ახალი ამბები

გერმანიის ელჩი და საელჩო განმარტავენ პროკურატურის ჩანაწერს საქართველოს მთავრობის პრორუსულობაზე

18 ივნისი, 2020 • 1471
გერმანიის ელჩი და საელჩო განმარტავენ პროკურატურის ჩანაწერს საქართველოს მთავრობის პრორუსულობაზე

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს განცხადებით, გერმანიის მთავარი ფედერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებაში, სადაც საქართველოს მთავრობა „პრორუსულად“ არის მოხსენიებული, „გამოყენებულია გაუგებარი ფორმულირება“ და  „საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს“.

შესაბამისი განცხადება საელჩომ თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

“გერმანიის ფედერალურმა გენერალურმა პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია პრესისთვის, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქის, თორნიკე კ.-ს მკვლელობას. ამ ინფორმაციაში გამოყენებულია გაუგებარი ფორმულირება, რომელშიც საუბარია „პრორუსულ“ მთავრობაზე საქართველოში. საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს. საქართველო არის ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი”, – ნათქვამია საელჩოს განმარტებაში.

ამასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰიუბერტ ქნირშის განცხადება, რომლის თქმითაც, გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს მთავრობის „პრორუსულად“ მოხსენიება ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია და არა გერმანიის პროკურატურის პოზიცია. პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჰიუბერტ ქნირშის განცხადება ასეთია:

„გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადება, რომელიც, ცხადია, უკეთესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო ფორმულირებული, ეხება აწ განსვენებული ხანგოშვილის საკითხს, კერძოდ, რა მიზნით იყო იგი გერმანიაში; აგრეთვე, მის განცხადებას, რომ მისი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება — ეს გახლავთ მისი სიტყვები და არა გერმანიის პროკურატურის მოსაზრება. სამწუხაროა, რომ ამ საკითხის წარმოჩენა იმ კუთხით მოხდა, თითქოსდა გერმანიის პროკურატურას სურდა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის რაიმე სახით კორექტირება. სინამდვილეში, ეს მათი განზრახვა არ ყოფილა”.


მანამდე გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებაში დაწერა, რომ „ [ხანგოშვილის] მკვლელობას წინ უძღოდა დაზარალებულის მტრული დამოკიდებულება რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების- ჩეჩნეთისა და ინგუშეთიის მთავრობებისადმი და საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ“.


რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ელექტრონული ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.

გერმანულ, შემდეგ კი საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვი.

თავდაპირველად ჟურნალისტურ გამოძიებებში გამოკვეთილმა ბრალდებამ დღეს უკვე ოფიციალურ არხებში გადაინაცვლა.

ზელიმხან ხანგოშვილს 2015 წელს, 28 მაისს, თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. მანქანაში მჯდარ ხანგოშვილს 8 ტყვია ესროლეს და დაჭრეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რომელიც გამოძიებას აკვირდებოდა, აცხადებს, რომ პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა.

EMC-ის თანახმადვე, ხანგოშვილის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო.

გამოცემა „აქცენტთან“, რომელიც ხშირად აშუქებს ეთნიკური ჩეჩნების პრობლემებს, თვითონ ზელიმხან ხანგოშვილი ამ თავდასხმას პირდაპირ უკავშირებდა რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას:

„არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთ–ჩეჩნეთის ომში ვიბრძოდი და ჩემი მეორე სამშობლოს ინტერესებს ვიცავდი. ამასთან, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დროს გავწიეთ ორგანიზება, შევკრიბეთ ქისტები და მზად ვიყავით საომრად. იქ, სადაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ და ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად შემიძლია ბრძოლა. ამას მომავალშიც გავაკეთებ, ბუნებრივია, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მათი ინტერესების დამაბრკოლებელი ფიგურა არა, მაგრამ ჭანჭიკი მაინც ვარ“, – გამოცემის თანახმად, ამას ამბობდა თავდასხმის შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილი.

ის მართლაც იყო გამორჩეული ფიგურა ჩეჩნეთშიც და საქართველოშიც. დაახლოებული იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან, რომელიც 2005 წელს მოკლეს რუსეთის ფედერალურმა ძალებმა; ფიგურირებდა 2012 წლის ლოპოტის ხეობის/ლაფანყურის სპეცოპერაციის ეპიზოდშიც: ის მაშინ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ახმედ ჩატაევთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებებს…

გაიგეთ მეტი ამ ამბავზე

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

მასალების გადაბეჭდვის წესი