ახალი ამბები

“წელიწადი და ხუთი თვე გავიდა… ვინ და რატომ დაგეგმა ეს დანაშაული?” – ბესელიას კითხვა გახარიას პირადი ცხოვრების ჩანაწერებზე

26 ივნისი, 2020 • 1221
“წელიწადი და ხუთი თვე გავიდა… ვინ და რატომ დაგეგმა ეს დანაშაული?” – ბესელიას კითხვა გახარიას პირადი ცხოვრების ჩანაწერებზე

ეკა ბესელიამ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, რატომ არ არის ამ დრომდე დასრულებული პირადი, ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაწყებული გამოძიება.

პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის წევრები პრემიერის ანგარიშს უსმენენ, ბესელიამ ჰკითხა გახარიას, რომელიც კადრების გავრცელების პერიოდში შს მინისტრი იყო,  ვინ და რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული და დროში რატომ დაემთხვა კონფლიქტს მოსამართლეთა სიის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

“ამ მოწვევის პარლამენტში ეს თქვენი ბოლო ანგარიშია და არ მინდა ეს პარლამენტი ისე დასრულდეს, რომ ეს კითხვა საჯაროდ არ დავსვა. მით უფრო, რომ ამ კითხვაზე პასუხს დამპირდით ამის წინის წინა მოხსნების დროს. ეს არის თემა, რომელმაც მე პირადად ბევრი გადაწყვეტილება შემიცვალა და საერთოდ ბევრი რამ შემიცვალა. აქ არიან მთავრობის ის წევრები, რომლებიც შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებულნი იყვნენ. ამ საანგარიშო პერიოდში თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით, როდესაც იმ უმრავლესობის დეპუტატის, პარალამენტის წევრის მიმართ გავრცელდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩაწერილი უკანონო ჩანაწერები. ეს თქვენი შს მინისტრობის პერიოდში მოხდა. დღეს ივნისის ბოლოა და გავიდა წელიწადი და ხუთი თვე. თქვენ თქვით, რომ მეტყოდით, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. არ მითხრათ ახლა, რომ ეს საქმე გახსნილია, რადგან ეს საქმე გახსნილი არ არის და ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ მიმიღია. ახლა გეკითხებით, ვინ დაგეგმა ის დანაშაული და რა მიზანი ჰქონდა ამ დანაშაულის დაგეგმვას. რატომ დაემთვა ეს იმ პერიოდს, როცა უმწვავესი კონფლიქტი გვქონდა მოსამართლეთა 10-კაციანი სიის გამო. რა იყო ეს დასჯა, სამაგიეროს გადახდა, ანგარიშსწორება, თუ ეს იყო გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ, ვინც გაბედავდა და ამ თუ სხვა თემაზე აირჩევდა პროტესტის იმ ფორმას, რაც მე ავირჩიე. გავიდა წელიწადნახევარი და ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არ მაქვს, თუმცა ამაზე პასუხს აუცილებლად მივიღებ, მაგრამ თქვენ მინდა გკითხოთ: ვინ და რატომ დაგეგმა ეს დანაშაული”,- განაცხადა ბესელიამ.

გიორგი გახარიას ჯერჯერობით არ უპასუხია დეპუტატების კითხვებისთვის.

2019 წლის 31 იანვარს “ფეისბუკის” ერთ-ერთი მომხმარებლის კედელზე საჯაროდ აიტვირთა პარლამენტარ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. თავად ბესელია ამბობდა, რომ ეს მოვლენა მის მიერ ე.წ. სასამართლოს ჯგუფთან კონფლიქტში შესვლას დაემთხვა

კერძოდ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობისას ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული სია კომიტეტის სხდომაზე განსახილველად არ გაიტანა, შემდეგ კი თავმჯდომარის პოსტი დატოვა, რითაც მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი დროში გახანგრძლივდა.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება) დაიწყო. აღნიშნულ საქმეზე წარმოება თავდაპირველად 18 პირის მიმართ დაიწყო, რომლებმაც ფეისბუკზე გავრცელებული კადრები სოციალურ ქსელში სხვა პირებს გაუზიარეს.

23 ივლისს შსს-მ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ გამოავლინეს პირი, რომელმაც პირველად გაავრცელა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ბრალდებული სასჯელს სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვა საქმეზე იხდის, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ეკა ბესელიას პოზიციაა, რომ ეს დანაშაული არ არის გახნსილი, რადგან გამოძიებას არ გამოუვლენია, ვინ დაგეგმა ეს დანაშაული.

მასალების გადაბეჭდვის წესი