ახალი ამბები

იყო შეთანხმება, რომ სესიას არა გავრილოვი, არამედ ბერძენი დეპუტატი გაძღოლოდა – თალაკვაძე

20 ივნისი, 2019 • 1714
იყო შეთანხმება, რომ სესიას არა გავრილოვი, არამედ ბერძენი დეპუტატი გაძღოლოდა – თალაკვაძე

“არ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას. ეს არის ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობა. მომავალში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საკითხთან დაკავშირებით.

მისი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სხდომას ბერძენი გენერალური მდივანი გაძღოლოდა. თალკვაძის თქმით, რუსმა დეპუტატებმა საქართველო უნდა დატოვონ.

“მას შემდეგ, რაც რუსმა დეპუტატმა [სერგეი გავრილოვი, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტია] თანაწამყვანის პოზიცია დაიკავა სხდომათა დარბაზში, ჩვენი რეაქცია და პოზიცია იყო ძალიან ცალსახა და ჩვენი ემოცია იყო იგივე, რაც მთელი საზოგადოების. ვიდრე ოკუპაცია გრძელდება, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის. რუსმა დეპუტატებმა უნდა დატოვონ საქართველო. ჩემი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ ბერძენი კოლეგა უნდა გაძღოლოდა სესიას და როდესაც სესია გაიხსნა, რუსმა დეპუტატმა დაიკავა თანათავმჯდომარის პოზიცია”,- აცხადებს თალაკვაძე და არ გამოვრიცხავს, რომ ეს იყო პროვოკაციული ქმედება.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტია მოთხოვნას, თალაკვაძის თქმით, ეს არასერიოზულია.

საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.

დღევანდელ სხდომას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. მან პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ადგილი დაიკავა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო სივრცეში.

გავრილოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თუმცა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

ფაქტს ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა: ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს და განაცხადეს, რომ არ შემოუშვებენ რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობს.

გავრილოვს დარბაზი დაატოვებინეს, თუმცა ამ ეტაპზე დაუზუსტებელია, სად იმყოფება ის. უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ, დაადასტურა, რომ ღონისძიება პარლამენტში აღარ გაგრძელდება, თუმცა არ დაუზუსტებია, სად განახლდება ის.

რამდენიმე საათია, პარლამენტთან აქტივისტები აქციას მართავენ გავრილოვის ვიზიტის წინააღმდეგ. მათი ნაწილი, ტრანსპარანტებითა და შეძახილებით, უშუალოდ პარლამენტის შენობაშიც შევიდა.

დაძაბულობის ფონზე, გავრილოვის ვიზიტი, ოპოზიციის გარდა, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, საქართველოს პრეზიდენტმა, თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დაგმო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი