ახალი ამბები

დაბეჭდილ სახელმძღვანელობთან ერთად ელ.ვერსიების შექმნაც განიხილება – განათლების სამინისტრო

22 ივნისი, 2020 • 1079
დაბეჭდილ სახელმძღვანელობთან ერთად ელ.ვერსიების შექმნაც განიხილება – განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით სექტემბრისთვის სკოლის დაბეჭდილ სახელმძღვანელოებთან ერთად იგეგმება წიგნების ელექტრონული ვერსიების შემუშავებაც, თუმცა ეს არ ჩაანაცვლებს ნაბეჭდ სახელმძღვანელოებს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

დგებუაძის განმარტებით, ელექტრონული რესურსების განვითარებაზე მუშაობა სამინისტრომ პანდემიამდე დაიწყო პროექტის “ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში, რაც სკოლებში ტექნოლოგიების შეტანას და მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობას გულისხმობს:

“პანდემიის პირობებში, მოგეხსენებათ, კიდევ უფრო გაძლიერდა მოთხოვნა იმაზე, რომ შეიქმნას კიდევ უფრო მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები. შესაბამისად, ჩვენ გავუწიეთ ორგანიზება გამომცემლებთან შეხვედრას და დავიწყეთ დიალოგი. ეს სამუშაო პროცესია და ჩვენ ამ შეხვედრებს ეტაპობრივად გავაგრძელებთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს გრიფირებულ სახელმძღვანელოს ნაბეჭდი ანუ მატერიალური სახით. თუმცა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ რესურსები, გამომცემლებს ვესაუბრეთ და შევთავაზეთ, წარმოადგინონ წინადადებები, რა პირობით მოგვცემდნენ სამინისტროს უფლებას, რომ არსებული გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელთაც ვბეჭდავთ, არსებობდეს ელექტრონული – PDF ფაილის სახით.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საუბარია ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად, PDF ფაილის ხელმისაწვდომობაზე, რაც არ ანაცვლებს ნაბეჭდ სახელმძღვანელოს”, – განმარტა დგებუაძემ.

სამინისტროსთან შეხვედრის დეტალების დასაზუსტებლად ნეტგაზეთი “პალიტრა L”-ის დირექტორს, თინა ასათიანს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც სამინისტროს მხრიდან კონკრეტული განკარგულება ამ ეტაპზე არ მიუღიათ, შეხვედრაზე კი სექტემბრისთვის ელექტრონული სახელმძღვანელოების შემუშავებაზეც ისაუბრეს.

“სამინისტროსთან შეხვედრისას საუბარი იყო, რომ სექტემბრისთვის მოვამზადოთ სასკოლო სახელმძღვანელოების ადაპტირებული ელექტრონული ვერსიები. თუმცა როგორც შეხვედრაზე იყო საუბარი, ეს არ გულისხმობს, რომ წიგნები ბეჭდური სახით საერთოდ აღარ გამოვიდეს, სავარაუდოდ იქნება შერეული მაგრამ ამ საკითხზე ჯერ მხოლოდ მსჯელობა მიდის. ჯერ ერთი შეხვედრა გაიმართა და ამ კვირაში იგეგმება მეორე შეხვედრის გამართვაც”, – განაცხადა ასათიანმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“გამომცემლობა მერიდიანის” ხელმძღვანელის, კახაბერ რუსიძის განმარტებით სამინისტროსთან გამართულ შეხვედრაზე სანბეჭდი სახლემძღვანელობეის ელექტრონული წიგნებით ჩანაცვლებაზე საუბარი არ ყოფილა:

“შეხვედრა გქვონდა სამინისტროსთან, თუმცა იქ არ განხილულა საკითხი იმაზე, რომ მხოლოდ ელექტრონული წიგნებით ისწავლონ სკოლის მოსწავლეებმა. ელექტრონულ წიგნებთან დაკავშირებით არის რაღაც მონახაზები, მაგრამ ისე, რომ აუცილებლად უნდა გადავიდეთ ელექტრონულ წიგნებზე, მსგავსი თემა არ განხილულა”, – განაცხადა რუსიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო პროცესი საქართველოში 2 მარტიდან შეწყდა, 1 აპრილიდან კი დისტანციურ რეჟიმში განახლდა, რომელიც სასწავლო წლის დასრულებამდე, 15 ივნისამდე გაგრძელდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით მოსალოდნელი არ არის, რომ 2020 წლის სექტემბრიდან სასწავლო პროცესი არ აღდგეს. თუმცა ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რა სახით განახლდება სწავლა.

სწავლა შაბათს ან გაკვეთილების დამატება – როგორ აანაზღაურებენ სკოლები გაცდენილ სასწავლო დღეებს

მასალების გადაბეჭდვის წესი