ახალი ამბები

სააკაშვილის განცხადების გამო უკრაინის ელჩი საქართველოს საგარეოში დაიბარეს

11 ივნისი, 2020 •
სააკაშვილის განცხადების გამო უკრაინის ელჩი საქართველოს საგარეოში დაიბარეს

უკრაინის რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. ზალკალიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში ჩარევაა.

“სწორედ ეს არის ის საკითხი, რის გამოც ელჩი გამოვიწვიეთ კონსულტაციებზე და სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებდით უკრაინელ კოლეგებს, რომ იყო მოლოდინი, რომ ადამიანი, რომელიც ინიშნება ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე და რომელიც ძებნილია, გააგრძელებდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არ ითვალისწინებს ამას. ის განცხადება, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ [სააკაშვილისგან], არის უკრაინის მოქალაქის, რომელიც ამჟამად არის მაღალ თანამდებობაზე, პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში. დღეს ელჩს დავიბარებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ში საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ “არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას” და “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი