დღეს, 22 ივნისს, ადვოკატმა და პოლიტიკოსმა, ეკა ბესელიამ ქალთა ციხეში მოინახულა ელენე ხოშტარია, რომლის ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესების შესახებაც ცნობები წინა კვირაში გავრცელდა.

ეკა ბესელიას თქმით, ელენე გადაადგილდება ხელჯოხით და, მართალია, ცდილობს დამალვას, მაგრამ აშკარად აწუხებს ტკივილები.

„როდესაც ის ბოლოს ვნახე, არც ხელჯოხი სჭირდებოდა, არც სიარული უჭირდა და საერთოდ ვიცით, როგორი ამტანია. ახლა კი ხელჯოხით გადაადგილდება, ხელჯოხით მოვიდა შეხვედრაზე. ვიზუალურად კი ცდილობდა, არ შეემჩნია, მაგრამ აშკარაა, რომ ძლიერი ტკივილები აწუხებს.

სახეზეა იმ დაავადებების პროგრესირება, რის გამოც მას თურქეთში წასვლა და მკურნალობა დასჭირდა; ეს პრობლემები ახლა სხვა სირთულეებში გადაიზარდა. როგორც ელენემ მითხრა, ჩემთან შეხვედრამდე მას მთავარი ექიმიც შეხვდა, გაესაუბრა და გაუზიარა, თუ სად ხედავს ჯანმრთელობის კუთხით არსებულ ხარვეზებსა თუ არასაკმარის მკურნალობას

პირობა მივიღე როგორც ციხის დირექტორისგან, ისე მთავარი ექიმისგან, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად გაკეთდება. მითხრეს, რომ ანალიზების ნაწილზე პასუხს დღესვე მიიღებენ, ნაწილი ხვალ იქნება, მაქსიმუმ ზეგ. ამასთან, ისინი შეხვდებიან ელენეს მიერ მოთხოვნილ მკურნალ ექიმს. მთავარი ექიმი მასთან ერთად გაივლის და გააზიარებს ანალიზების შედეგებს, რათა ზუსტი დიაგნოზი დაისვას. დიაგნოზის დასმის შემდეგ კი უნდა განისაზღვროს მკურნალობის კურსი — სად და რა წესით უნდა ჩატარდეს ის. ამ პროცესში, მათ შორის თურქეთის სამედიცინო მხარესთან, ელენეს ნდობით აღჭურვილი ექიმი იქნება მთავარი საკონტაქტო პირი”, – განაცხადა ბესელიამ ტვ პირველთან საუბარში.

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის — „რუსული ოცნება“ — გაკეთების გამო (სოლიდარობის ნიშნად 23 წლის სტუდენტ მეგი დიასამიძისადმი). სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა პოლიტიკოსმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა გადახდაზე და საპატიმროში დარჩა. საბოლოოდ მას წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიესაჯა. 2026 წლის მარტში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ და „დროას“ აღმასრულებელმა მდივანმა გიგა ლემონჯავამ განაცხადეს, რომ საპატიმროში პოლიტიკოსის ჯანმრთელობა ბოლო 4 თვის განმავლობაში საგრძნობლად გაუარესდა. მათი თქმით, მას აწუხებს სახსრების ძლიერი ტკივილი, უჭირს გადაადგილება (სჭირდება ხელჯოხი) და ზოგჯერ წერაც კი. დაცვის მხარე თურქი ექიმების რეკომენდაციებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სათანადო მკურნალობის გარეშე ხოშტარიას ჯანმრთელობას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ხოშტარიას დიაგნოზების აბსოლუტური უმეტესობა ქრონიკულია და ციხეში შესვლამდე ჰქონდა დადგენილი. უწყების განმარტებით, პატიმარს უტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა და სპეციალისტების კონსულტაციები, მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა, თავად მსჯავრდებული კი სამედიცინო პერსონალთან უკმაყოფილებას არ გამოხატავს.