ახალი ამბები

მგონია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ძირითად პრინციპებს და რეფორმის სულისკვეთებას – ცქიტიშვილი NGO-ებს პასუხობს

3 ივლისი, 2020 • 1171
მგონია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ძირითად პრინციპებს და რეფორმის სულისკვეთებას – ცქიტიშვილი NGO-ებს პასუხობს

შრომით კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, არ იზიარებს განცხადების პათოსს, რომელშიც ბიზნესის წარმომადგენელთა კამპანიის შედეგად პროექტიდან მნიშვნელოვანი ცვლილებების ამოღებაზეა საუბარი და აღნიშნავს, რომ დოკუმენტში ყველა ცვლილება ისევ დასაქმებულთა ინტერესების სასარგებლოდ განხორციელდა.

განცხადების უმთავრესი გზავნილის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც შრომის რეფორმა საფრთხეშია, ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ტექნიკურად, საფრთხე ემუქრება ნებისმიერ კანონს, რომელიც ბოლომდე მიღებული არ არის.

“საფრთხის ქვეშაა ყველა კანონი, რომელიც არ არის ბოლომდე მიღებული და ჩანს მწვავე პოზიციები და განსხვავებები. მე მაინც მგონია, მიუხედავად იმისა, რომ არის საკმაოდ აქტიური მუშაობა ბიზნესასოციაციის მხრიდან, მაინც მგონია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც ამ კანონშია გათვალისწინებული და სულისკვეთებას, რომელიც ამ კანონს გააჩნია: ეს არის შრომითი უფლებების კუთხით მდგომარეობის ცალსახად გაუმჯობესება”, – ამბობს ის და ამატებს:

“[განცხადების] ფორმულირება ცოტათი არ მომწონს. ფარული ზეწოლა და კონსპირაცია არ ყოფილა. პირდაპირ ვთქვი ყველაფერი იმ ცვლილებებზე, რომლებიც დავსახე სულ პირველ ვერსიასთან მიმართებით. რატომ იწვევს ეს მათში [განცხადების ავტორებში] რაღაც ბუნდოვანებას, ვერ გეტყვით”.

დიმიტრი ცქიტიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, რა სახის ცვლილებები განხორციელდა კანონპროექტში და რამ განაპირობა გარკვეული კომპრომისი. მაგალითად, ზეგანაკვეთური მუშაობის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ პუნქტის კანონპროექტიდან ამოღებას დეპუტატი ისევ დასაქმებულთა ინტერესებით ხსნის.

“ზეგანაკვეთურის ზედა ზღვრის დაწესებას იმხელა წინააღმდეგობა ჰქონდა დასაქმებულების მხრიდან, ამის დღეს მიღება იქნება ძალიან მძიმე დარტყმა მათთვის, პირველ რიგში. მათი ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ გადაწყვეტილებაა, რომ ზედა ზღვრის შეზღუდვა არ იყოს. ძალიან მარტივად გეტყვით: დღეს ადამიანები თუნდაც თავისი ნებით მუშაობენ 48 საათზე მეტს, თუმცა ასე ისინი აგროვებენ ხელფასის იმ რაოდენობას, რომელიც მეტნაკლებად მათ სჭირდებათ ან შეუძლიათ, რომ მიიღონ. [ასევე] ძალიან ხშირია შანტაჟი დამსაქმებლის მხრიდან, რომ თუ არ იმუშავებ იმაზე მეტს, რამდენიც ნორმაა, გაგათავისუფლებ სამსახურიდან. ასეთი რამეები რომ არ მოხდეს, დაზღვევის დამატებითი მექანიზმები გავაჩინეთ”, – აღნიშნავს ის.

დღის წესრიგში აღარ დგას მინიმალური ხელფასის შესახებ ჩანაწერიც, რომელიც კანონპროექტის ინიცირებულ ვერსიაში არსებობდა. რატომ? ცქიტიშვილის თქმით, მისი ამოღება მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, თუმცა ეს ვითარებას მნიშვნელოვნად არ ცვლის.

