ახალი ამბები

დეგნანსა და ჰარცელზე თავდასხმები უნდა შეწყდეს — რიში

28 ივლისი, 2022 •
დეგნანსა და ჰარცელზე თავდასხმები უნდა შეწყდეს — რიში

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის სიტყვებით, უნდა შეწყდეს საქართველოში აშშ-ის ელჩსა და ევროკავშირის ყოფილ ელჩზე თავდასხმები. აღნიშნულის შესახებ იგი “ამერიკის ხმას” ესაუბრა.

“იმედგამაცრუელებლია იმის მოსმენა, რომ პოლიტიკურად დატვირთული ასეთი რიტორიკა ქართულ მედიაში ამდენ დროს იკავებს.

ელჩმა დეგნანმა და ჩვენმა გუნდმა აშშ-ის საელჩოში არაერთხელ გამოხატეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ, რომ მათი მომავალი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და ევროკავშირში იყოს.

ეს თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს”, — დასძინა რიშმა.

ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კვალდაკვალ, პარტიის საპარლამენტო ლიდერებმა აქტიურად დაიწყეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კრიტიკა.

ამასთან, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრისა და ამ კონფლიქტში საქართველოს მთავრობის ლიდერების ორაზროვანი განცხადებების გამო დასავლეთიდან მათი კრიტიკის ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, – მათ შორის, ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა, – დაიწყეს კონსპირაციული თეორიის გავრცელება, თითქოს გარკვეულ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, „საქართველოს ომში ჩართვა“ სურთ.

მეორე მხრივ, “საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის” მიწოდების საბაბით მმართველი პარტიიდან ოფიციალურად გასულმა სამმა დეპუტატმა უფრო თამამად დაიწყო საუბარი და განვითარება კონსპირაციისა, რომლის თანახმადაც დასავლეთის ქვეყნებს სურთ, საქართველო ომში ჩაებას.

კრიტიკა ასევე გაძლიერდა ევროკავშირის აწ უკვე ყოფილი ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართ. მას შემდეგ, რაც ელჩობის ვადა ამოეწურა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში.

ამავე თემაზე:

„შესაძლოა, ვიხილოთ საგარეო ორიენტირების შეცვლა“ – „ოცნება“ აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი