ახალი ამბები

უფრო ამბიციური რეფორმები იქნებოდა სასურველი — ჰარცელი საარჩევნო ცვლილებებზე

3 ივლისი, 2020 • 911
უფრო ამბიციური რეფორმები იქნებოდა სასურველი — ჰარცელი საარჩევნო ცვლილებებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.

ჰარცელის თქმით, წუხს, რომ ხელიდან იქნა გაშვებული ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა.

„მივესალმები ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ სასიკეთო ცვლილებებს კანონმდებლობაში, მათ შორის საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა მიერ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებების რეგულირებას, მეორე ტურებისთვის მკაფიოდ განსაზღვრულ რეგულაციებს, ქალთა წარმომადგენლობის მხარდაჭერას, საარჩევნო კომისიების წევრებთან მიმართებაში ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვასთან დაკავშირებული წესების დახვეწასა და პარტიების დაფინანსების რეგრესული მოდელის დანერგვას.

სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება; ვწუხვარ, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული“, — ამბობს ელჩი.

ამასთან ერთად, ჰარცელის განცხადებით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად გადამწყვეტი მომენტი იქნება:

„მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იქნება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების – დაიცვას დემოკრატიული პროცესები და კანონის უზენაესობა – შესრულების შესაფასებლად. ველი, რომ პროცესი ახალი წესების დაცვით ჩატარდება და არჩევნებისთვის შემდგომი მზადება განხორციელდება. ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს საქართველოსთვის დახმარების გაწევა მისი მიზნის მიღწევაში, რაც შემოდგომაზე არჩევნების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას გულისხმობს“, — ვკითხულობთ ჰარცელის განცხადებაში.


2020 წლის 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში.

ცვლილებებს მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა მხოლოდ ერთი.

საუბარია კანონპროექტთა პაკეტზე, რომელიც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ უნდა მიიღოს. ახალი კონსტიტუციური ნორმები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით უნდა ჩატარდეს, საარჩევნო კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიღების გაცხადებული მიზანიც კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია და დახვეწაა.

კანონები, სადაც ცვლილებები შედის, არის:

  • საარჩევნო კოდექსი;
  • კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • სისხლის სამართლის კოდექსი;
  • მაუწყებლობის შესახებ კანონი;

ამავე თემაზე

რა წესებით [არ] ჩატარდება 2020 წლის არჩევნები – ცვლილებების განხილვა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი