მოქალაქე, რომელიც დეპუტატ ეკა ბესელიას სავარაუდო პირადი კადრების გავრცელების საქმეზე დააკავეს, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებს. მის განცხადებას “გირჩი” ავრცელებს.
განცხადებაში ანა აროშიძე საჯაროდ წერს, რომ პირველ იანვარს, ღამის 2-ის ნახევარზე მის სახლში კრიმინალური პოლიციის ექვსი თანამშრომელი შეიჭრა და ავადმყოფი მამის წინაშე დააკავეს.
“მამაჩემი ამ „ოპერაციიდან“ ხუთ დღეში გარდაიცვალა. მე არ ვაბრალებ მამის სიკვდილს პოლიციელებს, მაგრამ მე ბრალს ვდებ ქართულ სახელმწიფოს იმაში, რომ მამაჩემს საკუთარი შვილის მომავალზე დარდი საფლავში ჩააყოლეს. მე ახლაც ბრალდებული ვარ და სასამართლოს ველოდები. მოგიყვებით, რა გადამხდა თავს.
პოლიციელები სახლში რომ შემოგვივარდნენ, სიმსივნის მეოთხე სტადიის დიაგნოზით ლოგინად ჩავარდნილი მამაჩემი უკვე სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. ის მოატყუეს, უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით მიბარებდნენ პოლიციაში და მალევე გამომიშვებდნენ სახლში. ასე აღმოვჩნდი ციხეში.
ლოგინად ჩავარდნილი მამისთვის ნარკოტიკული ინექციის გარეშე ყოფნა წამებას ნიშნავდა, მორფინის გამოტანაზე პასუხისმგებელი პირი კი მე ვიყავი. ჩემი გატაცება-დაპატიმრების შემდეგ დედას ერთი დღე დასჭირდა, რომ მორფინი ჩემ ნაცვლად გამოეტანა და ამ ხნის განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ მამაჩემი წამებისთვის გაიმეტა,” – წერს ანა აროშიძე.
მისი სიტყვებით ციხიდან 1000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს, რისთვისაც დედამისმა თანხა ისესხა. რაც შეეხება დანაშაულს, ანა აროშიძე ამბობს, რომ კრიმინალი არ არის, ვინაიდან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 3 მეგობარს პირად ე.წ. ჩატში გაუგზავნა.
“ჩემი დანაშაული ისაა, რომ მე ვნახე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და გავუგზავნე ის სამ მეგობარს არა საჯაროდ, არამედ პირად ჩატში, ისევე როგორც სხვა უამრავმა ადამიანმა გააკეთა ეს.
არ მგონია, რომ ეს საქციელი მისაბაძია და ბოდიშს ვუხდი ქალბატონ ეკა ბესელიას ჩემი ბავშვური, უაზრო გართობის გამო, მაგრამ მე კრიმინალი არ ვარ, არასდროს ვყოფილვარ და მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს ამისთვის, დავამტკიცებ, რომ სახელმწიფო დამნაშავეა ჩემი ოჯახის, მამაჩემისა და ჩემი მეგობრების წინაშე, რომლებიც ამ აბსურდის გამო ახლაც ციხეში სხედან,” – წერს აროშიძე.
მისი თქმით, თავისი უდანაშაულობისა და ბრალდების აბსურდულობის დასამტკიცებლად ის საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის.
“მე არ ვარ კრიმინალი, რადგან ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის ზიანის მიყენება, მე არ გადამიღია და საჯაროდ არ გამივრცელებია კადრები და ვერასდროს წარმომედგინა, რომ დამიჭერდნენ იმ ვიდეოს გამო, რომელიც საჯარო სივრცეში – ინტერნეტში ვიპოვე და სამ მეგობარს ვაჩვენე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აწარმოებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ 18 პირია დაკავებული.
საქმე ეხება დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრების გავრცელებას. თავდაპირველად მომხარებლები ამ ჩანაწერს ერთმანეთს სხვადასხვა ჩატებში უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ უკვე საჯაროდაც აიტვირთა ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე.
კადრების გავრცელების პირველწყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ, რომლის პირად ცხოვრებასაც ეხებოდა ბოლოს გავრცელებული კადრები, 2 თებერვალს განაცხადა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად ჩაერთნენ გაზიარების ერთიან ქსელში, და შეიძლება, შემთხვევითაც, არამედ დამკვეთებიც