კონკრეტული, მეორე კი გრძელვადიანი, მაგრამ ასევე კონკრეტული.
მოკლევადიანი სარგებელი ის არის, რომ ამ ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოდან ჰარვარდში 25 ქართველი მკვლევარი ჩამოვიდა – მინიმუმ ერთი თვით, მაქსიმუმ კი ერთი წლით. რამდენიმე მათგანი მთელი აკადემიური წლის განმავლობაში დარჩა. მსგავსი პროგრამები ქმნის კონკრეტულ შესაძლებლობებს კონკრეტული ადამიანებისთვის საქართველოდან.
შემდეგ ისინი უკან ბრუნდებიან და გამოცდილებას საქართველოს ახმარენ?
რა თქმა უნდა. ეს აბსოლუტურად ყველა მოკლევადიანი ვიზიტია. მინდა გითხრათ, რომ 25 ადამიანიდან დაახლოებით 7 უშუალოდ პროგრამამ დააფინანსა, დანარჩენ შემთხვევებში კი ვიღებდით მკვლევრებს, რომლებსაც დამოუკიდებელი დაფინანსება ჰქონდათ. მაგალითად, 2023 წელს ჰარვარდში პირველად მეც ამერიკული ფონდის დაფინანსებით აღმოვჩნდი და ეს სწორედ იმიტომ მოხდა, რომ იქ საქართველოს პროგრამა არსებობდა.
რაც შეეხება ამერიკულ კონტექსტს: მცირე სტატისტიკას მოვიყვან. როგორც ვიცი, ამერიკულ უნივერსიტეტებში სომხური კვლევების 12-დან 15-მდე პროგრამა არსებობს. აქვთ კონკრეტული ცენტრები და პროგრამები. დაახლოებით 6 ინსტიტუტი მუშაობს უკრაინის თემაზე. უშუალოდ ჰარვარდში ფუნქციონირებს საკმაოდ დიდი, ჰარვარდის უკრაინის კვლევების ინსტიტუტი, რომელსაც საკუთარი შენობაც აქვს და უკრაინულ თემატიკაზე რამდენიმე პროფესორი ჰყავს, მათ შორის – უკრაინული ლიტერატურის, ისტორიისა და ენის პროფესორები. ეს მხოლოდ სხვა მაგალითების მასშტაბის საჩვენებლად.
საქართველოს ჰქონდა მხოლოდ ეს ერთადერთი პროგრამა, რომელიც ცნობიერების ამაღლებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. გვყოლია სტუდენტები, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ, სად მდებარეობდა საქართველო, თუმცა შემდეგ ჩამოვიდნენ, იცხოვრეს და იმუშავეს კიდეც აქ რამდენიმე თვის განმავლობაში. ცნობიერების გაზრდა, საქართველოს კვლევის წახალისება და ქვეყნის გაცნობა როგორც აკადემიური, ისე სხვა მიმართულებებით, უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენნაირ პატარა ქვეყანას ასეთი ტიპის პოპულარიზაცია აუცილებლად სჭირდება.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. ამ უნივერსიტეტმა 8 ამერიკის პრეზიდენტი გამოზარდა. სტატისტიკას თუ გავიხსენებთ, აქედან მოდის 73 ნობელის პრემიის ლაურეატი და 65 დღეს ცოცხალი მილიარდერი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი და პლატფორმა, სადაც ნებისმიერი ადამიანი, ვინც საქართველოსთან გადაიკვეთება, იქნება ეს სტუდენტი, პროფესორი თუ მოწვეული მკვლევარი, ჩამოდის არა მხოლოდ ამერიკიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. შესაბამისად, ინფორმაცია უამრავი მიმართულებით ვრცელდება. შეიძლება ძალიან გაგიკვირდეთ, მაგრამ სრულიად განსხვავებულ ქვეყნებსა და რეგიონებში შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელმაც საქართველო იცის მხოლოდ იმიტომ, რომ 2023, 2024 ან 2025 წელს მონაწილეობდა პროექტში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეხებოდა.
ამ პროგრამამ მოახერხა ორი საგანმანათლებლო ტურის, სასწავლო მოგზაურობის განხორციელება საქართველოში. პროექტის ფარგლებში, იანვარში ჰარვარდის კოლეჯის სტუდენტები ორი კვირით ჩამოგვყავს ქვეყნის გასაცნობად. პირველი ტური პროფესორ ჯონსის, ხოლო მეორე ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარდა. რამდენიმე სტუდენტმა ამის შესახებ სტატიაც დაწერა. ისინი ამ მოგზაურობას იხსენებენ, როგორც ჰარვარდში ყოფნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდილებას. მათ გაიცნეს ჩვენი ქვეყანა, არადა, მანამდე საერთოდ არ ჰქონდათ წარმოდგენა საქართველოზე. ამ სტუდენტებიდან რამდენიმე მუდმივად ბრუნდება ჩვენთან სტაჟირებით ან კვლევითი გრანტით. იყვნენ ისეთებიც, ვინც „ფულბრაიტის“ პროგრამაზე გააკეთა განაცხადი, რადგან სურდათ ერთი წლით დაბრუნება, რათა უფრო ღრმად ეკვლიათ ჩვენი ქვეყანა და აქ ემუშავათ.
ამიტომ ეს სარგებელი ორმხრივია: იღებენ ქართველებიც და იღებს საქართველოც პოპულარიზაციისა და სიღრმისეული კვლევის კუთხით. ამერიკაშიც და სხვაგანაც სულ იმას ვამბობთ: „Georgia, the country“ (საქართველო – ქვეყანა). მნიშვნელოვანია, გამოვიდეთ პოსტსაბჭოთა ქვეყნის ნაცრისფერი ქოლგიდან და მსოფლიოს ჩვენი ისტორია, კულტურა და გამოცდილება დამოუკიდებლად გავუზიაროთ. სწორედ ამიტომ უნდა არსებობდეს უშუალოდ საქართველოს პროგრამა. ამას ძალიან კონკრეტული სარგებელი მოაქვს და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ამას ხედავს. მე თუ მკითხავთ, ასეთი პროგრამა, თუნდაც მცირე მასშტაბით, არაერთ სხვა უნივერსიტეტშიც უნდა იყოს. აკადემიურ სივრცეში, თუ სტუდენტს მოტივაცია არ გაუჩნდა, ძალიან რთულია, ქვეყნის კვლევით დაინტერესდეს.
