ახალი ამბები

მოვაჭრეები “დეზერტირების ბაზრის” ადმინისტრაციისგან დახმარების მისაღებად ცნობებს ითხოვენ

10 ივნისი, 2020 • 1755
მოვაჭრეები “დეზერტირების ბაზრის” ადმინისტრაციისგან დახმარების მისაღებად  ცნობებს ითხოვენ

“დეზერტირების ბაზრის” მოვაჭრეებმა პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად ბაზრის ადმინისტრაციისგან მოვაჭრეობის ცნობების მიღება მოითხოვეს. ბაზარში დასაქმებულ მოვაჭრეებს, როგორც თვითდასაქმებულებს, სახელმწიფოსგან ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ეკუთვნით, რომლის მისაღებადაც აუცილებელია ბაზრის ადმინისტრაციის მიერ გაცემული მოვაჭრეობის ცნობები.

“დეზერტირების ბაზარში” დასაქმებული ერთ-ერთი მოვაჭრის, დარეჯან მაისურაძის თქმით, მათთვის თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორთვიანი უმუშევრობის ფონზე ვალების აღება მოუწიათ. გარდა ამისა, ბაზარში დაბრუნებისას ნისიად აიღეს პროდუქცია, რომლის თანხასაც ვაჭრობის შემდეგ დააბრუნებენ, თუმცა ხალხის ნაკადი საგრძნობლად შემცირებულია:

“ბაზარში რომ გამოვედი, 1 000 ლარის პროდუქცია ნისიად ავიღე და ახლა ველოდები გაყიდვას, რომ დავაბრუნო ეს თანხა. სახლში რომ ვიჯექი და შემოსავალი არ მქონდა, საკვების საყიდლად ვალებიც დავიდე, ეგეც გასასტუმრებელია. გადასახლდელი მაქვს ყოველდღიური 30 ლარი ბაზრის ადმინისტრაციისთვის და არის დღეები, როცა სახლში ფული საერთოდ ვერ მიმაქვს, პურის ფულიც არ მრჩება”, – განაცხადა მაისურაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განმარტებით, ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეაგროვეს 121 ადამიანის მონაცემები, რომლის საფუძველზეც მოვაჭრეობის ცნობები უნდა მიეღოთ, თუმცა ბაზრის ადმინისტრაციამ ეს პროცესი დროში გაწელა, რაც როგორც მოვაჭრეებს, ასევე პროფკავშირების წარმომადგენლებს უქმნის განცდას, რომ ადმინისტრაცია ცნობების გაცემას უპასუხისმგებლოდ ეკიდება:

“თუ ამ ხალხზე ცნობები არ გაიცა, შეუძლებელი იქნება, რომ ის მწირი დახმარებაც კი მიიღონ მოვაჭრეებმა. ეს მცირედი დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან ზოგს ნაქირავები აქვს სახლი და ამ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ. ჩეკის გამცემებთან ერთად, ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება, რომლებიც მუდმივად მუშაობდნენ კარანტინამდე ამ ბაზრობებზე.

ჩვენ გავწიეთ უდიდესი სამუშო იმისთვის, რომ ამ ხალხის იდენტიფიცირება მოგვეხდინა და ერთადერთი, რაც აქვთ დარჩენილი ბაზრის ადმინისტრაციებს, არის, რომ გასცენ ეს ცნობები. დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ დავლაგდით ბაზრის ადმინისსტრაციასთან, რომ ეს ცნობები იქნებოდა გაცემული, მაგრამ ამდენი ხნის მერეც არ არის ეს ცნობები გაცემული”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

გარდა ამისა, პეტრიაშვილის თქმით, დასაქმებულებს აქვთ ბანკის ცნობებიც, რომლის მიხედვითაც, მათზე გაიცა სესხი იმაზე დაყრდნობით, რომ ეს ადამიანები ნამვილად მუშაობდნენ ბაზარში.

პროფკავშირების წარმომადგენლებს ბაზრის დირექტორის მოადგილე მალხაზ აბულაძე შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ცნობების გაცემა დროში მხოლოდ იურიდიული საკითხების მოგვარების გამო გაიწელა, თუმცა გარანტიას აძლევს როგორც პროფკავშირების წარმომადგენლებს, ასევე მოვაჭრეებს, რომ მოვაჭრეობის ცნობას მიიღებენ:

“კომპანიის იურისტები მუშაობენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეტალებში მე ვერ ჩავერევი. გაარკვევენ იურისტები ამ საკითხებს და რაც იქნება ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი, გავაკეთებთ. არავინ არავის არაფერს არ დააკარგვინებს. იურისტები მუშაობენ და აუცილებლად ჩავეტევით ვადებში. პროცედურულად ყველა საკითხი უნდა გაიარონ იურისტებმა, რომ არ მოხდეს რაიმე საკითხის უგულებელყოფა”, – განმარტა აბულაძემ.

პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ბაზრის ადმინისტრაციას 3-დღიანი ვადა მისცა, რათა ადმინისტრაციამ მოაგვაროს ყველა საკითხი და ამ 121 ადამიანს მოვაჭრეობის ცნობები მისცეს, რაზეც ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან მიიღეს დაპირება, რომ მიცემულ ვადებში ჩაეტევიან.

პროფკავშირების აქტივისტის, გიგა ბექაურის თქმით, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ბაზრის იურისტებთანაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ მოვაჭრეობის ცნობის გაცემასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობდა:

“ადმინისტრაცია ამბობს, რომ ძველი ჩეკები, რაც პანდემიამდე ჰქონდათ, არ აქვთ შენახული. მათ იურისტებს ვესაუბრეთ, რაც ავუხსენით, გვითხრეს, რომ არავითარი პრობლემა არ იყო. შესაბამისად, გაუგებარია, რა იურიდიულ პრობლემაზე საუბრობს ბაზრის ადმინისტრაცია. ამასთან, ჩეკების გარდა არსებობს სხვა მექანიზმი, მათ შორის, ეს ადამიანები რომ დაბრუნდნენ სამუშაო ადგილზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ნებართვით მოხდა მათი დაბრუნება ადგილზე იმ ლოგიკით, რომ ისინი ადრეც იდგნენ აქ”, – განაცხადა ბექაურმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლების განმარტებით, მსგავსი პრობლემა შექმნილია სხვა ბაზრებშიც, თუმცა “დეზერტირების ბაზარში” ეს საკითხი ყველაზე მასშტაბურია. მათი თქმით, პროკავშირების წარმომადგენლები სხვა ბაზრებთანაც მუშაობენ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი