ახალი ამბები

“სამყაროს: ძალიან სასტიკი იყავი, მაგრამ გპატიობ” – ეგვიპტელი გეი აქტივისტის სუიციდი დევნილობაში

19 ივნისი, 2020 • 3016
“სამყაროს: ძალიან სასტიკი იყავი, მაგრამ გპატიობ” – ეგვიპტელი გეი აქტივისტის სუიციდი დევნილობაში

ეგვიპტელმა აქტივისტმა, რომელსაც თავისმა სახელმწიფომ მუსიკალური ჯგუფის კონცერტზე ლგბტ დროშის აფრიალება არ აპატია, 30 წლის ასაკში ემიგრაციაში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სარა ჰიჯაზი ბოლო წლებში კანადაში ცხოვრობდა. ეს მას შემდეგ, რაც სამშობლოში აქტივიზმისთვის უკუაგდეს, დააპატიმრეს და, როგორც თავად ყვებოდა, სასტიკად აწამეს.

სარას ცხოვრება 2017 წლის სექტემბერში შეიცვალა, როდესაც კაიროში კიდევ ერთ აქტივისტთან ერთად ლგბტ დროშა ააფრიალა ლიბანური ბენდის კონცერტზე, რომლის სოლისტიც ღიად გეია. როგორც მისმა მეგობარმა CNN-ს უთხრა, ამით ჰიჯაზიმ “სიჩუმის მრავალი ბარიერი დაამსხვრია”, რასაც მაშინ ლგბტ თემის წევრები და მხარდამჭერები მიესალმნენ, თუმცა სახელმწიფოს პასუხი უმკაცრესი იყო: დაიწყო ლგბტ ადამიანების ან თემის წევრებად მიჩნეული პირების მასობრივი დაკავებები. დაკავებულებს შორის იყო თავად სარა ჰიჯაზიც.

დამოუკიდებელი ეგვიპტური გამოცემისათვის დაწერილ სტატიაში აქტივისტი აღნიშნავს, რომ დაკავების შემდეგ ელექტროშოკით აწამეს.

“მემუქრებოდნენ, რომ დედაჩემს მიაყენებდნენ ზიანს, თუ ვინმეს ამის შესახებ ვეტყოდი – დედაჩემს, რომელიც გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ქვეყანა დავტოვე.

ელექტროშოკი საკმარისი არ აღმოჩნდა. პოლიციის განყოფილებაში კაცებმა იქ დაკავებულ ქალებს მოუწოდეს, სექსუალურად ეძალადათ ჩემზე, ფიზიკურად და ვერბალურად”,  – წერს ის.

ეგვიპტის ხელისუფლებას, რომელიც ყოველთვის უარყოფს ციხეებში წამების პრაქტიკის არსებობას, ჰიჯაზის მონაყოლისათვის არ უპასუხია.

ადვოკატის თანახმად, აქტივისტს ედავებოდნენ “გარყვნილების პროპაგანდასა” და “არალეგალური ორგანიზაციის წევრობას, რომელიც ემუქრება საზოგადოებრივ და სოციალურ მშვიდობას”. ამ მუხლებით ეგვიპტეში ხშირად აპატიმრებენ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს სხვადასხვა ბანაკიდან.

სარა ჰიჯაზი არ იყო ერთადერთი: ის იმ მრავალ მოქალაქეს შორისაა, რომელიც ეგვიპტის ამჟამინდელი პრეზიდენტის, აბდ ალ-ფათაჰ ალ-სისის მმართველობის დროს დაზარალდა გამოხატვის თავისუფლებაზე შეტევის გამო. Washington Post-ის თანახმად, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები არაერთგზის აღნიშნავენ, რომ სისის ადმინისტრაციის ქმედებები წარმოადგენს ეგვიპტეში განხორციელებულ ყველაზე უარეს რეპრესიებს ბოლო ათწლეულებში. მრავალი მოქალაქე ციხეშია, ზოგი საერთოდაც გაუჩინარდა, არაერთმა კი ქვეყანა დევნის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

სასამართლოს მიერ გათავისუფლების შემდეგ ჰიჯაზიმ აღმოაჩინა, რომ ოჯახმა უარყო, სამსახურიდან კი გაათავისუფლეს. შემდგომი დევნისთვის თავი რომ აერიდებინა, ქვეყნა დატოვა, თუმცა, როგორც მისი მეგობარი აღნიშნავს, “ეგვიპტესა და მისგან დატოვებულ ტრავმას არასდროს დაუტოვებია ის”.

თავად ჰიჯაზი ამბობდა, რომ კანადაში გადახვეწის შემდეგ ეშინოდა ყველასი, მათ შორის, მეგობრებისა და ოჯახის წევრების. იტანჯებოდა მწვავე დეპრესიით, სტრესითა და პანიკური შეტევებით. ემიგრაციის წლებში თვითმკვლელობა ორჯერ სცადა.

სარა ჰიჯაზი გასულ კვირას დაიღუპა. თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში ის აღნიშნავდა:

“ჩემს დედმამიშვილებს: ვეცადე, გადავრჩენილიყავი, მაგრამ არ გამომივიდა. მაპატიეთ. ჩემს მეგობრებს: გამოცდილება იყო მწარე და ძალიან სუსტი ვარ, რათა მას გავუმკლავდე. მაპატიეთ. სამყაროს: ძალიან სასტიკი იყავი, მაგრამ გპატიობ”.

“ძლიერი იყო. შეეძლო, გადარჩენილიყო, მაგრამ საზოგადოებამ ის გაანადგურა”, – უთხრა აქტივისტის ადვოკატმა CNN-ს.

სარა ჰიჯაზი გარდაცვალებამდე თავადაც წერდა საზოგადოებაში არსებულ სტიგმაზე როგორც ლგბტ ადამიანების, ისე მშრომელების, ქალებისა და სხვათა მიმართ და აღწერდა, როგორ იყენებს ამ ფაქტორს სახელმწიფო რეპრესიებისთვის. მისი თქმით, ეგვიპტის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ და ისლამისტებმა, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულნი, გადაკვეთის წერტილი სწორედ ლგბტ ადამიანების ჩაგვრაში იპოვეს.

” “მუსლიმთა საძმომ”, სალაფიტებმა და ექსტრემისტებმა, როგორც იქნა, იპოვეს შეთანხმების [გზა] მმართველ ძალებთან: ჩვენზე შეთანხმდნენ. შეთანხმდნენ ძალადობაზე, სიძულვილსა და დევნაზე. შესაძლოა, ისინი ერთი მონეტის ორ მხარესაც წარმოადგენდნენ”, – წერდა ის.

აქტივისტის თვითმკვლელობა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა ეგვიპტის სოციალურ ქსელებში ბოლო დღეების განმავლობაში. ლგბტ თემის წევრები და მხარდამჭერები, აქტივისტები თუ რიგითი მოქალაქეები პატივს მიაგებენ მის ხსოვნას და საუბრობენ ჩაგვრაზე, რომელმაც ჰიჯაზი ამ ზომამდე მიიყვანა.

დისკუსიის პარალელურად, რეალური თუ ყალბი პროფილებიდან სოციალურ ქსელებში მალევე გაჩნდა აქტივისტისადმი კრიტიკული და შეურაცხმყოფელი გზავნილები, რომელთა ავტორებიც გარყვნილებად და რელიგიასთან შეუთავსებლად აფასებენ მის წარსულ საქმიანობას.

“ყველაზე შემაშფოთებელი მისი სიკვდილის ამბავში ის ხალხია, ვისაც ეს გაუხარდა. ის დაკავების, წამების, [ქვეყნიდან] გაძევების შემდეგ დაიღუპა. რომელი რელიგია გაძლევთ უფლებას, გარდაცვლილი ადამიანი შეურაცხყოთ?’ – მიმართა აქტივისტის მეგობარმა ამრ მუჰამადმა საზოგადოების ნაწილს.

ეგვიპტეში სახელმწიფოს მხრიდან ლგბტ ადამიანების დევნა ახალი პრაქტიკა არ არის. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის ფარგლებში, 2001 წელს, ქვეყნის პოლიციამ ერთ-ერთ ნავზე 52 კაცი დააკავა მუხლით, რომელსაც ხშირად იყენებენ უშუალოდ ლგბტ პირების წინააღმდეგ. ცნობების თანახმად, აღნიშნულ მოვლენებს თან სდევდა წამება და დამცირება, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა მათ ცხოვრებაზე.

გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, 2018 წელს, სარა ჰიჯაზი ემიგრაციიდან წერდა:

“კონცერტიდან 1 წლის შემდეგ, 1 წლის შემდეგ [ეგვიპტის] უდიდესი შეტევიდან გეი ადამიანების წინააღმდეგ, 1 წლის შემდეგ იმის გაცხადებიდან, რომ ვარ განსხვავებულ ი(დიახ, მე გეი ვარ), მე არ დამვიწყებია ჩემი მტრები. არ დამვიწყებია უსამართლობა, რომელმაც შავი, სისხლმდენი ხვრელი დატოვა სულში – ხვრელი, რომლის ამოვსებაც ექიმებს ჯერ არ შეუძლიათ”.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი: 

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

მასალების გადაბეჭდვის წესი