„პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში როგორ აღმოჩნდა გავრილოვი, მიკროფონი ჩაურთო და შეიძლება სკამიც დაუდო აქციების ერთ-ერთი ლიდერის მამამ“, — განაცხადა 4 ოქტომბერს ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.
ამის შემდეგ აქციების ციკლის, „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ქუცნაშვილი მამამისზე საუბრობდა: „[ქუცნაშვილი] გავრილოვის ჩამოყვანას აბრალებს მამაჩემს, რომელსაც პარლამენტში მხოლოდ გახმოვანების გამართულად მუშაობა ევალება“.
ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, დაკავშირებულია გენერალური ასამბლეის თბილისში ჩატარებასთან და, შესაბამისად, რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან, რომლის წევრიც იყო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი.
სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა რუსულ ენაზე. ამას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც თვეების განმავლობაში გაგრძელდა.
იმ საღამოს, 20 ივნისს, დემონსტრანტების დასაშლელად ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, რა დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.
გადადგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი დეპუტატის მანდატი დატოვა. ასევე, ხელისუფლებამ დათმო და დემონსტრანტების მეორე მოთხოვნა დააკმაყოფილა საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.