“მთავრობაშიც არაერთგვაროვანი პოზიციებია: ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან მოწოდებულია, რომ მინიმალური ხელფასი დადგინდეს, ეკონომიკის სამინისტრო კი ხედავს საფრთხეს. თუ გვინდა კანონის გატანა, რაღაც კომპრომისებზე უნდა წავიდეთ. ჩანაწერი, რომელიც ინიცირებულ ვერსიაში იყო მინიმალურ ხელფასზე, პრინციპულად არ ცვლის მდგომარეობას. იქ ეწერა, რომ 2022 წლამდე შეიქმნას მინიმალური ხელფასის შესახებ სპეციალური კანონი, რაც ამ ჩანაწერის გარეშეც შეიძლება მოხდეს, თუ ამის ნება იქნება. ამ ეტაპზე, მთავრობის ერთიანი პოზიცია იყო, რომ ამის მზაობა არ არის”, – აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი ხაზს უსვამს, რომ თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით, ამჟამინდელ ვერსიაში შეტანილია ცვლილებები და არის გარკვეული კომპრომისებიც, თუმცა კანონპროექტში არ მოიძებნება არცერთი პუნქტი, რომელიც შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებას გააუარესებს:

“გული მწყდება, რომ არასამთავრობოები თუ ბიზნესასოციაცია ამას [კანონპროექტის განხილვებს] უსმენენ, თუმცა ერთსაც და მეორესაც აქვთ თავისებური ინტერპრეტაციები და უსამართლო დამოკიდებულება ამ კანონისა და იმ გრძელვადიანი პროცესის მიმართ, რომელიც ამ კანონთან დაკავშირებით წარიმართა. ასეთი განხილვები, ასეთი ჩართულობით, ამდენი მონაწილით და ხანგრძლივობით, მე არ მახსენდება…”

“ნეტგაზეთმა” ცქიტიშვილს ასევე ჰკითხა ჩანაწერებზე, რომლებიც, არასამთავრობოების აზრით, აუარესებს მშრომელთა მდგომარეობას. მათი აზრით, ეს პუნქტები უსაფუძვლო გათავისუფლების შემთხვევაში განაცდურის ანაზღაურების წესსა და სამსახურში აღდგენის უფლებებს ზღუდავს.

“ამაზე დაისვა კითხვები და ეს არის უფრო მეორე მოსმენის ტექნიკური ნაწილები. იყო მცდელობა იმის, რომ [გარკვეული პუნქტები] სასამართლო პრაქტიკის კუთხით გასწორებულიყო, რადგან რაღაც ხარვეზები მოგვეჩვენა. არ ვიცი, რამდენად საჭიროა ახლა ამის ასე წამოწევა ისეთი ფორმით, თითქოს რაღაც უარესდება.

[ვითარება] უარესდება კი არა, ყველა მიმართულებით ცალსახად გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. კანონის მიღება იქნება ფუნდამენტური რეფორმა შრომის უფლებების დაცვის კუთხით. ისეთი, როგორიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. არცერთი პუნქტი, რომელიც არსებულ ვითარებას გააუარესებს, არ არის ჩადებული კანონპროექტში”, – აცხადებს ცქიტიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილის თანახმად, კანონპროექტის განხილვის პროცესი დასაჩქარებელი, თუმცა მოსწრებადია. მისი თქმით, პროექტი 5 კომიტეტზე განიხილეს, მეექვსეზე კი კენჭისყრა ვერ მოესწრო და შემდეგ კვირას გაიმართება, იმის მომდევნო კვირას კი პლენარულ სხდომაზე, პირველ მოსმენით უყრიან კენჭს.

“იქნება რამდენიმე რიგგარეშე სესია, რომელზეც ამ კანონის გატანაც შესაძლებელი იქნება”, – აცხადებს ის.

დეპუტატი “ნეტგაზეთს” ასევე ეუბნება, რომ ბიზნესის წარმომადგენლები კანონმდებლებს კანონპროექტის უსარგებლობაში არწმუნებენ. კითხვაზე, ელის თუ არა, საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენლები ვინმეს გავლენის ქვეშ მოექცევიან, ცქიტიშვილი პასუხობს, რომ ეს კენჭისყრაზე გამოჩნდება.

შრომის რეფორმა საფრთხეშია – არასამთავრობოები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი