ახალი ამბები

შემოღობილი პარლამენტი, რეაბილიტაციის 150 დღე და 20 ივნისის აქცია

19 ივნისი, 2020 • 2187
შემოღობილი პარლამენტი, რეაბილიტაციის 150 დღე და 20 ივნისის აქცია
  • დაახლოებით 150-ე დღე გავიდა იმის შემდეგ, რაც მერიამ პარლამენტი მწვანე ღობით შემოფარგლა და საკანონმდებო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფილების რესტავრაცია დაიწყო. თუმცა ეს პროცესი დღემდე არ დასრულებულა. 
  • ფილების რესტავრაციის პარალელურად, ხვალ, 20 ივნისის აქციის დარბევიდან ერთი წლის შემდეგ მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტის წინ აქციას გეგმავს, თუმცა იმის გამო, რომ პარლამენტი შემოღობილია, აქცია ჩვეულ ადგილზე ვეღარ გაიმართება.
  • “სირცხვილიაში” რეაბილიტაციის მიზნის მიღმა პოლიტიკურ ქვეტექსტს ხედავენ და ამბობენ, რომ პარლამენტის წინ ხელისუფლებამ უბრალოდ საპროტესტო სივრცე გადაკეტა. თბილისის მერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ 20 ივნისის აქციაზე დემონსტრანტებს გამოხატვის თავისუფლება არ შეეზღუდებათ.

პარლამენტის შენობა.19 ივნისი 2020წ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პარლამენტის წინ ფილების, ატრაქციონებისა და აქციების ამბავი

პარლამენტის შენობასა და რუსთაველის გამზირის საავმტომობილო გზას შორის არსებული ტროტუარი ცნობილია იმით, რომ თითქმის ყველა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია აქ მიმდინარეობს. ასე იყო 2019 წლის 20 ივნისის და მის მომდევნო დღეებშიც, როდესაც მოძროაბა „სირცხვილიამ“ ( შემდგომში „ქვეყნის სამსახურში“ ) პარლამენტის წინ რამდენიმეთვიანი ყოველდღიური აქციების სერია მოაწყო.

ახლა, 20 ივნისის აქციის დარბევიდან ერთი წლის შემდეგ, მოძრაობა იმავეს გეგმავს, თუმცა პარლამენტის წინა მხარე მწვანე ღობითაა შემოფარგლული, ღობის მიღმა კი აყრილი ფილებია.

ეს ტერიტორია ახლა გამოიყურება ასე:

პარლამენტის შენობა.19 ივნისი 2020წ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ფილების რეაბილიტაციის შესახებ ცნობილი 22 იანვარს გახდა. პარლამენტი მოქალაქეებს დილით ადრე შემოღობილი დახვდათ. რამდენიმე საათში კი მერიამ თქვა, რომ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს.

ფილების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „გრინსერვისი“ ასრულებს. მისი დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ სამუშაოები, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისისთვის უნდა მორჩეს. ჩნდება კითხვა, რატომ სჭირდება სამუშაოებს ამდენი დრო?  -მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში ბევრმა ისეთმა პრობლემამ იჩინა თავი, რომელიც ზედაპირზე არ ჩანდა.

ფურცხვანიძე გვიყვება, რომ უახლოეს დღეებში უკვე ახალი ფილების დაგების პროცესი დაიწყება, თუმცა ამ ადგილზე ასევე მოწესრიგებდა გამწვანებაც.

ნეტგაზეთმა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ კითხვებით ასევე მიმართა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს. სწორედ ამ სამსახურის კომპეტენციაში შედის მსგავსი ინფრასტურქტურული პროექტები. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კითხვები რეაბილიტაციაზე, მათ შორის, პროექტის ვადასთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაციაა და, შესაბამისად, ოფიციალური ბლანკით გამოთხოვას საჭიროებს.

„ჩვენ, მოძრაობა „სირცხვილიას“, სასაცილოდაც არ გვყოფნის ეს ტრიუკი. თუმცა ის, რომ რეაბილიტაციას ბერკეტად იყენებს მერია, ამას თავადაც გვაჩვენებენ და ეს არახალია. მაგალითად, 30 დეკემბერს, როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი აიღეს, ადგილზე მოვიდნენ ინსპექციიდან და საპატრულო პოლიციიდან. მათ ძალით დაშალეს კარავი, მოასუფთავეს ტერიტორია და დადგეს ზვიგენის ატრაქციონი. ასევე დააკავეს ჩვენი აქტივისტებიც. მახსოვს, ისინი დილით ადრე გაათავისუფლეს და ჩვენ პროტესტის ნიშნად ახალ წელს პარლამენტთან შევხვდით.,“ – ამბობს ნეტგაზეთთან აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, სალომე ბარკერი.

სალომე ბარკერი. ფოტო: პირადი ფეისბუკი

30 დეკემბერს მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი დასუფთავების მანქანებმა მართლაც აიღეს. მაშინ აქტივისტებმა, მათ შორის, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ, წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. თუმცა საბოლოოდ, მერიამ კარავი აიღო და ატრაქციონები აღმართა.

თავდაპირველად ეს იყო ზვიგენის ფორმის ბატუტი, შემდგომ კი აქ ე.წ. საშობაო ბაზრობა და კარუსელები დაამონტაჟეს. მაჩალიკაშვილმა მაშინ მოსახლეობას სთხოვა, რომ ბავშვები პარლამენტის წინ გასართობად არ მიეყვანათ.

ატრაქციონების აღებიდან მალევე, 22 იანვარს, უკვე ფილების რეაბილიტაციის პროექტის შესახებ გაცხადდა. რეაბილიტაცია კი რამდენიმე თვეა, რაც მიმდინარეობს. ასე გამოიყურებოდა პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია 17 თებერვალს.

ასე კი, დაახლოებით, ორი კვირის წინ.

პარლამენტის მიმდებარე ტეტირორია. ფოტო გადაღებულია დახლ. 2 კვირის წინ. ფოტო: „გირჩი ტვ“

„ხელისუფლებას სჭრიდება, რომ აქ არ გრძელდებოდეს ის, რაც წინა ზაფხულს იხილეს – სიცხეში ადამიანები არ იღლებოდნენ და ყოველდღე მოდიოდნენ იმის მოსათხოვად, რაც, მათი აზრით, სწორი იყო. ცხადია, რომ მათთვის უმჯობესია, თუ ეს ადამიანები იქ აღარ იდგებიან ყოველდღე. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ აქ მართლაც იყოს რაიმე გასაკეთებელი და ასაყრელი იყოს ეს ფილები. ამ საკითხში ვერ ვერკვევი, უბრალოდ, ამის მიღმა, ცხადია, რომ ამ ყველაფრით ხელისუფლება სარგებლობს და წელავს დრო“, – განმარტავს სალომე ბარკერი.

ბარკერი გვიყვება, რომ პერიოდულად თავადაც ამოწმებდა რეაბილიტაციის მიმდნარეობას, თუმცა, მისი თქმით, სამუშაოები ან არ მიმდინარეობდა, ან ძალიან ნელი ტემპით სრულდებოდა. თუმცა აქვე არ გამორიცხავს, რომ 20 ივნისის მოახლოვებასთან ერთად, შესაძლოა სამუშაოები  განახლდეს.

„ჩვენ 20 ივნისის მოახლოებასთან ერთად „შევახსენეთ“ მერიას და შევთავაზეთ, რომ თუ საჭიროა, დავეხმარებოდით რეაბილიტაციაში – მოვიძიებდით კომპანიას, რომელიც უკეთ შეასრულებდა სამუშაოს. მერიიდან კი შემოგვითვალეს, პარლამენტთან სამუშაოებს ასრულებს ის, ვინც ეს საქმე იცისო. კორონავირუსის გამო კი გაიწელა პროექტიო“, – ამბობს ბარკერი.

პარლამენტის შენობა.19ივნისი 2020წ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

20 ივნისს პარლამენტთან აქცია უნდა გაიმართოს. სალომე ბარკერი ამბობს, რომ ადამიანების ჯანრმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილზე უნდა განთავსდეს ე.წ. სტიკერები, რომელთა დახმარებითაც, მომიტინგეები 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვას შეძლებენ.

მოძრაობა სირცხვილიამ გამზირის გადაკეტვის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ შესაბამის უწყებებს, მათ შორის, მერიას მიმართეს. მერიამ დღეს ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და თქვა, რომ 20 ივნისს, 14:00 საათიდან რუსთაველზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 

20 ივნისის მოახლოებულ აქციას რამდენიმე დღის წინ თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა, მან თქვა, რომ მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება.

„ამ ადამიანებს სრული უფლება და შესაძლებლობა აქვთ, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები. დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ შეზღუდავს. მათ ეს უფლება აქვთ დ,ა შესაბამისად, ექნებათ შესაძლებლობა ჩაატარონ აქცია“, – ამბობს კალაძე „იმედის“ ეთერში.

თბილისი მერი ამატებს, რომ აქციის შესახებ ორგანიზატორების მხრიდან უწყებამ ცნობა მიიღო – „და ჩვენი მხრიდან, რაც იქნება გასაკეთებელი, იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი