ახალი ამბები

პარლამენტს საზმაუს ბორდის წევრობის 8 კანდიდატი წარუდგინეს – სია

23 ივნისი, 2020 • 1434
პარლამენტს საზმაუს ბორდის წევრობის 8 კანდიდატი წარუდგინეს – სია

მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს კენჭი უყარა.

კენჭისყრამდე კომისიამ გასაუბრება გამართა 8 კანდიდატთან, შემდეგ კი მათ ხმა მისცა. ყველა კანდიდატმა საკონკურსო კომისიის დებულებით განსაზღვრული ხმების საკმარისი რაოდენობა (5 და მეტი) მიიღო. შესაბამისად, პარლამენტს რვავე კანდიდატი წარედგინება განსახილველად.

ეს კანდიდატები ბორდში სამი ვაკანტური ადგილისთვის იბრძვიან. მაუწყებლის ბორდის წევრობისთვის განკუთვნილი ვადა ამოწურეს ნინია კაკაბაძემ, ქეთი მსხილაძემ და გია იაკობაშვილმა.

ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

თუმცა, თავდაპირველად, საზმაუს ბორდის წევრობაზე 10 კანდიდატი დარეგისტრირდა. როგორც კომისია წერს, თავდაპირველად დარეგისტრირებულ 10 კანდიდატს შორის – ორს გასაუბრება არ გაუვლია. კერძოდ: მეურვეობის კანდიდატმა ოთარ შაორშაძემ არ წარადგინა უხარვეზო დოკუმენტი, ხოლო ნინო ჭალაგანიძე კონკურსის მეორე ეტაპზე არ გამოცხადდა.

რაც შეეხება კომისიას, ის 9 წევრისგან შედგება, კერძოდ:

  1. ეკა ხოფერია – ჟურნალი “სითის” რედაქტორი და დამფუძნებელი;
  2. სოფო ნარჩემაშვილი – ტელეწამყვანი, ჟურნალისტი;
  3. მარიამ გოგოსაშვილი – ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი;
  4. თორნიკე გურული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  5. დავით ცხადაძე – კინოოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე;
  6. მაკო ჯაოშვილი – მართვისა და კომუნიკაციის სერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
  7. ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
  8. ანი კიკნაძე – მედიაკავშირი “ობიექტივი”, საინფორმაციო სამსახურის უფროსი;
  9. გიორგი ნონიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, მოწვეული პედაგოგი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო (იგივე ბორდი) სულ 9 წევრისგან შედეგება. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი