ახალი ამბები

შოკირებული ვიყავი ელჩ ჰარცელზე კომენტარებით – დეგნანი

21 ივლისი, 2022 • 632
შოკირებული ვიყავი ელჩ ჰარცელზე კომენტარებით – დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირის ყოფილ ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პოსტის დატოვების შემდეგ ჰარცელის კრიტიკა დაიწყეს.

„შოკირებული ვიყავი, როცა მოვისმინე კომენტარები ელჩ ჰარცელზე. ძალიან დიდი უპატივცემულობის გამოხატულებაა, ასე ილაპარაკო ადამიანზე, რომელმაც ამდენი იშრომა ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

მისი შეფასებით, „რთული წარმოსადგენია ვინმე, ვისაც თავისი უფლებამოსილების დროის განმავლობაში მეტი რამ აქვს გაკეთებული ევროპულ გზაზე საქართველოს დასახმარებლად“.

„მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, რასაც იგი აკეთებდა საქართველოს დასახმარებლად. სხვებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიარონ ის ძალიან კარგი საქმე, რაც ელჩმა ჰარცელმა გააკეთა საქართველოში ყოფნისას“, – განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.

გუშინ, 20 ივლისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კი თქვა, რომ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო.

მათ განცხადებებს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი პიტერ სტანო და განაცხადა:

„საკუთარი შეუსრულებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ ადასტურებს აუცილებლობას, რომ საჭიროა მეტი დრო იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი და ეს რეფორმები რომ საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გაწია ევროკავშირისა და საქართველოს დასაახლოებლად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი