ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება

13 ივლისი, 2020 • 3590
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება.

ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები რეგულარულად ადანაშაულებენ ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში.

თუმცა ამჯერად დაპირისპირებას ადგილი აქვს ყარაბაღიდან შორს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში, რაც იშვიათობაა.

სომხეთი და აზერბაიჯანი ამჯერადაც ერთმანეთს ადანაშაულებენ ერთმანეთის მისამართით ცეცხლის გახსნასა და „პროვოკაციებში“.

რა ხდებოდა დღისით?

თავდაპირველად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტავუშის [აზერბაიჯანულად თოუზის] მიმართულებით პროვოკაცია მოაწყვეს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უხეშად დაარღვიეს.

„საარტილერიო დანადგარებიდან ისროლეს ჩვენი პოზიციების მიმართულებით. ორივე მხარეს დანაკარგია. სროლა ამჟამადაც მიმდინარეობს“, – აცხადებდა აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება.

აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთის მხრიდან სროლის შედეგად დაიღუპა ორი აზერბაიჯანელი სამხედრო, ხუთი კი დაიჭრა.

ერევანმა, თავის მხრივ, ბაქო დაადანაშაულა [სომხეთის] „პოზიციების დაკავების მიზნით დაწყებულ საარტილერიო თავდასხმაში“. სომხეთს სამხედრო პერსონალის დაღუპვის შესახებ ცნობა არ დაუდასტურებია.

„დღეს, დაახლოებით, 2:30 საათზე აზერბაიჯანის თავდაცვის დანაყოფის სამხედროებმა, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, УАЗ-ის ტიპის ავტომობილით, თავუშის მიმართულებით სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა სცადეს. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, დატოვეს ავტომობილი და საკუთარ პოზიციებს დაუბრუნდნენ“, – დაწერა ფეისბუკზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა, შუშან სტეპანიანმა.

სტეპანიანის თანახმად, „13:45 საათზე აზერბაიჯანის სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, რითაც ცდილობდნენ [სომხეთის] პუნქტის ხელში ჩაგდებას, თუმცა, სომხურმა მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა. სომხურ მხარეს მსხვერპლი არ არის“…

რა ხდება ახლა?

12 ივლისის საღამოს, 23:25 საათზე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა „დაიწყო ტავუშის [თოუზის] იმავე პოზიციების დაბომბვა 82მმ-იანი ნაღმტყორცნების გამოყენებითა და ტანკებით“.

უკვე 13 ივლისს, დაახლოებით 00:00 საათზე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თოუზის [ტავუშის] მიმართულებით მდგომარეობა კვლავ დაიძაბა და კვლავ სომხეთი დაადანაშაულა:

„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის გახსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით. აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ საპასუხო ზომებს ატარებს“, – განუცხადეს სამთავრობო გამოცემა Apa-ს სამინისტროში.

დაახლოებით 01:00 საათისთვის აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოუზის [ტავუშის] სოფელ აღდამის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი“ და აზერბაიჯანელი „ჯარისკაცები ძლიერ ზომებს იღებენ მტრის პროვოკაციის საპასუხოდ“.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა პასუხად განაცხადა, რომ „სომხეთის შეიარაღებულ ძალებს არ გაუხსნიათ ცეცხლი აზერბაიჯანული დასახლებებისკენ. მიზანში ამოღებულია მხოლოდ სამხედრო და ტექნიკური ინფრასტრუქტურა“…

დამატებითი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მხარეების მხრიდან ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გამოხმაურებები

დაპირისპირებას გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მომხდარში სომხეთს დააკისრა პასუხისმგებლობა. „ძლიერ ვგმობთ სომხეთის შეიარაღებულ თავდასხმას აზერბაიჯანის საზღვარზე“, – განაცხადა თურქეთმა, რომელიც აზერბაიჯანის მოკავშირეა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა: „ძლიერ ვგმობთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ტავუშის [თოუზის] რეგიონის მიმართულებით, რაც 12 ივლისს, ნაშუადღევს დაიწყო და რასაც მოჰყვა მცდელობა სომხეთის პოზიციების არტილერიის მეშვეობით დაუფლებისა“.

სომხეთის საგარეო უწყების სპიკერის განცხადებით, პრემიერი ფაშიანიანისა და თავდაცვის მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრი „განუწყვეტელ კონტაქტშია“ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან.

 


რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლით დაიმუქრა.

„დღეს ფაქტიურად არ არსებობს მოლაპარაკებები კონფლიქტის დარეგულირების შესახებ, არც აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრების ვიდეოკონფერენციებს მოაქვს რაიმე შედეგი. ეს მხოლოდ ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის საქმიანობის იმიტაციაა. თუ მოლაპარაკებები საგნობრივი არ იქნება, ჩვენ მასში მონაწილეობას აღარ მივიღებთ“,- განაცხადა მან.

ალიევმა ასევე უარყო შეხედულება, რომლის თანახმადაც „კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, — ამ პოზიციას ხშირად ახმოვანებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.


აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი