ნეტგაზეთი | რატომ არ დაინიშნა სააკაშვილი ვიცე-პრემიერად — ზელენსკის განმარტება რატომ არ დაინიშნა სააკაშვილი ვიცე-პრემიერად — ზელენსკის განმარტება – Netgazeti

რატომ არ დაინიშნა სააკაშვილი ვიცე-პრემიერად — ზელენსკის განმარტება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავება, რადგანაც „დამოკიდებულება [მის მიმართ] იყო მძაფრი და განსხვავებული, განსხვავებული ჩვენს ფრაქციაში“. ამ საკითხზე ზელენსკიმ „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს თავდაპირველად მისი მრჩევლობა შესთავაზა, თუმცა საქართველოს ექსპრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს მისი დონე არ იყო და თავად წამოწია წინადადება, რომ „მთავრობაში რეფორმებით დაკავდეს, იყოს ვიცე-პრემიერი რეფორმების საკითხში“.

ზელენსკის თქმით, სააკაშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრთან განიხილა, თუმცა ამას ფრაქციაში არ დაუჭირეს მხარი და, საბოლოო ჯამში, სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებაზე, რომელიც ზელენსკის წინამორბედმა, პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა. ზელენსკის თქმით, ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ „ასე იყო სამართლიანი“.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, არ ეშინია, რომ სააკაშვილმა შეიძლება ერთ დღეს ოპოზიციაში გადაინაცვლოს, როგორც ეს პოროშენკოს შემთხვევაში მოხდა, რადგანაც ის [სააკაშვილი] არასდროს ყოფილა მისი [ზელენსკის] მეგობარი. ზელენსკი ამბობს, რომ „ყველაფერი შეიძლება“ მოხდეს.


გარკვეული ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავება შესთავაზეს. ეს, საბოლოო ჯამში, არ მოხდა, თუმცა სამაგიეროდ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ამას ქართული მხარის უკმაყოფილება და კონსულტაციებისთვის ელჩის გამოწვევა მოჰყვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: realnikaburduli@gmail.com