ნეტგაზეთი | სააკაშვილი არ არის უკრაინის ოფიციალური პირი, ის ქართველია – დოლგოვი სააკაშვილი არ არის უკრაინის ოფიციალური პირი, ის ქართველია – დოლგოვი – Netgazeti

სააკაშვილი არ არის უკრაინის ოფიციალური პირი, ის ქართველია – დოლგოვი

“უკრაინის პოზიციაა, რომ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას”, – განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ.

დოლგოვი უწყებაში უკრაინის რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო განმარტებისთვის დაიბარეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები უკრაინის მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში ჩარევაა.

“შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი იყო სააკაშვილის განცხადება, რომელიც საქართველოში სიტუაციას ეხება. უკრაინის პოზიცია არის, რომ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის აღმასრულებელი შტოს ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას. საქართველო მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია – არა მხოლოდ წარსული პოლიტიკური, არამედ ახლაც, საქართველო სულ მის გულშია. ერთმანეთთან სასაუბრაოდ სპეციალური ნოტები არ გვჭირდება, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. სატელეფონო ზარი საკმარისია ან შეხვედრა, თუ საჭიროა. სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგში არის“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა.

ელჩის კომენტარის თარგმანს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ში საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ “არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას” და “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. ს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში ჩარევად შეაფასა და უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი განმარტებებისთვის დაიბარა.

სააკაშვილის განცხადების გამო უკრაინის ელჩი საქართველოს საგარეოში დაიბარეს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.