ნეტგაზეთი | Wizz Air-მა 1 ივლისს უკრაინაში მეორე ბაზა გახსნა Wizz Air-მა 1 ივლისს უკრაინაში მეორე ბაზა გახსნა – Netgazeti

Wizz Air-მა 1 ივლისს უკრაინაში მეორე ბაზა გახსნა

უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა უკრაინის ქალაქ ლვოვში ახალი ბაზა გახსნა. აქ ბაზირებული თვითმფრინავი ლვოვიდან და ხარკოვიდან შეასრულებს რეისებს ევროპის სხვადასხვა მიმართულებით.

კერძოდ, ლვოვიდან დაიგეგმა ხუთი ახალი რეისი ტალინის (ესტონეთი), ლისაბონის (პორტუგალია), ჰამბურგის (გერმანია), ბილუნდის (დანია) და შჩეჩინის (პოლონეთი) მიმართულებით. ორი რეისი შესრულდება ხარკოვიდან ბერლინისა და ტალინის მიმართულებით. ბილეთის ფასი 14.99 ევროდან დაიწყება.

უკრაინაში Wizz Air-მა პირველი ბაზა კიევში, ჟულიანის აეროპორტში რამდენიმე წლის წინ გახსნა. ავიაკომპანია 2020 წლის ბოლომდე ლვოვში ბაზირებული თვითმფრინავის რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

Wizz Air თავისი პირველი ბაზის დაფუძნებას სექტემბრიდან გეგმავს რუსეთში, სანკტ-პეტერპურგის პულკოვოს აეროპორტში, საიდანაც, ჯამში, 11 მიმართულებით იფრენს.

30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უნგრულმა ავიაკომპანიამ ქუთაისში არსებული ბაზის ოპერაციები დროებით შეაჩერა. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ბაზა არ დაუხურავთ, თუმცა ქუთაისში ბაზირებული თვითმფრინავები უკვე რამდენიმე თვეა სხვა ქვეყანაშია გადაყვანილი. ამის მიზეზი გახდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები. აღნიშნული შეზღუდვების გაუქმება პირველი ივლისისთვის დაანონსდა, თუმცა მოგვიანებით შეზღუდვების მოხსნაზე ხელისუფლებამ უარი განაცხადა. შესაბამისად, უცნობია, როდის შეძლებენ ავიაკომპანიები ავიარეისების განახლებას.

სანამ კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, Wizz Air ქუთაისის ბაზიდან ევროპის 27 მიმართულებით დაფრინავდა. 2020 წლის ბოლომდე იგეგმებოდა ქუთაისში ბაზირებულ 3 თვითმფრინავზე კიდევ 2 თვითმფრინავის დამატება და რეისების დანიშვნა 12 ახალი მიმართულებით.

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის Wizz Air-ის ბაზის არსებობა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.