ახალი ამბებისამართალი

გამოვავლინეთ პირი, რომელმაც პირველმა გაავრცელა პოლიტიკოსის პირადი კადრები – შსს

23 ივლისი, 2019 • 1668
გამოვავლინეთ პირი, რომელმაც პირველმა გაავრცელა პოლიტიკოსის პირადი კადრები – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა აღნიშნული კადრები.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნულმა პირმა კადრები პირველმა განათავსა ინტერნეტსივრცეში, რითაც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულის კუთვნილ ტელეფონზე ჩატარდა კომპლექსური ფონო-ვიდეოსკოპური, ჰაბიტოსკოპური და საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზები. აღნიშნულ პირს ბრალი უკვე წარედგინა:

ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. აღნიშნული კადრები დ.ა-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ. დ- სგან მიიღო”.

გამოძიების ინფორმაციით, კადრები ფარულად, უკანონოდ გადაღებულია 2012 წლის მაისის თვეში, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებულები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სომეხი სამართალდამცველების დახმარებით, სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებულია დ.ა-ს მობილური ტელეფონი. კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სწორედ ამ მოწყობილობიდან იქნა გავრცელებული ვიდეომასალა”, – აცხადებს შსს.

დ.ა-ს და მ.დ-ს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

როგორც შსს აცხადებს, აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რათა დადგინდეს აღნიშნულ დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების ვინაობა.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით დაკავებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემულია 19 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი