12 ივნისს ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქის ადვოკატის, ნინო მიქატაძის განმარტებით, მას ბრალი ყალბი დოკუმენტების შეძენა, შენახვა და გამოყენების მუხლით აქვს წარდგენილი. ამის შესახებ ადვოკატმა “რუსთავი 2-თან” ისაუბრა.
ადვოკატის თქმით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
“ბევრ ინფორმაცას ვერ მოგაწვდით, წარდგენილი ბრალდება გახლავთ 362-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენას, შენახვას გამოყენების მიზნით და მის გამოყენებას, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას. გამოკითხვის ოქმი ბრალდებულის სახელით შემდგარი არაა”, – განმარტა მიქატაძემ.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ნეტგაზეთი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი დეტალის გახმაურებისგან თავს იკავებენ.