ახალი ამბები

რა წესებით [არ] ჩატარდება 2020 წლის არჩევნები – ცვლილებების განხილვა

1 ივლისი, 2020 • 1984
რა წესებით [არ] ჩატარდება 2020 წლის არჩევნები – ცვლილებების განხილვა

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რის შედეგადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული (120/30) წესით უნდა ჩატარდეს — საქართველოს პარლამენტმა ახლა უკვე საარჩევნო კოდექსსა და სხვა კანონებში უნდა ასახოს ცვლილებები.

საერთაშორისო პარტნიორები, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, ამ პროცესში ეუთოს/ოდირის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რათა არჩევნები სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს. როგორ მოიქცევა პარლამენტი და რა ცვლილებებს შეიტანს კანონმდებლობაში?

რა ხდება?

2020 წლისთვის სრულად პროპორციული სისტემის ჩაგდებისა და პირობის შეუსრულებლობის შემდეგ, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების ჩართულობით გამართული მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისს მესამე მოსმენით — უკვე საბოლოოდ — საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. 

ამ ცვლილებების შდეგად საქართველო 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებს პროპორციულთან მიახლოებული წესით ჩაატარებს: 120 დეპუტატი პროპორციული სიით აირჩევა, 30 მაჟორიტარ დეპუტატს კი ამ 30 ოლქში დარეგისტრირებული ამომრჩეველი პირდაპირ აირჩევს.

ახალი კონსტიტუციური ნორმები საარჩევნო კანონმდებლობამაც უნდა აირეკლოს. ახლა პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიღების გაცხადებული მიზანიც კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია და დახვეწაა.

30 ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო შეთავაზებული პაკეტი. შემდეგი პროცედურები, როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა განმარტა, ასეთია:

  • პირველ ივლისს პარლამენტი პაკეტს პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს; 
  • იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენა ან იმავე, ან მეორე დღეს გაიმართება;
  • ამის შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების პაკეტს მეორე მოსმენით უყრის კენჭს, სავარაუდოდ, 2 ივლისს.

პაკეტის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტია, ინიციატორები კი „ქართული ოცნების“ პარლამენტარები არიან: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი.

ის კანონები, სადაც ცვლილებები შედის, არის:

  1. საარჩევნო კოდექსი;
  2. კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ;
  3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  4. სისხლის სამართლის კოდექსი;
  5. მაუწყებლობის შესახებ კანონი;

ცვლილებათა პაკეტი იურიდიულ კომიტეტზე ინიციატორმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.  დამსწრეთა ნაწილმა — ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა — შენიშვნები გამოთქვეს, რადგან, მათი ხედვით, ეუთოს რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი არ სრულდება, რასაც მმართველი გუნდი უარყოფს.

არასამთავრობოების მიერ პაკეტის ნაწილის დადებითად შეფასების მიუხედავად, წინასაარჩევნოდ კითხვის ნიშნები კვლავ რჩება ძირითად საკითხებთან — ამომრჩევლის მოსყიდვის, ნების კონტროლის, გენდერული კვოტირებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული ნიშნის არჩევასთან — დაკავშირებით.

რა იცვლება?

ის ცვლილებები, რასაც კომიტეტზე ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდა ან კრიტიკის გარეშე დარჩა, შემდეგია:

  • ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე თანხითაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება;
    • ეს ქმედება ჯარიმით დაისჯება [თუმცა კომიტეტზე გამოითქვა უკმაყოფილება, რომ ამომრჩევნლის მოსყიდვის თავიდან არიდებისთვის ეს ნაბიჯი არასაკმარისია];
  • თუ პარტიას 50 ათასი ადამიანი დაუჭერს მხარს, მაშინ პარტია ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით თითო ხმისთვის 15 ლარს მიიღებს; 
    • კობახიძის განმარტებითვე, ეს ნიშნავს, რომ თუ პარტია აიღებს, მაგალითად, დაახლოებით 50 ათას ხმას, ის საბიუჯეტო დაფინანსების სახით მიიღებს 750 ათას ლარს;
    • ყოველი შემდეგი ხმისთვის პარტია მიიღებს 5 ლარს;
  • საუბნო საარჩევნო კომისიებში არაპარტიული ნიშნით წევრები აირჩევიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრების უმრავლესობის მხარდაჭერით;

მაუწყებლების საკითხები

  • ცვლილებები არ ითვალისწინებს ნეგატიური, ანუ ანტირეკლამის აკრძალვას;
  • 2020 წლის არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის კუთხით არაფერი იცვლება და უფასო საეთერო დროს 19 კვალიფიციური პარტია მიიღებს, თუმცა 2024 წლისთვის შემდეგი ცვლილებაა: 
    • უფასო საეთერო დროს მიიღებენ ის სუბიექტები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადალახავენ კონსტიტუციით დადგენილ ბარიერს (პარტიებისთვის 1%, ბლოკებისთვის კი იმდენ პროცენტს, რამდენი პარტიაც არის ბლოკში); 2024-ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი უკვე 3%-იანი ბარიერი ამოქმედდება;
  • მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი დროის დათმობა შესაბამისი სუბიექტისათვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად; შესაბამისად, მაუწყებელი რეკლამის ღირებულების ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება;
  • 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის 30-ე დღიდან არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის დახარჯული თანხის არანაკლებ 10%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად, სულ ცოტა, 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები;
  • ამასთან, 2020 წლის არჩევნების მეორე ტურში, უფასო საეთერო დრო შესაბამისი პროპორციით გადანაწილდება მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტზე, მიუხედავად იმისა, პირველი ტურში სარგებლობდა თუ არა კონკრეტული სუბიექტი კვალიფიციური სუბიექტის სტატუსით (მათ შორის, დამოუკიდებელი კანდიდატებიც).

სხვა ცვლილებები

  • კობახიძის თანახმად, კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლების განთავსებას;
  • კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში;
  • კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელი იქნება სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც დაექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას;

ამომრჩევლის მოსყიდვა – რა იცვლება?

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარმა, რომან გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა ამომრჩევლის მოსყიდვის პრობლემაზე და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შედის.

გოცირიძემ გაიხსენა „ქართული ოცნების“ მიერ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 600,000 ადამიანისთვის ვალების ჩამოწერა, რაშიც დამკვირვებლები მოსყიდვის ნიშნებს ხედავდნენ, და თქვა, რომ „ამისთვის არავინ დასჯილა“. 

„[ახალი კოდექსით] განიხილება თუ არა ეს საკითხი, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა“? – ჰკითხა მან ირაკლი კობახიძეს.

კობახიძემ მოგვიანებით თავის პასუხში განაცხადა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვისთვის, როგორც სხვა დანაშაულებებისთვის, მაგალითად, უკანონო შემოწირულობებისთვის, სანქციები უკვე არსებობს და ენმ დაადანაშაულა „შავი ფულის“ ხარჯვაში:

„შავი ფული რჩება ქართული პოლიტიკის პრობლემად. დიდი რესურსები იხარჯება. ამის კონტროლი არ არის მარტივი… 2016 წელს ჩვენ დაანგარიშებული გვქონდა ენმ-ის დახარჯული შავი ფული და ეს 100 მლნ-ს აღემატებოდა, როცა ნაჩვენები იყო 10 მლნ“. კობახიძეს არ განუმარტავს, როგორ ჰქონდა ეს თანხა დათვლილი.

რომან გოცირიძემ კი თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებმა წინა არჩევნებზე თითო მილიონი ლარი დახარჯეს, როგორც „შავი ფული“, რაც არსად გამოჩენილა და ამიტომ, ვალების საკითხთან ერთად, ხაზი გაუსვა კანონის აღსრულების პოლიტიკური ნების მნიშვნელობას [კობახიძემ უარყო მაჟორიტარების მიერ ამ რაოდენობის თანხის დახარჯვა]…

ეუთოს/ოდირის რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომ „შესაბამისმა ორგანოებმა დროული რეაგირება უნდა მოახდინონ ამომრჩეველთა დაშინების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის განხორციელების ან ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო შემთხვევებზე“.

ნების კონტროლი – მოუშორებელი პრაქტიკა?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის მოგვარებასაც ოპოზიცია და არასამთავრობოები ითხოვენ, ამომრჩევლის ნების კონტროლის თავიდან არიდება იყო.

ამასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში ცვლილება შემდეგ დათქმას ითვალისწინებს: „დაუშვებელი იქნება საარჩევნო უბანში ან უბნიდან 25 მეტრის რადიუსში პირთა მიერ ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება“.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ეს ჩანაწერი კრძალავს არა მხოლოდ ფიზიკურ შეფერხებას, არამედ, მაგალითად, ამომრჩევლისთვის იმის კითხვას, თუ ვის მისცა ხმა — თუმცა, უბანში და უბნიდან მხოლოდ 25 მეტრის რადიუსში.

თუმცა, არასამთავრობოების ნაწილისა და ოპოზიციის თანახმად, ეს დათქმა არასაკმარისია.

მაგალითად, ვახუშტი მენაბდე, რომელიც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ წარმოადგენს, ხაზს უსვამს, რომ საიას მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, „მთავარი პრობლემები, რაც [ამჟამად] არჩევნების დღეს გვაქვს საარჩევნო პროცესში, არის … უბნის გარეთ“.

მისი თქმით, ეს არის არა მხოლოდ საია-ს, არამედ სხვა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაც: „ამიტომ უფრო წინ წავიდეთ რეგულირებაში — ეს პერიმეტრი უნდა გაიზარდოს და იქ უფლებამოსილი პირის და ამომრჩევლის გარდა არავინ არ უნდა იყოს“.

ეუთოს/ოდირის რეკომენდაციებშიც წერია, რომ „ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის დასჯის შიშის გარეშე მიცემის უზრუნველსაყოფად სასურველია წინასაარჩევნო კამპანიის დროს ე.წ. „სიჩუმის პერიოდის“ დაწესებისა და საარჩევნო უბნების გარშემო შესაბამისი პერიმეტრების (სადაც საარჩევნო კამპანიის წარმოება და ამომრჩეველთა აღრიცხვა აიკრძალება) მოწყობის შესაძლებლობის განხილვა მოხდეს“…

გენდერული კვოტები – საკმარისია?

წარდგენილი ცვლილებები მხოლოდ გარკვეულწილად ითვალისწინებს გენდერულ კვოტირებას და შემდეგი პრინციპი შემოაქვს:

  • 2028 წლამდე საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოში უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ყოველ სამეულში მაინც უნდა იყოს ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის;
  • ამასთან, 2032 წლამდე, თუკი პარლამენტს წევრი გამოაკლდება, ის იმავე სქესის ადამიანმა უნდა ჩაანაცვლოს;
  • 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიის მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • საკრებულოს გამოკლებული წევრის შემთხვევაშიც იმოქმედებს პარლამენტში გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის წესი (გამოკლებულ წევრს ჩაანაცვლებს იმავე სქესის კანდიდატი);

კობახიძემ თქვა, რომ კვოტირება განიხილება, როგორც დროებითი ზომა, აქედან გამომდინარე, კვოტები გაწერილია სამი მოწვევის პარლამენტისთვის. 2020 წელს, მისი თქმით, სულ მცირე, 30 ქალი მაინც იქნება პარლამენტში, რაც მათ ახლანდელ რიცხვზე — 21-ზე მეტია.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტს ამ მიმართულებითაც შეუძლია მეტის გაკეთება. საია-ს წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ თქვა, რომ „გენდერულ კვოტებზე შეგვიძლია, კიდევ უფრო წინ წავიდეთ“;

დამოუკიდებელმა პარლამენტარმა ეკა ბესელიამ ალტერნატიული ვერსია წარმოადგინა, რომლის თანახმადაც პარტიებმა ცესკოსთვის წარდგენილ პროპორციულ სიებში 2020 წელსვე უნდა წარადგინონ სამ კანდიდატს შორის, სულ მცირე, ერთი ქალი.

„ქართული ოცნების“ პარლამენტარმა ენძელა მაჭავარიანმა კი გამოთქვა იდეა, რომ თუკი ეს სავალდებულო არ გახდება, დამატებითი ფინანსური სარგებლით წახალისდეს, რაზეც კობახიძემ თქვა, რომ ეს ისედაც გათვალისწინებულია.

ამ საკითხზე უფრო დეტალურად ისაუბრა ირმა პავლიაშვილმა, რომელიც 100 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არჩეული წარმომადგენელია „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფში“:

„დადებითად უნდა შევაფასო სავალდებულო გენდერული კვოტის ინიცრება, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი და სამუშაო ჯგუფის აზრით, ეს იქნება ეფექტური იმდენად, რამდენადაც კონსტიტუციით გარანტირებულ არსებით თანასწორობას ვერ უზრუნველყოფს იმ მოცემულობით, როგორც დღეს წარმოდგენილია [კანონპროექტში]. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება, თუკი ყოველ სამეულში მაინც იქნება ერთი განსხვავებული სქესის ადამიანი 2028 წლამდე, ხოლო მას შემდეგ- უკვე ყოველი მეორე“.

„დროებითობაზე როდესაც ვსაუბრობთ, მიგვაჩნია, რომ მოცემული ვადები არასაკმარისია და უნდა ჩაიწეროს საკანონმდებლო დონეზე, რომ სავალდებულო გენდერული კვოტა განსაზღვრული იქნება მანამ, სანამ არ მიიღწევა არსებითი თანასწორობა, თუმცა ასევე პრინციპის დონეზე უნდა განისაზღვროს გადახედვის მექანიზმი, რომლითაც საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს, მიაღწია თუ არა ქვეყანამ იმ არსებით თანასწორობას, რომლის პრინციპიც აღიარა საკონსტიტუციო დონეზე და აიღო ვალდებულებები საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე“, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

ირმა პავლიაშვილის თანახმადვე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით კრიტიკული მინიმუმი არის 40%. „დღეს ინიცირებული ვარიანტით, 2020 წლის არჩევნებისთვის ვიღებთ 20%-ს (30 ქალ პარლამენტარს), რაც მხოლოდ მცირედი მატებაა და საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ ოდენობას ვერ აღწევს“, – თქვა მან.

ირაკლი კობახიძემ შეთავაზებულ ვერსიებზე პასუხად განაცხადა: „უნდა შევჯერდეთ ისეთ ვარიანტზე, რომელიც იქნება პოლიტიკურად გატანადი და გასვლადი პარლამენტში და სწორედ ასეთი ვარიანტია თქვენს წინაშე“.

არჩევნები პანდემიის პირობებში – რა იცვლება?

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების წესზე, რაზეც, მისი თქმით, ცესკოს შეთავაზებებს მოგვიანებით დეტალურად განიხილავენ.

ჯერჯერობით, რაც ამ ეტაპზე ირაკლი კობახიძემ თქვა, შემდეგია:

  • მოქალაქეებს კვლავ აუცილებლად მოუწევთ საარჩევნო უბანზე, როგორც დახურულ სივრცეში, პირბადის ტარება;
  • თუმცა, იმის გამო, რომ საარჩევნო კოდექსი პირის იდენტიფიცირებას ითხოვს ხმის მიცემისას, მათ ორჯერ მაინც მოუწევთ პირბადის რამდენიმე წამით მოხსნა:
    • საარჩევნო უბანში შესვლისას;
    • ხმის მისაცემად რეგისტრაციისას; [„თუ დაზუსტება საჭიროა, საარჩევნო კოდექსშიც შეიძლება ამის დაზუსტება“ – განაცხადა მან];
  • თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ენმ-ის წევრ ლილე ლიპარტელიანის კითხვის პასუხად კობახიძემ განაცხადა, რომ მარკირების სითხეზე არ მოქმედებს სადეზინფექციო ხსნარი და ორივე მათგანის გამოყენება ჩვეულებრივ გაგრძელდება;

დღეს ამ ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი