ახალი ამბები

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი დარღვევებით მიმდინარეობს – TI

29 ივნისი, 2020 • 967
საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი დარღვევებით მიმდინარეობს – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს. შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 3 ვაკანტურ ადგილზე 8 კანდიდატურა წარუდგინა მაშინ, როცა პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს “ასარჩევზე, სულ ცოტა, სამჯერ მეტი კანდიდატურა” უნდა წარედგინა, ანუ, ამ შემთხვევაში, არანაკლებ 9.

პარლამენტის მიერ გამოცხადებული კონკურსი მიზნად ისახავს სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრის შერჩევას. სამეურვეო საბჭოში სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გია იაკობაშვილს, ქეთევან მსხილაძეს და ნინია კაკაბაძეს  უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.

როგორც TI აცხადებს, ახლა მეურვეების კვოტები ასე ნაწილდება: 1 უმრავლესობამ და 2  – უმრავლესობის გარეთ მყოფმა პარლამენტის წევრებმა უნდა შეარჩიონ წარდგენილი კანდიდატებიდან. მათ მიერ შერჩეული კანდიდატები კი შემდეგ პარლამენტმა კენჭისყრით უნდა დაამტკიცოს. შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე სულ 9 კანდიდატურა მონაწილეობდა, ხოლო გასაუბრებაზე 8 მათგანი გამოცხადდა. კანდიდატების არასაკმარისი რაოდენობის მიუხედავად, შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს  8 პირის სია წარუდგინა. ამ 8 პირიდან კენჭისყრაზე დააყენეს 4 კანდიდატი, რომელთაგან 3-ს პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვედ აირჩევს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანებას, პარლამენტი ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას და კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებასაც პარლამენტი კანონით განსაზღვრული კვოტების შესაბამისად იღებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” არსებულ ვითარებაში მოუწოდებს პარლამენტს, შეაჩეროს სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს კონკურსის მიმდინარეობა.

დეპუტატები საზმაუს ბორდის წევრობისათვის 4 კანდიდატს წარადგენენ

მასალების გადაბეჭდვის წესი