ახალი ამბები

თბილისი უკრაინისგან სააკაშვილის სტატუსზე დოკუმენტაციას ითხოვს

12 ივნისი, 2020 • 951
თბილისი უკრაინისგან სააკაშვილის სტატუსზე დოკუმენტაციას ითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩს საქართველოში სთხოვა, დოკუმენტურად წარმოადგინოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რიგითი მოქალაქეა თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოზიციას იკავებს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, მოთხოვნილი დოკუმენტაცია ქართულ მხარეს ჯერ არ მიუღია და ოფიციალური კორესპონდენციის მოლოდინშია.

“ჩვენ მოვიწვიეთ უკრაინის ელჩი საქართველოში იმისთვის, რომ მას გაეკეთებინა ახსნა-განმარტება უკრაინის მოქალაქის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელსაც უკავია საკმაოდ მაღალი თანამდებობა. ჩვენ მოვისმინეთ მისი [სააკაშვილის] მხრიდანაც, რომ არათუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, საჯარო მოხელეც კი არ არის.

ამ დროს, თავდაპირველად ეს ინფორმაცია გვქონდა და თავადაც აცხადებდა, რომ დანიშნულია საკმაოდ მაღალ პოზიციაზე და რომ მისთვის მინიჭებული მანდატი ითვალისწინებს სერიოზული რეფორმების პროცესში ჩართვას, მოლაპარაკებების გამართვას სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და ა.შ. ჩვენი პირველი კითხვა, რაც უკრაინელ ელჩთან იყო, წარმოედგინა დოკუმენტალურად, თუ რასთან გვაქვს საქმე, ანუ ეს არის უკრაინის რიგითი მოქალაქე, თუ ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი პოზიცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში”, – განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება საქართველოს ელჩს უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძეს, რომელიც თბილისში კონსულტაციებისთვის არის გამოწვეული, ზალკალიანი არ აკონკრეტებს, როდის დაბრუნდება ის კიევში. დავით ზალკალიანის თქმით, ელჩმა კონსულტაციები უნდა გაიაროს არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ შესაბამის უწყებებთან, და ეს პროცეში, შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს.

“ვართ კავშირზე ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, იმიტომ, რომ აუცილებელია, [სააკაშვილის] მსგავსმა გამოთქმებმა არ მიაყენოს ზიანი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ამაზე არა მარტო საქართველომ უნდა იზრუნოს, არამედ უკრიანამაც”, – დასძინა ზალკალიანმა.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ში საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ “არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას” და “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. ს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში ჩარევად შეაფასა და უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი განმარტებებისთვის დაიბარა.

შეხვედრის შემდეგ იგორ დოლგოვმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი და აზრის გამოხატვის სრული თავისუფლება აქვს.

ამავე თემაზე:

რატომ არ დაინიშნა სააკაშვილი ვიცე-პრემიერად — ზელენსკის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი