ახალი ამბები

დარგობრივმა კომიტეტმა კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის განხილვა გადადო

13 ივლისი, 2020 • 722
დარგობრივმა კომიტეტმა კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის განხილვა გადადო

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები არ განუხილავთ. კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, კოლეგებს მიმართა და თქვა, რომ კომუნიკაციების კომისიასა და კომპანიებს შორის მიმდინარე კონსულტაციების ფონზე, უმჯობესი იქნება, საკითხის განხილვა ხვალისთვის, 14 ივლისისთვის გადაიდოს.

“მოგეხსენებათ, იყო შაბათს მარეგულირებელსა და კომპანიებს შორის ინტენსიური კონსულტაციები. მე ვფიქრობ, რომ ამ კონსულტაციების გაგრძელება ისევ საჭიროა დღესაც. გარკვეული შესაძლებლობები არის, რომ დღესაც დაახლოვდეს პოზიციები და ამიტომ გთავაზობთ, კომიტეტის გადაწყვეტილება სჭირდება ამას, რომ დღეს ეს საკითხი არ განვიხილოთ და შესაძლებელია, ჩავსვათ უკვე ხვალინდელ კომიტეტში იქიდან გამომდინარე, დღევანდელი კონსულტაციების შედეგი რაც იქნება. აქედან გამომდინარე, ჩემი შემოთავაზებაა, დღეს არ განვიხილოთ ეს საკითხი”, – აღნიშნა მან.

“ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ კაკულიას ჰკითხა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც განიხილავენ თუ არა კანონპროექტს დაჩქარებული წესით, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ითხოვს.

“ყოველ შემთხვევში, გადაწყვეტილება გაწვევასთან დაკავშირებით მიღებული არ არის. ამ ეტაპზე ვხედავ აუცილებლობას კონსულტაციების გაგრძელებისა, იმისათვის, რომ პოზიციების დაახლოება კიდევ უფრო მეტად მოხდეს. თუ ეს შესაძლებელი არ იქნება, გადაწყვეტილებას მოგახსენებთ ხვალინდელ კომიტეტზე”, – უპასუხა კაკულიამ კაპანაძეს.

მანამდე, 10 ივლისს, კომიტეტზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს მოუსმინეს, რომელმაც ცვლილებების საჭიროება კანონმდებლობის გაჯანსაღებისა და ბაზრის დაცვის აუცილებლობით ახსნა. აღნიშნულს არ დაეთანხმნენ სხდომაზე მყოფი ტელეკომპანიებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც კანონპროექტს საფრთხედ აღიქვამენ გამოხატვის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების მიმართ.

მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი