ახალი ამბები

ინსპექტორის თქმით, რამდენიმე სკოლაში ვიდეოთვალთვალი საპირფარეშოებშიც მიმდინარეობდა

15 ივნისი, 2020 • 1286
ინსპექტორის თქმით, რამდენიმე სკოლაში ვიდეოთვალთვალი საპირფარეშოებშიც მიმდინარეობდა

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლაში, რომელიც ინსპექტორის აპარატმა შეისწავლა, ვიდეოთვალთვალის წესები ირღვეოდა. კერძოდ, ლონდა თოლორაიას თქმით, ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებშიც ხორციელდებოდა.

ამასთან, თოლორაია აღნიშნავს, რომ რამდენიმე სკოლაში ბავშვების მონაცემები იმაზე მეტი მოცულობით გროვდება, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული. ზოგ შემთხვევაში კი ამ დოკუმენტაციაზე ხელი არა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, არამედ სკოლის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებსაც მიუწვდებათ:

” წლის განმალობაში ჩვენი ინიციატივით შევისწავლეთ რამდენიმე საჯარო და ასევე, კერძო სკოლა. აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვების მონაცემები იმაზე მეტი მოცულობით გროვდება, ვიდრე ეს კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით არის გათვალისწინებული. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ბავშვების დოკუმენტები ისეთ ადგილზე ინახება, რომელზეც ხელი მიუწვდებათ არა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, არამედ სხვა პირებსაც სკოლის ადმინისტრაციიდან, რაც, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია.

ასევე, ზოგ შემთხვევაში, მკაცრად არ არის რეგულირებული ვიდეოთვალთვალის წესები და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ხორციელდებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული არასრულწლოვნების გამოსახულების ჩანაწერის შენახვის წესების დაცვა, ვის გადაეცემა ეს მონაცემები. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ამ მონაცემების გადაცემა არაკანონიერი საფუძვლით განხორციელდა, მაგალითად, პოლიციის დაწესებულებებისთვის” ,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი