“ქართული ოცნების” შეფაებთ, 29 ივნისი არის ისტორიული დღე, რადგან პარლამენტმა სწორედ დღეს მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარდება.
“მე ვთქვი, რომ ეს არის ისტორიული დღე, ხოლო “ნაციონალური მოძრაობისთვის” და “ევროპული საქართველოსთვის” ეს აღმოჩნდა ისტერიული, ეს დამოწმდა მათ მიერ დაორგანიზებული პარლამენტს გარეთ ჩატარებული აქციით. ისინი ისტერიით შეხვდნენ დღევანდელ გადაწყვეტილებას და არათუ გავიდნენ ამ შეთანხმებისგან, არამედ წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგ და ახლა დღეს რითი შეფუთავენ, რომელიმე კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნით თუ ა.შ. ამას არ აქვს მნიშვნელობა.
მთავარია, რომ ისინი გავიდნენ შეთანხმებიდან, არ შეასრულეს შეთანხმების პირობები, ასევე წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგ და აქცია დააორგანიზეს საქართველოს პარლამენტთან. ეს იყო ძალიან ცუდი საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, და ეს იყო საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო მოქმედება”, – განაცხადა მდინარაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ამცირებს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები მმართველი პარტიის შანსებს არჩევნებში, მდინარაძემ უპასუხა, რომ შეიძლება მათ საკონსტიტუციო უმრავლესობით არ გაიმარჯვონ, თუმცა “ქართული ოცნების” გამარჯვებაში დარწმუნებულია:
“ქართული ოცნება ხელისუფლებაშია და მყარად დგას იმიტომ, რომ არის მართალი. სადაც არის სიმართლე, იქ არის გამარჯვების მეტი შანსი და როდესაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რეიტინგებს, რომელიც აქვთ “ნაციონალურ მოძრაობას” და მის კლასტერს, ამით უფრო ვრწმუნდებით, რომ ჩვენ მყარად ვდგავართ და ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას. აქედან გამომდიანრე ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში, ისევე მყარად, როგორც წინა შემთხვევაში”, – თქვა მდინარაძემ.
ისტორიულ კენჭისყრად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომლის ფასილიტატორ ელჩებსაც კობახიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
“ეს დღე არის “ქართული ოცნების გამარჯვებაც”, ეს დღე არის მუდმივი და თანმიმდევრული წინსვლის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შემდგარი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო. დღევანდელი დღე არის გამარჯვება ყველასთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული”, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული და “ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება”. როგორც კობახიძძე ამბობს, “ოპოზიციის ეს მარცხიც ქართული დემოკრატიის განვითარების კანონზომეირების ნაწილია”.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, “ქართული ოცნება” სრულად იღებს პასუხისმგებლობას 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალი და დემოკრატიული გზით ჩატარებაზე.
კობახიძემ ასევე ისაუბრა გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც. მან აღნიშნა, რომ რურუას გათავისფულება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ არის და “როგორც წყდება სხვა კრიმინალური საქმეები, ასევე გადაწყდება ეს კრიმინალური საქმეც”.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით კი, მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ გადაგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
“დღევანდელი გადაწყვეტილებით საქართველომ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს თავისი დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები”, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესმა გამოაჩინა, რომ “ევროპული საქართველო” და ” ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას “წარსულში ექაჩება”, “ახალი ოპოზიცია” და “ქართული ოცნება” კი მათ საპირისპირო მხარეს დგას.
თალაკვაძემ ასევე მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის და ფასილიტატორ ელჩებს ძალისხმევისთვის. ასევე, მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის დეპუტატებს, ვინც მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. მისი თქმით, დღეიდან პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე მუშაობას დაიწყებს და უახლოესი 10 დღის განმავლობაში პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მიიღებს, რომელიც ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები მისთვის რამდენიმე სერიოზულ მიღწევას ნიშნავს:
“ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც ქართული დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა და ვერავინ ეს ვერ გააკეთა და ეს შეძლო “ქართულმა ოცნებამ”. რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, სახელისუფლებო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების და ამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო”, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებს ოპოზიციამ ხმა არ მისცა “კრიმინალური ქეისების” გამო, რაც მათ არ ამართლებთ და ამას საზოგადოება შეაფასებს.
საქართველოს პარლამენტმა დღეს, 29 ივნისს, მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება. კანონპრეოქტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღდეგი იყო.
კენჭისყრას არ ესწრებოდნენ “ევროპული საქართველოს” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, რომლებიც მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები 8 მარტის შეთანხმების დარღვევად არ მიიჩნევენ გიორგი რურუას საპატიმროში დატოვებას და პირიქით, მიიჩნევენ, რომ სწორედ მისი გათავისუფლება იქნება სასამართლო სისტემაში ჩარევა, რაც, როგორც “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მართმსაჯულების ჩაურევლობაში გარანტიების შესახებ ნაწილის წინააღმდეგ მიდის. მდინარაძის თქმით, ეს არა შეთანხმების, არამედ ერთობლივი განცხადების ნაწილი იყო, რომელსაც მთავრობა “განგრძობით პერსპექტივაში მუდმივად შეასრულებს”.
ოქრუაშვილის საქმის გარემოებები მიუკერძოებლობაზე კითხვებს აღძრავს – ჰარცელი