ახალი ამბები

ხმაც ამოვიღეთ, გამოძიებაშიც ჩართულები ვართ – გახარია ხანგოშვილის საქმეზე კანდელაკს

26 ივნისი, 2020 • 1014
ხმაც ამოვიღეთ, გამოძიებაშიც ჩართულები ვართ – გახარია ხანგოშვილის საქმეზე კანდელაკს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველო „პირდაპირ არის ჩართული“ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში. მის ამ კომენტარს სამარცხვინო უწოდა „ევროპული საქართველოს“ პარლამენტარმა გიორგი კანდელაკმა.

პარლამენტში მყოფ გახარიას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების დუმილზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა დაუსვა კითხვა, რაზეც პრემიერმა უპასუხა:

„ჩვენი სამართალდამცავი სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანელებთან ამ საქმის გახსნაში. როგორც მოგეხსენებათ, მკაფიო განცხადება იყო გაკეთებული და ეს განცხადება, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად ობიექტური. დაველოდებით გამოძიების საბოლოო შედეგებს. გამოძიების საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“.

კანდელაკის დამატებით რეპლიკებზე პასუხად გახარიამ თქვა:

„ერთი რამე გაითვალისწინეთ: [ამ საქმეზე] ხმაც ამოვიღეთ, ამ საქმის გახსნაში პირდაპირაც ჩართულები ვართ და ეს საქმე რომ გაიხსნება და, თქვენნაირი სპეკულირების გარეშე, საბოლოო შედეგი რომ დადგება, აი, გერმანელები რა განცხადებას გააკეთებენ და ჩვენ რა განცხადებას გავაკეთებთ, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ და ნუ გარბიხართ ამაზე წინ“…

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. ხანგოშვილის მკვლელობაში გერმანია რუსეთს ადანაშაულებს.

გახარიას პასუხს გიორგი კანდელაკმა „ყოვლად სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა:

„მრცხვენია, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ როცა საქართველოს მოქალაქეს, ამ ქვეყნის წინაშე დამსახურებულ ადამიანს კლავენ, — ზელიმხან ხანგოშვილს, რომელიც ნაყოფიერად თანამშრომლობდა ჩვენს სახელმწიფოსთან, როგორც ისლამური ექსტრემიზმის, ასევე რუსული აგენტურის წინააღმდეგ, — და როცა გერმანიის კანცლერი საუბრობს მასზე, როცა გერმანიის მთავრობა აპირებს, რომ დაუწესოს რუსეთს სანქციები საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, ხანგოშვილის სამშობლოს უმაღლესი თანამდებობის პირები საჭიროდ არ თვლიან, — და გიორგი გახარია საჭიროდ არ თვლის, — რომ ამ დამსახურებულ ადამიანზე თქვას რამე“…

ვრცლად:

ხანგოშვილის მკვლელობაში გერმანია რუსეთს ადანაშაულებს

ნახეთ ასევე:

გერმანიის ელჩის დამატებითი განმარტება ხანგოშვილის საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი