ახალი ამბები

მინეაპოლისის საქალაქო საბჭოს წევრებს პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტა სურთ

8 ივნისი, 2020 • 998
მინეაპოლისის საქალაქო საბჭოს წევრებს პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტა სურთ

აშშ-ის შტატ მინესოტას დედაქალაქის, მინეაპოლისის საქალაქო საბჭოს წევრების უმრავლესობამ, 9 წევრმა, გამოაცხადა, რომ აპირებდნენ, ქალაქის პოლიციის დეპარტამენტისთვის დაფინანსება შეეწყვიტათ და საერთოდ გაუქმებინათ, იუწყება CNN.

„გვსურს გავაუქმოთ პატრულირება მინეაპოლისში, როგორიც ის ვიცით და ავაგოთ ჩვენი საზოგადოება საჯარო უსაფრთხოების ახალ მოდელზე, რომელიც მართლაც იცავს საზოგადოების წევრებს“, — აცხადებს საბჭოს თავმჯდომარე ლიზა ბენდერი.

მისივე განცხადებით, საბჭოს 9 წევრს ექნება ვეტოს დასაძლევი საჭირო უმრავლესობა.
„უნდა მოვუსმინოთ განსაკუთრებით შავკანიან [საზოგადოებათა] ლიდერებს და ფერადკანიანთა საზოგადოებებს, ვისთვისაც პოლიცია კარგად ნამდვილად არ მუშაობს და ვეძებოთ პრობლემის მოგვარების ხერხები საზოგადოებაში“, — აცხადებს იგი. ბენდერის განცხადებით, პოლიციისთვის გამოყოფილ დაფინანსებას სხვა უწყებებს გადასცემენ და საბჭო იმსჯელებს, როგორ ჩაანაცვლოს პოლიციის დეპარტამენტი.
„პოლიციის დეპარტამენტის არქონა მოკლევადიანი იდეა ნამდვილად არაა“, — ამატებს იგი.
რაც შეეხება მინეაპოლისის მერს, ჯეიკობ ფრეის, ის პოლიციის გაუქმების წინააღმდეგია, რის გამოც ერთ-ერთი მიტინგიდანაც გააგდეს.

„[მერი] გამოხატავს სურვილს, იმუშაოს [პოლიციის] უფროს [მედარია] არადონდოსთან ღრმა, სტრუქტურული რეფორმებისთვის და სისტემური რასიზმის აღმოფხვრისთვის“, — აცხადებს მისი პრეს-სპიკერი.

რა ხდება?

25 მაისს მინესოტას შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, რომელიც, როგორც აუტოფსიამ დაადგინა, ერთ-ერთი ოფიცრის, დერეკ ჩაუვინის მიერ გამოყენებული ილეთის (მან ძირს დაწოლილ ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა) შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს, ოთხივე მათგანს სხვადასხვა სიმძიმის ბრალიც წარედგინა, ხოლო აშშ-ის 50-ივე შტატის ქალაქში ჩატარდა საპროტესტო აქციები — დემონსტრანტები ითხოვენ სამართლიანობასა და ქვეყანაში პოლიციის მხრიდან აფროამერიკელების მიმართ სასტიკი მოპყრობის შეწყვეტას. ამასთან ერთად, საპროტესტო აქციების დროს შექმნილი არეულობით ზოგიერთმა მოქალაქემ ისარგებლა და მაღაზიების ძარცვით დაკავდა.

ამასთან ერთად, მომიტინგეების ნაწილი და აშშ-ის კონგრესის ზოგი წევრი პოლიციის დეპარტამენტების გაუქმებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი