ახალი ამბები

ხაზარაძის თქმით, სავარაუდოდ, ხოშტარიას კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებენ

24 ივნისი, 2020 • 1876
ხაზარაძის თქმით, სავარაუდოდ, ხოშტარიას კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებენ

„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, მისი პოლიტიკური გაერთიანება ელენე ხოშტარიას მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებს.

ხაზარაძემ 24 ივნისს ტვ პირველზე ინგა გრიგოლიას გადაცემაში თქვა, რომ „ლელო“, მართალია, 30 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატების დაყენებას აპირებდა, თუმცა დასძინა:

„ყოველთვის ვამბობთ, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება. შესაბამისად, როცა ვამბობთ, რომ ჩვენ 30 კანდიდატს ვაყენებთ, ყოველთვის ვამბობთ, რომ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვესიმპათიურება — ადამიანებზეა ლაპარაკი და არა პოლიტიკურ პარტიებზე — შეიძლება, გავითვალისწინოთ“…

„აი, მაგალითად, ლაკას [ელენე ხოშტარიას] მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მეომარ, თავდადებულ ადამიანს და, არამარტო მე, მართლა სიმპათიით ვარ განმსჭვალული. ჩვენ ალბათ ელენეს, — კიდევ შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს, თბილისზე არ არის საუბარი, — [კონკურენტებს არ დავუყებებთ]“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

19 ივნისს ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც ლეიბორისტების ოფისში მართავდა კონსულტაციებს, თბილისში შეთანხმებული საერთო მაჟორიტარების კანდიდატებს შორის ელენე ხოშტარია დაასახელა. ხოშტარია ვაკეში განიხილება მაჟორიტარობის კანდიდატად. „ლელომ“ ამ პროცესში არ მიიღო მონაწილეობა.

კითხვაზე, რას აპირებს „ლელო“ სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით, ხაზარაძემ თქვა:

„ჯერ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, ვის სად აყენებს… ჯერ ჭორების დონეზეა… მოდით, ელენეზე გავჩერდეთ ახლა… მე მინდა, რომ გავჩერდეთ ელენეზე და როცა ყველაფერი ჩამოყალიბდება, ჩვენ ძალიან კონსტრუქციულ როლს ვითამაშებთ საერთო ოპოზიციურ განწყობაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მუდმივად დავრჩებით, როგორც დამოუკიდებელი ძალა, და თუ რამდენიმე ადამიანს არ დავუყენეთ კანდიდატი, ეს, მგონი, საერთო საქმეს წაადგება“…


19 ივნისს „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებას საკუთარი კანდიდატი ეყოლებოდა ოცდაათივე მაჟორიტარულ ოლქში, მათ შორის თბილისის რვავე რაიონში, თუმცა, კანდიდატების დასახელების მიუხედავად, ხაზარაძე ოპოზიციასთან კონსულტაციებსაც არ გამორიცხავდა.

ვრცლად „ლელოს“ საარჩევნო დილემის შესახებ:

 

საერთო მაჟორიტარები და “ლელოს” დილემა

მასალების გადაბეჭდვის წესი