ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალი წარედგინა

27 ივნისი, 2020 • 1184
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე წარდეგინა.

პროკურატურის განცხადებით, უწყებამ ყველა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ მცხეთაში, სამხედროს ქუჩა N76-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ს.გ-მ ი.წ-სთან და ს.ჩ-სთან ერთად ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს, რომელთაც აღნიშნული ქმედებების შედეგად მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები და განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 18 ივნისს, გ.მ-მ, ლ.შ-სთან, ვ.ჩ-სთან, ნ.ც-სთან და გ.ტ-სთან ერთად ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, ლ.შ-მ, გ.მ-მ, გ.ტ-მ, ნ.ც-მ, მეგობრების ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე – მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზნით, გადაწყვიტეს დამატებით სხვა პირების მობილიზება. ამისთვის, ვ.ჩ. და გ.ტ. თავიანთი ავტომობილებით, თანმხლებ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდნენ ქალაქ თბილისში, ხოლო გ.მ და ლ.შ. დარჩნენ ადგილზე, რათა პერიოდულად მიეწოდებინათ ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, სამმა პირმა, ნ.ც-მ, ვ.ჩ-მ და გ.ტ-მ სხვა პირების შეკრების მიზნით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში მიაკითხეს ვ.მ-ს, ა.გ-ს, ნ.რ-ს და ნ.ჟ-ს და ოთხივე მათგანი გადაიყვანეს მცხეთის ტერიტორიაზე. განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების ნაწილი TOYOTA CAMRY-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რომელიც ვ.ჩ-ს საკუთრება იყო, თუმცა ვ.მ. მართავდა. დანარჩენები კი გ.ტ-ს ავტომობლში, სადაც იმყოფებოდნენ გ.ტ, ნ.ც., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ, რომელიც შეიარაღებული იყო რკინის ხელკეტით.

პროკურატურის ცნობით, ეს პირები 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, თბილისიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით გაემართნენ, სადაც მათ კიდევ ორი პირი, გ.მ და ლ.შ ელოდებოდნენ, რომლებიც ჯგუფის სხვა წევრებს ინფორმაციას აწვდინენ ძალადობის ჩასადენად დაზარალებულების ადგილსამყოფელის შესახებ.

“2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს თავს დაესხნენ ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ., რომლებსაც ასევე შეუერთდნენ გ.მ. და ლ.შ. და ფიზიკურად გაუსწორდნენ გ.ქ.-ს, კ.ღ.-ს და ვ.ა.-ს, რა დროსაც კ.ღ. გაიქცა თბილისის მიმართულებით, ი.ბ. დაიმალა გზის პირას არსებულ შენობაში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით.

თავდამსხმელების წასვლის შემდეგ გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, დაეხმარნენ ნაცემ გ.ქ.-ს და ცდილობდნენ ქალაქ თბილისში დაბრუნებას. დაახლოებით 00:50 საათზე, მათ თავს დაესხნენ ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ. და ნ.რ., რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა.-ს და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა., გ.ქ. და ვ.ა. გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებულ ბუჩქნარისკენ. გ.ა., ვ.ა. და გ.ქ. დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.

ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ, ზ.ხ.-მ, ა.გ.-მ და ნ.რ.-მ დაიწყეს მიმალულების ძებნა და იპოვეს ბუჩქებში დამალული გ.ა., რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება – მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს ქალაქ თბილისში, სადაც ავტომობილიდან ჩამოსვეს მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ლუკოილის“ ფირმის ავტოგასამართ სადგურთან.” – წერია განცხადებაში.

ამ დღიდან 4 დღის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში ჩატარებული სამძებრო-სამაშველო სამუშოების შედეგად გიორგი შქარაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს.

პროკურატურის ცნობით, მომხდარი ცემის და თავდასხმის ფაქტები შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით დადასტურდა, რომლებმაც დეტალურად აღწერეს კონფლიქტის დაწყების მიზეზი და მასში მონაწილე მხარეები. გარდა მათი ჩვენებებისა, პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებითც დასტურდება.

“ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერებით დგინდება, თუ როგორ აყენებენ ს.გ., ი.წ. და ს.ჩ. ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულებს ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს, აღნიშნული ვიდეოჩანაწერებით ასევე დგინდება, რომ გ.მ., ლ.შ., ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ., ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ., ნ.რ. და ნ.ჟ. მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარედ როგორ დაესხნენ თავს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს, რა დროსაც კ.ღ-ზე, გ.ქ.-ზე და ვ.ა-ზე განახორციელეს ძალადობა, რის შემდეგაც უკვე ნაცემ კ.ღ-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა-ს და ასევე მათთან ერთად გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს და გ.ა.-ს გამოედევნენ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ვიდეოჩანაწერებით ასევე დასტურდება მცხეთიდან წამოყვანილი, თავისუფლებააღკვეთილი გ.ა.-ს თბილისში, დიდუბის რაიონში დატოვების ფაქტი, რა დროსაც მას არ ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. მცხეთაში, დაზარალებულთა თავდასხმის ადგილიდან ამოღებულია ლითონის ხელკეტი, ასევე თავდასხმამდე გადაღებული ვიდეოკადრები”, – წერია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ დრომდე სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების საერთო დაოდენობა 750-ზე მეტია, მათ შორის: საქმის ირგვლივ გამოიკითხა 60-მდე პირი, მოწმეთა დაკითხვა კი ამ ეტაპზეც გრძელდება. ამოღებულია მომხდარი ფაქტების დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი 46 პირის მობილური ტელეფონი და მათი ტანსაცმელი. გაიჩხრიკა 40-მდე პირის საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ამოიღეს სხვადასხვა სახეობის კომპიუტერული ტექნიკა, საიდანაც ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა. ასევე 36 პირს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. საექსპერტო კვლევისთვის აიღეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი ნიმუში და ამასთან მოპოვებულია ასევე მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა და განხორციელდა მათი დათვალიერება.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება. ლაბორატორიული კვლევისთვის კი აღებულია დამატებითი მასალები, რაზეც შესაბამისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. შაქარაშვილის ოჯახის ინიციატივით ექსპერტიზაში მოწვეული ექსპერტიც არის ჩართული. პროკურატურის ცნობით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

პროკურატურის ცნობით, შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზაც, რომლითაც უნდა დადგინდეს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი.

პროკურატურა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ასევე ავრცელებს სხვადასხვა კამერებიდან ამოჭრილ ვიდეომასალას, სადაც ასახულია 18 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები.

მასალების გადაბეჭდვის წესი