ახალი ამბები

არ ვარ საჯარო მოხელე და ნებისმიერ თემაზე შემიძლია აზრი გამოვხატო – სააკაშვილი

11 ივნისი, 2020 • 1046
არ ვარ საჯარო მოხელე და ნებისმიერ თემაზე შემიძლია აზრი გამოვხატო – სააკაშვილი

უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი საქართველოს საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში ერევა.

სააკაშვილის თქმით, ის არ არის უკრანის მთავრობის წარმომადგენელი და აზრის გამოხატვის სრული თავისუფლება აქვს.

“ამათ უკრაინა ჰგონიათ ისეთივე მონათმფლობელური საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ საქართველოში, სადაც თურმე ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს ყველა თავისი მოქალაქის და პიროვნების გამონათქვამები და დასაჯოს, თუ რამე არ მოეწონება. სინამდვილეში იმდენი კომპეტენციაც არ აქვთ საქართველოს საგარეო უწყებაში, ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი.

მე არ ვარ უკრაინის მთავრობის წევრი და არა ვარ ოფიციალური წარმომადგენელი რომელიმე სხვა თანამდებობის პირის. მე ვარ ეროვნული რეფორმათა საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე და ამგვარად შემიძლია გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 ივნისს Facebook-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ “არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას” და “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში ჩარევად შეაფასა და უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი განმარტებებისთვის დაიბარა.

სააკაშვილის განცხადების გამო უკრაინის ელჩი საქართველოს საგარეოში დაიბარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი