ახალი ამბები

5 ახალი შემთხვევის პირველწყაროს ჯერ ვერ ვპოულობთ – გამყრელიძე

10 ივნისი, 2020 • 2476
5 ახალი შემთხვევის პირველწყაროს ჯერ ვერ ვპოულობთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მაღალი რისკის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ილუზიის შექმნა, თითქოს ახალი კორონავირუსი დამარცხდა და ცხოვრება ძველ რიტმს უბრუნდება. „ნუ მოვეშვებით“, – აფთხილებს ის მოსახლეობას.

გამყრელიძის ახალი გამაფრთხილებელი განცხადება „ინტერპრესნიუსმა“ 10 ივნისს გაავრცელა. გამოცემასთან საუბარში გამყრელიძე ამბობდა, რომ „დღის განმავლობაში ისევ შემთხვევათა რაოდენობის ზრდის ტენდენციის ნიშნებია“.

იმავე საღამოს გამყრელიძემ „პალიტრანიუსთან“ ჩართვისას განაცხადა, რომ მართალია, დღეს ეპიდსიტუაცია მართვადია ქვეყანაში და „არაფერი ამ თვალსაზრისით საგანგაშო არ არის“, თუმცა მნიშვნელოვანია, არ შეიქმნას ილუზია, თითქოს ეპიდემია საბოლოოდ დამარცხდა და ამიტომ გააკეთა პრევენციული განცხადება.

10 ივნისის დილას NCDC-მ კიდევ ოთხი შემთხვევა დაადასტურა, რომელთაც პირველწყაროც, როგორც გამყრელიძე ამბობს, დადგენილია. ამ 4 შემთხვევის ჩათვლით, ქვეყანაში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 822 შემთხვევა.

თუმცა გამყრელიძემ განაცხადა, რომ 10 ივნისს, დღის განმავლობაში კიდევ 5 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა პირველწყაროსაც ჯერჯერობით ვერ ადგენენ.

„დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობა, არცთუ ისე ბევრი, … 5 შემთხვევა. აქედან გამომდინარე, ახლა როდესაც მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, — იმან, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან ჯერჯერობით ვერ გავდივართ პირველწყაროზე. ამიტომაც გავაკეთე პრევენციული განცხადება“, – თქვა მან და იმედი გამოთქვა, რომ ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა პირველწყაროს მიაგნებენ.

ამირან გამყრელიძემ ასევე ხაზი გაუსვა სოციალური დისტანცირების ნორმებისა და ჰიგიენის დაცვისა და პირბადის ტარების აუცილებლობას:

„ვაკვირდებით სიტუაციას… მასმედიით თუ სოციალური ქსელებით ვრცელდება, როგორ თავისუფლად „ერთობიან“ სხვადასხვა თავშეყრის დიდ ადგილებში [ადამიანები], არ იცავენ რეკომენდაციებს, პირბადის ტარებას თუ სოცდისტანცირებას, ჰიგიენას და ა.შ.“, – თქვა მან და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან რეკომენდაციები.

„ჩემი განცხადება არის პრევენციული. რასაც ვატყობთ, ადგილის აქვს საზოგადოებაში მოშვებას, რომ იქმნება ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, გავიმარჯვეთ, და რომ შეგვიძლია ისევ ცხოვრების იმ რიტმს დავუბრუნდეთ, რაც გასული წლის ამ დროს იყო. არა, ბატონებო. კორონავირუსული პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში, კორონავირუსი ცრიკულირებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ტიპის ილუზიის შექმნა შეიძლება მაღალი რისკის შემცველი აღმოჩნდეს“.

სამთავრობო საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, უკანასკნელი სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 827
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 690
  • მათ შორის გარდაცვლილი – 13
  • კარანტინის რეჟიმში – 3230
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი