ახალი ამბებისაზოგადოება

20 ივნისი – გაკვეთილი რუსეთისთვის(აც)

20 ივნისი, 2020 • 4123
20 ივნისი – გაკვეთილი რუსეთისთვის(აც)

“ახლა დრო რომ უკან გადაახვიო, ცოცხალი თავით არავის ჩავასმევინებდი გავრილოვს ამ სკამში”, – იტყვის “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ. ამ გადასახედიდან უკვე ნათელია, რომ ქართული საზოგადოების ემოცია და პასუხი საქართველოს პარლამენტის პრეზდიუმიდან რუსულად მოსაუბრე დუმის დეპუტატის კადრზე არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებს შეცვლის, არამედ მკაფიო გზავნილი იქნება რუსეთისთვისაც.

რა ასწავლა 20 ივნისის გაკვეთილმა, ერთი მხრივ, მოსკოვს და მეორე მხრივ, პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, რომლებიც ოკუპაციის მიუხედავად, რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე დებდნენ ფსონს? და რა გავლენა იქონია განვითარებულმა მოვლენებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე?

“სამწუხაროდ, ორგანიზატორების მიერ დაშვებულ იქნა ძალიან სერიოზული შეცდომა საერთაშორისო ფორუმის ჩატარებისას”, – ამბობს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი და მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან ზურაბ აბაშიძე და დასძენს, რომ შემდგომ ეს შეცდომა აღიარეს უშუალოდ ორგანიზატორებმაც და “ოცნების” ხელისუფლებამაც მთლიანად.

“ამ შეცდომას მოჰყვა ჩვენი საზოგადოების გულწრფელი და ძალიან მძაფრი რეაქცია – ხალხი გამოვიდა ქუჩაში, იყო საპროტესტო მანიფესტაცია. მაგრამ შემდგომ ამ ვითარებით ისარგებლეს დესტრუქციულმა ძალებმა და პროცესები გადაიყვანეს ძალადობრივი ქმედებებისკენ. რა შედეგებითაც დამთავრდა ეს, ყველასთვის კარგად ცნობილია”, – აცხადებს აბაშიძე. ამ ამბავს განსხვავებულად აფასებენ ოპოზიციასა და იმ სამოქალაქო ჯგუფებში, რომელბიც ივნისის საპროტესტო აქციებს ედგნენ სათავეში. მათი შეფასებით ორივეზე, გავრილოვის ჩამოყვანასა და 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება.

თანმდევმა მოვლენებმა – რუსეთის მიერ 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილებამ, ზურაბ აბაშიძის ცნობით, ტურისტული სექტორი 350 მილიონამდე დოლარით დააზარალა. რუსული ბაზრის არასტაბილურობა სიახლე არავისთვის არ უნდა ყოფილიყო. აბაშიძის თქმით, “ქართული ოცების” სავაჭრო ურთიერთობებისთვის მხოლოდ კარი გახსნა და ბაზრის არასტაბილურობა კი მათი ბიზნესის რისკის ნაწილი, ვისაც ამ შესაძლებლობით სარგებლობა მაინც უღირს.

“20 ივნისის მოვლენებს ჰქონდა თავისი პოლიტიკური ეფექტიც ბევრ რამეზე, ახლა, რაც დრო გადის, ალბათ, უფრო რეალურად შეგვიძლია დავინახოთ ის სურათი, რაც მაშინ მოხდა და რაც შემდეგ გამოიკვეთა. შეიძლებოდა, ეს ყველაფერი თავიდან აგვეცილებინა და ასეთი შედეგები არ მიგვეღო”, – მიიჩნევს ზურაბ აბაშიძე.

როგორ აღმოჩნდა რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში

რუსეთის დუმის დეპუტატის ვიზიტი და საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩასმა თუ მასობრივი პროტესტის საფუძველი გახდებოდა, საქართველოს ხელისუფლებას წინმსწრებად არ გაუთვლია. პოსტ ფაქტუმ კი მომხდარის “პროტოკოლურ შეცდომად” წარმოჩენა სცადა – თქვა, რომ არსებობდა შეთანხმება,  სხდომა ასამბლეის ბერძენ გენერალურ მდივანს ანდრეას მიხაილიდისის წაეყვანა და არა – ასამბლეის პრეზიდენტ სერგეი გავრილოვს; მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი “დამნაშავე” პარლამენტის ტექნიკური სამსახურში იპოვა და ხმის ოპერატორზე მიუთითა, რომელიც ამავდროულად სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილის მამაა და საქართველოს პარლამენტში ათეულობით წელია მუშაობს.

“6 წელია ჩვენ, ქართული მხარე ვითხოვდით ამას”, – ასე უპასუხა მაშინ ზაქარია ქუცნაშვილმა “ნეტგაზეთის” კითხვას იმის შესახებ, თუ ვისი ინიციატივა იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (I.A.O.) სესიის საქართველოში ჩატარება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ ასეთი საერთაშორისო ფორუმის თბილისში გამართვა “პრესტიჟის საკითხია”. 2019 წელს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საწევროს სახით საქართველოს 30,27 ათასი ლარი აქვს შეტანილი.

გენერალური ასამბლეა თბილისში 2019 წლის 19 ივნისს, ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საზეიმოდ და საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, სერგეი გავრილოვის მიმართვისას კი უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა ღონისძიება პროტესტის ნიშნად დატოვა. მანამდე ოპოზიციამ (ენმ, “ევროპული საქართველო”) მოითხოვა, არ შემოეშვათ საქართველოში რუსეთის დელეგაციის წევრები და ასამბლეას ბოიკოტი გამოუცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი, ოპოზიცია საერთაშორისო ღონისძიების დისკრედიტაციის მცდელობასა და იზოლაციონიზმში დაადანაშაულეს.

 

საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ იყო ხელმოწერილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშირისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სამუშაო გეგმა, რომელიც გაწერილი იყო სტუმრების აეროპორტში დახვედრის, მათი დაცვით უზრუნველყოფის, გენერალური ასამბლეის ჩასატარებლად პარლამენტის შენობის მომზადებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, დარბაზის პრეზდიუმის ცენტრში არსებული ტრიბუნიდან (სხდომის თავმჯდომარის ადგილი) არსებული პერსონალური კომპიუტერების აღების ჩათვლით. პრეზდიუმში ორი სავარძელი დაიდგა, დღის წესრიგით ბერძენი გენერალური მდივნის მიერ IAO-ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქმიანობის მიმოხილვამდე გათვალისწინებული იყო მისასალმებელი სიტყვები. 20 ივნისს სერგეი გავრილოვს სხდომა დაახლოებთ 1 საათის განმავლობაში მიჰყავდა, შესვენებაზე კი სპიკერატი “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დაიკავეს და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ჩაშალეს.

პარალელურად საპროტესტო აქცია დაიწყო პარლამენტის შენობასთან. ამის შემდეგ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება “აღმაშფოთებელ შეცდომად” შეაფასეს, ხოლო დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

აქციის მოთხოვნების შეუსრულებლობის საფუძვლით ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებს ერთ ნაწილსა და სამართალმდაცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი, რამდენიმე მხედველობა.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიიჩნიეს და პროტესტი გააგრძელეს გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი დაპირება უკან წაიღო და მაჟორიტარების წინააღმდეგობის ფონზე ინიციატივა ჩააგდო. საპროტესტო აქციები თბილისის გარდა, რეგიონებშიც გაგრძელდა. საქართველოს აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძრვანელებმა მედიატორობა იტვირთეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში, რომელიც 2020 წლის 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა.

რუსეთის რეაქცია

თბილისში მიმდინარე მოვლენები კრემლმა “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა. რუსეთის დუმამ საქართველოს მიმართ სანქციების შესახებ განცხადება მიიღო. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სანქციები შეიძლება შეხებოდა ღვინისა და გაზიანი წყლის მიწოდების, ასევე ფინანსური და საგარეო ვაჭრობის ოპერაციებს, ტურისტულ საქმიანობას და სხვას. ვლადიმერ პუტინმა სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა, როგორც თვითონ თქვა, “ქართველი ხალხის პატივისცემის გამო”. თუმცა მანამდე კრემლს უკვე დაწესებული ჰქონდა ტურისტული სანქცია – 2019 წლის 8 ივლისიდან პირდაპირი ფრენები ქვეყნებს შორის სწორედ პუტინის ბრძანების საფუძველზე შეწყდა. მოსკოვი ამბობს, რომ შეზღუდვას მოხსნის, როცა საქართველოში “რუსოფობიული ფონი გადაივლის”.

“საქართველოში რუსოფობია არ არის. საქართველოში არის მწვავე კრიტიკული დამოკიდებულება რუსეთის პოლიტიკის მიმართ, რაც გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რასაც რუსეთის ხელისუფლება ატარებს საქართველოსთან მიმართებაში. მაგრამ რუსოფობია რომ არ არის, ისიც მოწმობს, რომ ბოლო წლებში მილიონობით რუსი ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში და არანაირი ინციდენტი და აგრესია მათ მიმართ არ ყოფილა”, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

საქართველოში რუსოფობიის არარსებობაზე თანხმდებიან რუსეთის პოლიტიკის მკვლევარებიც და ამბობენ, რომ ეს მოგონილი საბაბია. ამავდროულად მიიჩნევენ, რომ კრემლს არასწორი წარმოდგენა ჰქონდა რუსეთის მიმართ საქართველოში არსებულ განწყობებზე, რასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების ლოიალურმა პოლიტიკამაც შეუწყო ხელი, 20 ივნისის პროტესტმა კი რუსულ ოკუპაციასთან შეჩვევისა და შეგუების შესახებ ილუზიები გაფანტა.

“რუსეთს ჰქონდა გარკვეული ილუზიები იმასთან დაკავშირებით, თუ რა საზოგადოებრივი განწყობები იყო საქართველოში. ეს ილუზიები შეუქმნა იმ შერბილების და დაშოშმინების პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ეწეოდა. პოლიტიკური ელიტის ცვლილების შემდეგ, ლეგიტიმური იყო ახალი ხელისუფლების მცდელობა, რუსეთთან ახალი ტიპის ურთიერთობები დაემყარებინა. მაგრამ ყურადღება მივაქციოთ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ორ კონცეფციას (მიღებულს 2013 და 2016 წლებში) – ორივე მათგანში საქართველოზე იდენტური პასაჟია, რომ მოსკოვი მზად არის განავითაროს საქართველოსთან ურთიერობები იმ პირობით, რომ საქართველო აღიარებს ახალი რეალობას, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. უკვე დროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიტანოს დასკვნები, რომ რუსეთის მიმართ არსებული კურსი არის მავნე, არაფრისმომტანი და მკვეთრად შეცვალოს იგი. მთავარი, რაც 20 ივნისს მოხდა, ვფიქრობ ისაა, რომ რუსეთის ხელისუფლება ყოველგვარი ილუზიებისგან გათავისუფლდა, ვინაიდან ძალიან კარგად დაინახა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი განწყობა მტკიცეა და არასდროს შეურიგდება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას”, – მიიჩნევს ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უცუფროს მეცნიერ-თანამშრომელი და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში ვალერი ჩეჩელაშვილი.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ილუზიის შემქნაზე პასუხისმგებლობას არ იზიარებს.

“ეს ტერმინოლოგია, როგორიცაა რუსეთთან ურთიერთობების დათბობა, ნორმალიზაცია, დიდი პროგრესი ან გარღვევა – ჩვენ არ გამოგვიყენებია. ეს ჩვენი ოპონენტების მცდელობაა, მიაწერონ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რაც არ შეეხებამება რეალობას. პირიქით ვამბობთ, რომ პოლიტიკური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის ჩიხშია მოქცეული და მანამდე იქნება ასე, სანამ გრძელდება საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ქვეყნებს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობები და მათი აღდგენა ამ ვითარებაში შეუძლებელია. თქვენ ვერ იპოვით მეორე ქვეყანას, რომელსაც ამაზე დაბალ დონის ურთიერთობა ჰქონდეს სახელმიწოფო დონეზე, ვიდრე დღეს ჩვენსა და რუსეთს შორის არსებობს”, – ამბობს აბაშიძე.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია კი მიიჩნევს, რომ “მიუხედავად ერთგვარი დათბობისა, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეინიშნებოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში და რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ წაიკითხა როგორც ქართული მხარის შეგუება ოკუპაციასთან, 20 ივნისის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოების შეხედულება რუსეთისა და კონკრეტულად, რუსეთის პოლიტიკის მიმართ არ შეცვლილა”.

“განსაკუთრებით ახალგაზრდობა არასდროს შეეგუება ოკუპაციას. მოსკოვისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. ასევე აჩვენა, რომ ხელისუფლებამ რაც არ უნდა მოინდომოს ამ ურთიერთობების დალაგება, საზოგადოება ყოველთვის ინარჩუნებს ვეტოს უფლებას და შეუძლია, გარკვეულწილად ზეგავლენა მოახდინოს საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე”, – ამბობს კაკაჩია.

პოლიტოლოგის აზრით, 20 ივნისის მოვლენები გარკვეული მესიჯი იყო ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალებისთვისაც, რომ პრორუსული ნარატივით საქართველოში ელექტროალურ წარმატებას ვერ მიაღწევენ.

“მანამდე პრორუსული პოლიტიკურ ძალები უზარმაზარ მანიფესტაციებს მართავდნენ თავიანთი პრორუსული მესიჯების გასაჟღერებლად. 20 ივნისის შემდეგ ამ მიმართულებით შემართება საეჭვოდ გაუქრათ”, – დასძენს კაკაჩია.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლისთავზე ვიდეომიმართვა გაავრცელა სერგეი გავრილოვმა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა იპოვის ძალას, რათა “დაასრულოს გადატრიალების მოსურნე რევანშისტთა გეგმები”, რომლებიც ქვეყნიდან გაძევებული და გასამართლებული პრეზიდენტის კალდაკვალ ცდილობენ საქართველოში დემოკრატიის და მშვიდობის გაუქმებას.

ამავე თემაზე გირჩევთ

20 ივნისი – ბიძგი პოლიტიკური ცვლილებებისთვის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი