ახალი ამბებიეკონომიკა

რა იცვლება “აწარმოე საქართველოში”

24 ივნისი, 2020 •
რა იცვლება “აწარმოე საქართველოში”

ეკონომიკის სამინისტროს  “აწარმოე საქართველოში” 2020 წელს დაფინანსების მოცულობას ზრდის, ასევე იზრდება იმ სექტორების რაოდენობაც, რომლებიც სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

კონკრეტულად კი სსიპ-ს “აწარმოე საქართველოში” დაემატა შემდეგი სფეროები: პლასტმასის, სამშენებლო მასალებისა და მინერალური წყლების წარმოება და ლაბორატორიები.

“აწარმოე საქართველოში” ბიზნესს შემდეგ პროგრამებს სთავაზობს:

  • სესხის უზრუნველყოფა,
  • საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი,
  • სესხის პროცენტის თანადაფინასება,
  • მიკროგრანტების კონკურსი
  • მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა.

სესხის უზრუნველყოფის ნაწილი გულისხმობს იმას, რომ მეწარმეს სესხის გარანტორად სახელმწიფო უდგება, ანუ მეწარმეს უზრუნველყოფისთვის საკუთრი ქონების ჩადება არ უწევს. მიკროგრანტების პროგრამით, როგორც “აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი ამბობს, 300-ზე მეტი საქმიანობა დაფინანსdება.

რაც შეეხება სესხის თანადაფინანსებას, აქ პროგრამა ისეთ ინდუსტრიულ მიმართულებებს დააფინანსებს, როგორებიცაა ტყავის საწარმო, ხის მასალები, არმატურა და ა.შ. სესხის თანადაფინანსების თვეების რაოდენობა 24 თვიდან 36 თვემდე გაიზრდება. ამასთან, შეიცვალა თანამონაწილეობის პროცენტიც – რეფინანსირების განაკვეთს +3%, ხოლო ლიზინგის საგნის გაცემის მომენტში რეფინანსირების განაკვეთს +5%.

“მაგალითად ,თუ თქვენ ბანკიდან აიღებთ სესხს წლიურ 13% -ში, გამოდის, რომ 1.5%-ს სახელმწიფო დაგიფარავთ, რაც სამი წლის განმავლობაში ბიზნესის წარმოებისთვის მნიშვნელოვანი თანხა დარჩება”,- აცხადებს ხიდურელი.

სესხის უზრუნველყოფის ნაწილში სესხის მოცულობის ქვედა ზღვარი 50 ათასი ლარიდან 5 მლნ ლარამდეა. ხიდურელის თქმით, ახალ სესხებზე სახელმწიფო 90%-იან გარანტიაში შედის. მიკროგრანტების ნაწილში გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 ათას ლარამდე იზრდება, სადაც მეწარმის თანამონაწილეობა 10% უნდა იყოს. ანუ თუ მეწარმე გრანტის მიღებას გადაწყვეტს, მან ამ თანხის 10% უნდა დახარჯოს. მაგალითად, თუ მეწარმე 30 ათასი ლარის ოდენობის გრანტზე გააკეთებს განაცხადს, მისი კონტრიბუცია 3 ათასი ლარი უნდა იყოს. მცირე გრანტებისთვის 2020 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.

“აწარმოე საქართველოშის” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმია, რომლის ბიუჯეტიც 20 მლნ ლარიდან (კორექტირებული ბიუჯეტით) 330 ლარამდე იზრდება. მთავრობა ამტკიცებს, რომ პროგრამის მეშვეობით 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო საგარანტიო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება. სქემით სახელმწიფო გარანტიას გასცემს გაცემული სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 90%-მდე ოდენობაზე. წელს, ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც მიიღებენ ამ სქემაში მონაწილეობას. “აწარმოე საქართველოშის” წარმომადგენელი ლაშა ბოსტაშვილი გვეუბნება, რომ 10-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჩაერთვება პროგრამაში. მისივე განმარტებით, თუ კომერციული ბანკების შემთხვევაში სესხის ლიმიტი 50 ათსი ლარია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში გარანტია- 20 ათასი ლარიდან გაცემულ სესხებზე. ბოსტაშვილს, რომელიც მეწარმეობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ასევე ვკითხეთ, რა გარანტია აქვს სახელმწიფოს, რომ წელს საკრედიტო-საგარანტიო სქემა კარგად იმუშავებს, რადგან 2019 წელს პროგრამას ბენეფიციარი არ ჰყოლია.

“[გარანტია] არის მოთხოვნა ბიზნესიდან. ვერ დაგეთანხმბებით, რომ ამ სქემის შესახებ ბიზნესმა იცოდა, უბრალოდ საბანკო ინსტიტუტი არ საჭიროებდა აღნიშნული სქემებით სარგებლობას. ისინი დიდ ინტერესს არ გამოხატავდნენ. ახლა სხვა სიტუაციაა… გაუმჯობესებული პირობები გვაქვს. თუ იყო 70%-მდე გარანტირება 2019 წლის დადგენილებით, ახლა პროგრამა 90%-მდე გარანტირებას გასცემს. შარშან პროგრამის ბიუჯეტი თუ 20 მლნ ლარი იყო, წელს 330 მლნ ლარია. ეს რიცხვები ყველაფერზე მეტყველებს”, – ამბობს ბოსტაშვილი.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის პრიორიტეტებზე ნეტგაზეთმა “აწარმოე საქართველოშის” დირექტორსაც ჰკითხა. მისი თქმით, წელს პრიორიტეტი საკვების წარმოება და გადამამუშავებელი მრეწველობა იქნება:

“წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი საკვებ-სასმელის წარმოება და მეორადი გადამუშავება იქნება, რადგან მსოფლიომ დაინახა, რომ ქვეყანა თვითუზრუნველყოფილი უნდა იყოს და მაქსიმალურად შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ, მხოლოდ სოფლის მეორად გადამამუშავებაში მომუშავე მეწარმისთვის გვაქვს როგორც სესხის პროცენტის დაფინანსება სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ასევე, ჩვენი სააგენტოდან სესხის უზრუნველყოფის პროგრამა. ანუ მეწარმეები სესხზე ორი სხვადასხვა პროგრამით ისარგებლებენ.”

“აწარმოე საქართველოშის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია განაცხადების მიღება როგორც საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობაზე, ასევე სხვადასხვა პროგრამებზე. როგორც ბოსტაშვილი ამბობს, 2020 წლის ბიუჯეტში “აწარმოე საქართველოში” სხვადასხვა მიმართულების ბიჯეტი, ჯამში, ნახევარ მილიარდ ლარს შეადგენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი