ახალი ამბები

ბრალდებულის ადვოკატი: გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ მიაყენა შაქარაშვილს დაზიანებები

10 ივლისი, 2020 • 838
ბრალდებულის ადვოკატი: გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ მიაყენა შაქარაშვილს დაზიანებები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური პროკურატურის მიერ ექსპერტიზის გასაჯაროების შემდეგ აცხადებს, რომ ახლა პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ვინ და რა საგნით მიაყენა შაქარაშვილს დაზიანებები, რომელზეც დასკვნაშია საუბარი.

გელხაური იმ მოქალაქეს იცავს, რომელიც მეორე ტოიტა ქემრში, ანუ არაგვის ხიდთან, ინციდენტის ადგილას მეორედ მისულ ავტომობილში იმყოფებოდა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ელოდება თუ არა ბრალდებულებისთვის ბრალის დამძიმებას, რამდენადაც საქმეს დამატებითი კვალიფიკაცია დაემატა ჯგუფურად განზრახ მკვლელობაზე, გელხაური აცხადებს, რომ ეს კითხვაც პროკურატურას ეხება:

“ეს რომ დადგინდა, რომ ნამდვილად აქვს დაზიანებები მიყენებული, გასაგებია. თუმცა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვის მიერ იქნა მიყენებული. გამოძიებას უნდა ვკითხოთ, ვინ მიაყენა ის დაზიანებები, ან რითი მიადგა ის დაზიანებები. იქ “ქამრის” მერე, სხვა მანქანებიც იყო”, – ამბობს გელხაური.

საქართველოს მთავარი პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზად წყალში დახრჩობით გამოწვეულ ასფიქსიას ასახელებს. უწყება აღნიშნულ განცხადებას ავრცელებს საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდობით.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხედარს აღენიშნება სიკვდილისწინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა. თუმცა ამავე განცხადებაში არ არის მოცემული ინფორმაცია, ამ მუხლით წაუყენეს თუ არა ვინმეს ბრალი. პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს კონკრეტული ბრალდებულები ამ მიმართლებით. უწყებაში განმარტავენ, რომ ექსპერტიზის შედეგები, რომლითაც დადასტურდა, რომ შაქარაშვილს სიცოცხლეში აქვს მიყენებული დაზიანებები, საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ საქმეს ახალი მუხლი დაემატოს, დანარჩენი დეტალების გამოსარკვევად გამოძიება გრძელდება.

ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა – აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

საქმის სირთულის და სენსიტიურობის გათვალისწინებით, პროკურატურა სთხოვს ყველას, “თავი შეიკავონ გადაუმოუწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად და, შესაბამისად, პროკურატურას სამართლებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე.”

პროკურატურა: შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია, წყალში დახრჩობით

მასალების გადაბეჭდვის წესი