ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმეზე 17-ვე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

28 ივნისი, 2020 • 1566
შაქარაშვილის საქმეზე 17-ვე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

შაქარაშვილის საქმეზე 17-ვე დაკავებულ პირს პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება 28 ივნისს, დაახლოებით 6-საათიან დახურულ სხდომაზე მიიღო მცხეთის რაიონულმა სასამართლომ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, ადვოკატების ნაწილი თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფთათქვის აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვდა, ნაწილს კი გირაოს შუამდგომლობა ჰქონდა დაყენებული.

ისინი უკანონოს უწოდებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.


19 წლის გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი.

როგორც ტელეკომპანია „მთავართან“ ოჯახის მეგობარი ყვება, შაქარაშვილი გარდაცვალებამდე მცხეთაში, აგარაკზე გამართულ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც იქ მყოფთა შორის დაპირისპირება მოხდა.

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობარი ჩხუბში არ მონაწილეობდნენ და ჩხუბში მონაწილე სხვა პირების გაშველებას ცდილობდნენ, წვეულების შემდეგ კი მათ უცნობი პირები გზაზე მანქანით აედევნენ, ისინი კი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ.

შაქარაშვილი ბოლოს მისმა მეგობარმა მაშინ ნახა, როდესაც ხევში სხვა პირთან ერთად ჩარბოდა.

27 ივნისს საქართველო პროკურატურამ გამოაქვეყნა იმ საღამოს განვითარებული ზოგიერთი მოვლენის ამსახველი კადრები.

ამ საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობისა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე.

პროკურატურამ 17-ვე მათგანისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალი წარედგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი