გერმანიის პარლამენტის დეპუტატი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, კრისტიან პეტრი აცხადებს, რომ საქართველოში ჰომოფობიური შინაარსის კანონის მიღება “ლგბტ პროპაგანდის” შესახებ ქვეყნისთვის ევროპულ გზაზე დაბრკოლება იქნება. ამის შესახებ მან დღეს, 3 მაისს, პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კანონპროექტი მოდის მოსახლეობიდან, თუმცა, რაც შეეხება ლგბტ საკითხს, ვფიქრობ, ქვეყანა იმით ფასდება, თუ როგორ ექცევა ის სხვადასხვა ჯგუფს. თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი შეხედულებისა თუ ორიენტაციისა. ეს უნდა ხდებოდეს დისკრიმინაციის და დასჯის გარეშე. თუ, ვთქვათ, ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე”, – განაცხადა პეტრიმ.
ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის შესახებ. კერძოდ, არის თუ არა გერმანიის ოფიციალური პოზიცია ფონ კრამონის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ხალხის დამსახურება იქნება და არა ხელისუფლების. აღნიშნულ შეკითხვაზე პეტრიმ უპასუხა, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ყველა მხარე უნდა მონაწილეობდეს, როგორც მთავრობა, ასევე პარლამენტი და მოსახლეობა, და ძალიან იშვიათია, რომ მხოლოდ ერთი მხარის დამსახურებით მიიღწეოდეს წარმატება ამ გზაზე.
გერმანიის ბუნდესტაგის ევროპის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები, 5 დეპუტატი სხვადასხვა პარტიიდან, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის წევრებს. საუბარი შეეხებოდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას.
პეტრის თმით, შეხვედრაზე განიხილეს კრიტიკული საკითხები, რომლებიც შეეხებოდა დეპოლარიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საზოგადოებრივ ცხოვრებას და ა.შ.
“ამ შთაბეჭდილებებით გავმართავთ დებატებს ჩვენს კომიტეტში და შემდეგ გერმანიის მთავრობას მივცემთ რჩევებს გადაწყვეტილების მიღების ფაზაში. მე პირადად ვისურვებ, რომ რამდენიმე წელში ჩვენი ევროპული ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდოს და იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან, მიეცეთ ამის შესაძლებლობა.
ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩემს კოლეგებს შევხვდი და ძალიან კარგი ინფორმაცია გავცვალეთ. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროპულად აზროვნებს და ისწრაფვის ევროკავშირისკენ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმის გარდა, რასაც წარმოადგენს მთავრობა, ეკონომიკა თუ საზოგადოების ცხოვრება”, – განაცხადა მან.
გარეკანის ფოტო: გერმანიის ბუნდესთაგი
პარლამენტში პრორუსული პრორუსული პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” წევრების ავტორობით რეგისტრირებულია კანონპროექტი, რომელიც ლგბტ თემატიკასთან დაკავშირებული დემონსტრაციების აკრძალვას ითხოვს.
“ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა” სხვა მოთხოვნებთან ერთად გახმიანდა 30 აპრილს გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზეც. ამის შემდეგ, 2 აპრილს პარლამენტის დეპუტატმა “ევროპული სოციალისტებიდან”, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ „უცნობის“ აქციაზე გახმოვანებულ მოთხოვნებს და მზად არიან, მათი ინიციირება პარლამენტში მოახდინონ კანონპროექტების პაკეტის სახით.
3 მაისს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ “ლგბტ-პროპაგანდის” შესახებ კანონის მიღება “ქართულ ოცნებაში” არ განიხილება. ჰომოფობიური რიტორიკა მას არც ამ შემთხვევაში დავიწყებია და თქვა, რომ მსგავს კანონს არ განიხილავენ არამხოლოდ სამართლებრივი მიზეზების გამო, არამედ იმიტომ, რომ “ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ თავის ნარატივს”.
ამავე თემაზე ნახეთ ვრცლად:
როგორ მანიპულირებს “ოცნება” ამერიკული კვლევით და “ლგბტ პროპაგანდით”








