ახალი ამბები

სასამართლოს ჯგუფთან კონფლიქტში შესვლას დაემთხვა ეს ამბავი – ბესელია ჩანაწერის გავრცელებაზე

31 იანვარი, 2019 • 1784
სასამართლოს ჯგუფთან კონფლიქტში შესვლას დაემთხვა ეს ამბავი – ბესელია ჩანაწერის გავრცელებაზე

საქართველოს პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ისაუბრა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ყველაზე მეტად თავად ეკა ბესელია დარჩა მოგებული, “ლუსტრირებაზე მეტია”.

“ეს არ არის ახალი ჩანაწერი. მე ვთქვი როგორც ფაქტი, რომ ეს მასალა თუ ეს დოკუმენტი დევს სისხლის სასმართლის საქმეში, რომელზედაც 8 ადამიანი არის გასამართლებული. არ დამისახელებია არავინ, არ მითქვამს არავის მიმართ კონკრეტული ბრალდება. იურისტი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში და სწორია ის რეაქცია, რომელიც დღეს მაქვს, რომ გამოძიებას ვაცადო. ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში დასრულდა და ახლა არ ვიცი, უზენაესში გაგრძელდება თუ არა. ჩემი ღია წერილის შემდეგ, ერთ-ერთმა მოსამართლემ, რომელმაც გაახმოვანა გზავნილი, თითქოს ეს ჩემს ინტერესებშია. გესმით ხომ, სადა ვართ? შეიძლება ეს ადამიანი მანტიის ქვეშ დატოვო და ვინმეს ბედი ანდო?!  ჩვენ დღეს არ გველაპარაკებიან ამ დებატებში პოლიტიკური ოპონენტები, ღია პოლიტიკურ პროცესში შემოვიდნენ მოსამართლეები და მე მგონია, რომ თავისი თავი გაშიფრეს”, – განაცხადა ბესელიამ.

მიუხედავად იმისა, რომ ფარულ ჩანაწერზე ხელი, სასამართლოს გარდა, პროკურატურასაც მიუწვდებოდა, ბესელია მიიჩნევს, რომ მისი გავრცელება ძალოვანი უწყებების ინტერესებში არ იყო.

“მინდა დაველოდო, რას დადებს გამოძიება. ეს არის ძალიან დიდი გამოცდა ჩვენი ძალოვანი უწყებებისთვის. ვის არ აწყობდა? – მე შემიძლია ვთქვა , რომ ჩვენს ძალოვან უწყებებს: არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, არც უსაფრთხოების სამსახურს, არც პროკურატურას. ეს მათ ინტერესებში არ იყო”, – განაცხადა ბესელიამ.

“მე არ ვუპირისპირდები პროკურატურას. ვუპირისპირდები სასამართლოს იმ ჯგუფს ღიად, ვისაც სურვილი აქვს, სასამართლოს დამოუკდიებლობა პირად კორპორატიულ ინტერესად აქციოს. ამ ჯგუფთან ღია კონფლიქტში შესვლას დაემთხვა ეს ამბავი. მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. მაქვს უფლება, მქონდეს ჩემთვის შინაგანი განცდა, ეჭვი, ვარაუდი, მაგრამ ძალიან მოზომილად ვაკეთებ განცხადებას და არ დამიდანაშაულებია სასამართლო  პირდაპირ. მაგრამ ის, რაც მოსამართლემ ღიად გააკეთა, იყო იმაზე უარესი, ვიდრე ლუსტრირებაა”, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატი არ გამორიცხავს, ოპოზიციის ინტერესსაც, გაევრცელებინა ფარული ჩანაწერი, თუმცა ამბობს, რომ თავის დროზე  “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ გამოიყენა ის შანტაჟისთვის და შინაარსი მათთვის სიანტერესო არ იყო.

“მე ვავიწროვებ იმ სავარაუდო პირთა წრეს, ვის ინტერესებშიც შედიოდა ასეთი ანგარიშსწორება. ეს არის სააკაშვილის რეჟიმის შემოქმედება – მათ ჰქონდათ მცდელობა ამ გზით შანტაჟის და ვერაფერს მიაღწიეს, ვერც გამოიყენეს, მათთვის არ იყო ეს შინაარსი საინტერესო და მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა.  მე მათ დღესაც არ გამოვრციხავ იმიტომ, რომ მათთდამი შეურიგებელი პოზიცია მაქვს და ეს არასდროს შეიცვლება. ამ ჯგუფს დაემატა, დღეს ვისთანაც მაქვს ღია კონფლიქტი”, – განაცხადა ბესელიამ.

 

რამდენიმე დღის წინ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით ადამიანებს უგზავნიდნენ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. თავდაპირველად აღნიშნული კადრების გავრცელება სხვადასხვა ჩატებით პირად მიმოწერებში ხდებოდა, თუმცა დღეს, 31 იანვარს “ფეისბუკის” ერთ-ერთი მომხმარებლის კედელზე საჯაროდაც აიტვირთა. ვიდეო ამ დროისთვის წაშლილია.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვიდეოს გამოჩენის შემდეგ ისინი სოციალური ქსელის ადმინისტრაციის ჯგუფს დაუკავშირდნენ, რის შედეგადაც კადრები “ფესბუკიდან” წაიშალა.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სსსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი