ახალი ამბები

ტურისტის მიღების ფასად მოქალაქეების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ – გახარია

10 ივნისი, 2020 • 1200
ტურისტის მიღების ფასად მოქალაქეების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ – გახარია

პრემიერმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში ფერმერებთან შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების ფონზე შიდა ტურიზმის მნიშვნელობასა და სოფლის მეურნეობის პერსპექტივაზე ისაუბრა. მისივე თქმით, შიდა ტურიზმს ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.

როგორც გახარიამ აღნიშნა, პირადად ესაუბრა ისრაელის პრემიერს და ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა უნდა აღედგინა, სწორედ ისრაელი იყო, თუმცა მოულოდნელად ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა. ამის საფუძველზე გახარია ამბობს, რომ Covid-19-ის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მთავარი მახასიათებელი გაურკვევლობაა.

“ისრაელი იყო პირველი შესაძლებლობა, 15 ივლისამდე გაგვეშვა რეისები. ზუსტად ერთი კვირის წინ იქ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა, შედეგად, ათასობით ადამიანი კარანტინში გადაჰყავთ. რა თქმა უნდა, არანაირი ტურისტის მიღების ფასად ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ტურიზმიდან იმპორტირებული ინფიცირება შემდეგ ქვეყანას შესაძლოა იმდენი დაუჯდეს, რომ იმ ტურისტს არანაირი ფასი არ ექნება”, – ამბობს გახარია.

პრემიერმა ასევე ისაუბრა შიდა ტურიზმზეც. გახარიას თქმით, წელს ქართველებმა, პირველ რიგში, საქართველოში უნდა იმოგზაურონ:

“იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს.. გვაქვს ახლა ამის შესაძლებლობა და მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც ისტორიულადაც იმსახურებს და ვალდებულები ვართ, ჩვენც ვნახოთ და ჩვენს შვილებსაც ვანახოთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი