ახალი ამბები

“ღია ცის” შეთანხმება – რას ცვლის აშშ-ის გასვლა ევროპის უსაფრთხოებისა და საქართველოსთვის

6 ივნისი, 2020 • 3973
“ღია ცის” შეთანხმება – რას ცვლის აშშ-ის გასვლა ევროპის უსაფრთხოებისა და საქართველოსთვის

რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავები პენტაგონის თავზე ვეღარ იფრენენ, ისევე როგორც აშშ-ს არ ექნება შესაძლებლობა, რუსულ ობიექტებზე სადამკვირვებლო ფრენები განახორციელოს – ეს იმ შემთხვევაში, თუ ნახევარი წლის განმავლობაში შეერთებული შტატები არ გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას ღია ცის შეთანხმების დატოვების შესახებ. აშშ-ს მიერ შეთანხმების დატოვების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს საკითხი დასახელდა – როგორ უნდა მოიქცეს საქართველო??


ღია ცის ხელშეკრულება წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, წინასწარგანსაზღვრული კვოტების ფარგლებში, 72 საათით ადრე გაფრთხილებისა და ზუსტი კოორდინატების მიწოდების შემდეგ, ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ, შეაგროვონ სადაზვერვო ინფორმაცია და მოპოვებული მონაცემები ერთიან საინფორმაციო ბაზაში განათავსონ.

შეერთებულმა შტატებმა ღია ცის ხელშეკრულების დატოვების შესახებ 21 მაისს განაცხადა და ამის მიზეზად, რუსეთის მხრიდან შეთანხმების პირობების თვითნებური ინტერპრეტაცია და პერიოდული დარღვევა დაასახელა. სახელმწიფო ვალდებულია, ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ხელშემკვრელი მხარეები 6 თვით ადრე გააფრთხილოს. აშშ მზადაა, ამ 6-თვიან ვადაში გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, თუ რუსეთი ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას დაუბრუნდება.

რუსეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევის მაგალითებად აშშ-მა დაასახელა:

[checklist]

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების – გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენებისთვის 10-კილომეტრიანი შემზღუდავი ზოლის დაწესება;
  • საწვავის შემვსები აეროდრომის ანექსირებულ ყირიმის ტერიტორიაზე განსაზღვრა, რაც აშშ-ის შეფასებით, წარმოადგენს რუსეთის მცდელობას, განამტკიცოს უკანონო განაცხადი ნახევარკუნძულის ანექსიის შესახებ;
  • დისტანციის დაწესება ფრენებზე კალინინგრადის ოლქთან, სადაც, მედიის ცნობით, რუსეთმა ბირთვული რაკეტები განათავსა და სამხედრო ინფრასტრუქტურა განაახლა.
  • აშშ-ისა და კანადისთვის რუსეთის სამხედრო წვრთნებზე ერთობლივი სადამკვირვებლო ფრენის შეზღუდვა 2019 წელს.

[/checklist]

რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის გარდა, ხელშეკრულებიდან გასვლის ერთ-ერთ ოფიციალურ მიზეზად აშშ-მა ასევე დაასახელა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე სადამკვირვებლო მისიის ტექნიკის განახლებისთვის საჭირო ფინანსური ხარჯების თავიდან აცილება.

New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე, აღაშფოთა რუსეთის მიერ მონიტორინგის განხორციელებამ მის კუთვნილ გოლფის კლუბზე 2017 წელს. ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ობიექტების დაზვრევით რუსეთი ღია ცის შეთანხმების სულისკვეთებას არღვევს. ამას გარდა, გამოცემის ცნობით, გასაიდუმლოებულ შეტყობინებებში ამერიკელი სამხედროები და სპეცსამსახურის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ რუსები ღია ცის შეთანხმების ფარგლებში ფრენებს იყენებენ აშშ-ის ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ რუკების შესაქმენლად, რომლებიც შეიძლება, ჩვეულებრივი შეიარაღებული ან კიბერთავდასხმის ობიექტები გახდნენ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღია ცის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევა უარყო და აშშ-ის ნაბიჯს სამწუხარო და დესტრუქციული უწოდა. ამავდროულად, მოსკოვმა თქვა, რომ მზადაა ღია ცის შეთანხმების გათვალისწინებით სადამკვირვებლო მისია დაუშვას კავკასიის საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონებში, თუ საქართველო რუსეთს მის ტერიტორიაზე ფრენის ნებას მისცემს.

რა არის ღია ცის შეთანხმება?

ღია ცა არის საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც შექმნილია განიარაღების შესახებ არსებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის მიზნით. ღია ცის შეთანხმება აწესებს შეუიარაღებელი სადამკვირვებლო ფრენების რეჟიმს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. მათ შორის, ზუსტად განსაზღვრავს სადამკვრივებლო ფრენების კვოტებს და შეტყობინებებს შესვლის წერტილების შესახებ.

ღია ცის იდეა, თავდაპირველად როგორც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ორმხრივი შეთანხმება, აშშ-ის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა ჯერ კიდევ 1955 წელს გაახმოვანა.

ინიციატივა ცივი ომით დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. თუმცა იდეის ხორცშესხმა მრავალმხრივ ფორმატში მხოლოდ 37 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ხელშეკრულება ღია ცის შესახებ ჰელსინკიში 1992 წლის 24 მარტს გაფორმდა და 2002 წელს შევიდა ძალაში. ამ დროისთვის შეთანხმების მონაწილეა 35 ქვეყანა (ბელარუსი, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქაღთველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ყირგიზეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები), თუმცა აქედან ერთს – ყირგიზეთს – საერთაშორისო ხელშეკრულება ჯერ რატიფიცირებული არ აქვს. ჩამოთვლილი სახელმწიფოები სამხედრო საქმიანობის კონტოლის მიზნით ერთმანეთს საჰაერო სივრცეს უხსნიან. 

რაზე მიუთითებს აშშ-ის გასვლა ღია ცის შეთანხმებიდან?

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და ორგანიზაციებში აშშ-ის წევრობის რევიზია ოფისის დაკავებისთანავე დაიწყო. უშუალოდ შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით, ღია ცის შეთანხმება მესამე საერთაშორისო ხელშეკრულებაა, ირანის ბირთვული შეთანხმებისა და საშუალო სიშორის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულებიასა (INF Treaty) შემდეგ, რომელსაც აშშ ტოვებს. სათუოა, გააგრძელებს თუ არა კიდევ 5 წლით შეერთებული შტატები აშშ-სა და რუსეთს შორის 2010 წელს გაფორმებულ ახალი START-ის ხელშეკრულებას სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების თაობაზე, რომელსაც 2021 წლის თებერვალში ეწურება ვადა.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი ნინო სამხარაძე მიიჩნევს, რომ ამგვარი ტენდენცია ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან შესაძლოა, ბირთვულ შესაძლებლობებზე რეფოკუსირების ნიშანი იყოს, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ვაშინგტონის წონას გაზრდის:

“სარგებელს, რომლის მიღწევასაც ამერიკა ღია ცის შეთანხმების დატოვებით ცდილობს, ორი განზომილება აქვს: პირველ რიგში, მისი ტერიტორია აბსოლუტურად დაცული იქნება სადამკვირვებლო ფრენებისგან (თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა ტიპის დაკვირვებას, მაგალითად, სატელიტური  მექანიზმებით). უფრო გლობალურად თუ შევხედავთ და რეალურად, ალბათ, ეს არის ღია ცის ხელშეკრულების დატოვების კონტექსტი, აშშ-ს სურს გლობალურად სხვა ტიპის პოზიციონირება და თავისი უსაფრთხოების პოლიტიკის რეფოკუსირება რუსეთისა და ჩინეთის კოოპერაციის ბირთვულ დაბალანსებაზე, ვიდრე იმ ტიპის ხელშეკრულებებზე, რომელიც უფრო სამხედრო და ლოკალურ კონექსტზე ორიენტირებულია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” სამხარაძემ.

თუმცა, ნინო სამხარაძე ფიქრობს, რომ აშშ  უფრო მეტს კარგავს, ვიდრე სარგებელს იღებს ღია ცის შეთანხმების დატოვებისგან, მით უმეტეს, რომ აშშ-ს გასვლის მიუხედავად, რუსეთს შეეძლება შეინარჩუნოს მონიტორინგი ამერიკულ ბაზებზე ევროპის კონტინენტზე. სხვა სცენარი აშშ-სთვის შეიძლება იყოს ბაზების გაყვანა ევროპიდან, რაც ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებას და ევროპასთან უსაფრთხოების სფეროში თანაშრომლობის შესუსტებას გამოიწვევს.

“ღია ცის ხელშეკრულების მიზანია, მონაწილე ქვეყნებმა თავიდან აცილონ სამხედრო ესკალაციის რისკები და ურთიერთნდობა შეინარჩუნონ. ხელშეკრულების ნაწილად ყოფნის გზით ისინი ერთმანეთს მუდმივად უდასტურებენ, რომ არანაირ სამხედრო, პროვოკაციულ ოპერაციებს ადგილი არ ექნება. თუმცა რუსეთს აქვს გარკვეული აკრძალვები და დაშვებები მისი პირადი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად იმისა, რუსეთი დიდი ხანია შემჩნეულია მსგავს დარღვევებში, რამე ხელშესახები ბერკეტი, რომ ეს მიდგომა შეაცვლევინონ, აშშ-ს და პარტიორ ქვეყნებს არ აღმოჩნდათ. თუმცა ხელშეკრულების დატოვება თვითონ აშშ-სთვის მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, ვინაიდან ამით წინ წამოიწევა რუსეთის შესაძლებლობები ხელშეკრულების ფარგლებში. აშშ-ს გასვლა რუსეთს საშუალებას მისცემს, სადამკვირვებლო ფრენები განახორციელოს აშშ-ის პარტნიორ ევროპულ სახელმწიფოებზე, სადაც აშშ-ის ბაზებია განლაგებული. ევროპულ ქვეყნებს ნაკლებად გააჩნიათ აშშ-სთან გათანაბრებული ხარისხის ტექნიკა მონიტორინგისთვის და რუსეთის შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს ვაშინგტონისგან სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში იღებენ. ასე რომ, ორივე სცენარი ბევრად უფრო ზიანის მომტანია აშშ-სთვის,  ვიდრე ამ ხელშეკრულებაში დარჩენა და რუსეთთან დიპლომატიური პაექრობა და წნეხის გაგრძელება”, – განაცხადა ამბობს სამხარაძე.

საერთაშორისო პოლიტიკის მიმოხილველი ირაკლი სირბილაძე ამბობს, რომ ამერიკის გადაწყვეტილების მიღმა ბევრი მიზეზია, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის ადმინისტრაციის დამოკიდებულება უსაფრთხოების კონტროლის საკითხების მიმართ. იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთისთვის მომგებიანია მდგომარეობა, რომელშიც რუსეთი ხელშეკრულების მხარედ რჩება, თუმცა ამავდროულად აგრძელებს შეთანხმების პირობების შერჩევით ინტერპრეტაციას, სირბილაძის თქმით, ამერიკა ამჯობინებს შექმნას ახალი რეალობა ვიდრე მიიღოს რუსეთის მიერ შექმნილი დე ფაქტო რეალობა.

“ამერიკის ქცევას გლობალური და რეგიონული განზომილებები აქვს. გლობალურ დონეზე, ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს შეიარაღების კონტროლის საკითხებზე მოლაპარაკებებში ასევე ჩართოს ჩინეთი, რომელიც გლობალურად ამერიკის მთავარი მეტოქეა. ამით აიხსნება ამერიკის მიერ 1987 წელს მოლაპარაკებული INF შეთანხმების დატოვება. ასევე, არსებობს მოსაზრებები, რომ ამერიკამ შეიძლება აღარ გააგრძელოს New START. რეგიონულ დონეზე, ღია ცის ხელშეკრულების დატოვებაზე ამერიკის გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას, მინიშნებაა რუსეთისთვის, რომ რუსეთის მხრიდან დარღვევების ფონზე ამერიკისთვის უმჯობესია ხელშეკრულების მხარე არ იყოს. ამერიკის გადაწყვეტილებამ მართალია უკვე გამოიწვია რუსეთის მხრიდან დიალოგის მზაობა, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება შედგება, რადგან ინტერესები და გარემოებების აღქმა განსხვავებულია. თუმცა, რადგანაც შეიარაღების კონტროლის სხვა შეთანხმებებთან შედარებით ღია ცის შესახებ ხელშეკრულება შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ყურადღება მიმართულია 2021 წელსა და New START შეთანხმების ბედზე. სწორედ ამ საკითხზე გადაწყვეტილება განსაზღვრავს იმას, თუ როგორ განვითარდება ევროპაში უსაფრთხოების საკითხი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” სირბილაძემ.

“საქართველომ უნდა მოიცადოს”

ღია ცის ხელშეკრულებით აკრძალულია ფრენების განხორციელება წევრი ქვეყნის ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც 10 კმ-ზე ნაკლებით არის დაშორებული მესამე ქვეყნიდან, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე არ არის. იმ საბაბით, რომ თითქოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ხელშეკრულების არაწევრი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, რუსეთმა 2010 წელს აკრძალა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან 10 კმ-ზე ნაკლებ დისტანციაზე მიახლოება. საპასუხოდ, 2012 წელს, საქართველომ ცალმხრივად შეაჩერა ღია ცის შეთანხმება რუსეთთან და არ იღებს მისიებს რუსეთის მონაწილეობით, ისევე როგორც, არც თვითონ მონაწილეობას ფრენებში მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

ეს კონფლიქტი 2018 წელს რუსეთმა ღია ცის შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი ყველა ფრენის ჩასაშლელად გამოიყენა.

არქივიდან: 2018 წლის დავა
ღია ცის ხელშეკრულება და რუსული ინტერპრეტაციები“, მარიამ გრიგალაშვილი: საქართველოს მხრიდან რუსეთის დარღვევების საპასუხოდ მიღებული 2012 წლის გადაწყვეტილება ოთხი წლის განმავლობაში კრემლის მხრიდან პრეტენზიების გარეშე ფუნქციონირებდა, მანამ, სანამ რუსეთმა 2016 წელს კვლავ არ მოითხოვა საქართველოზე ფრენების დაშვება, რაზეც საქართველოს პასუხი იყო შემდეგი, სანამ რუსეთი უკან არ წაიღებდა 2010 წლის შეზღუდვას და ხელშეკრულების ფარგლებში აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად წარმოჩენის სურვილს, მანამდე საქართველო ეხსნებოდა რუსეთთან ღია ცის ხელშეკრუელბით ნაკისრ ვალდებულებებს. პარტნიორების მოწოდებით, რუსეთმა საქართველოზე ფრენების მოთხოვნა წლიურ დოკუმენტში არ მოითხოვა, რითიც ინცინდენტი დროებით მოგვარდა. თუმცა 2018 წლის 23 აპრილს რუსეთმა კვლავ მიმართა ხელშეკრულება ღია ცის შესახებ საკონსულტაციო კომისიას საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების ჩატარების მოთხოვნით. პროცედურულად, აღნიშნული მიმართვა იმ დოკუმენტის ნაწილს წარმოადგენდა, რომელშიც გაწერილია 2018 წლის ყველა ფრენა (აქტიური კვოტების გადანაწილება და ა.შ). დოკუმენტის პროექტზე კონსენსუსის ვერმიღწევა მთლიანად დოკუმენტის ჩავარდნას ნიშნავდა გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმება უნდა მიიღწეს მთლიან დოკუმენტზე და არა სათითაოდ თითოეული ქვეყნის ფრენების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა კარგად იცოდა საქართველოს რეაქცია რუსეთის სადამკვირვებლო ფრენების დაშვებასთან დაკავშირებით, მას უკან არ გაჰქონდა აღნიშნული მოთხოვნის დოკუმენტში ჩაწერა, რითიც პროვოცირება მოახდინა მთლიანი დოკუმენტის ჩავარდნის. შედეგად, 2018 წლის ფრენები სრულად ჩაიშალა”.

რა უნდა ქნას თბილისმა იმ რეალობაში, როდესაც მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მათ შორის საქართველოს საკითხზე პედალირებით, ტოვებს ღია ცის შეთანხმებას? საერთაშორისო ურთიერთობების ის ანალიტიკოსები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობენ, რომ საქართველო მინიმუმ უნდა დაელოდოს 6-თვიანი ვადის გასვლას და აშშ-ის კვალდაკვალ შეთანხმების დატოვებისგან თავი შეიკავოს.

ნინო სამხარაძის აზრით, საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს ევროპის რეაქციას. ერთობლივ განცხადებაში საფრანგეთი, ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, პორტუგალია, ესპანეთი და შვედეთი იზიარებენ ამერიკის შეშფოთებას რუსეთის დარღვევებზე, თუმცა თავად ხელშეკრულებაში რჩებიან და შეთანხმების პირობების სრულად შესრულებაზე რუსეთთან დიალოგს აგრძელებენ.

“საქართველომ არ უნდა შეხედოს მხოლოდ აშშ-ის ქცევას, ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი ევროპელი პარტნიორების რეაქციას და ამ ეტაპზე ცალსახად არ უნდა დატოვოს ხელშეკრულება. საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიია არ არის მხოლოდ აშშ-სთან პარტნიორობით განსაზღვრული. მით უმეტეს, საქართველოს პრობლემა რომც გადაიჭრას, აშშ-ის გასვლას ეს ვერ შეაკავებს. მეორე მხრივ, საქართველო არ თანხმდება და არც უნდა დასთანხმდეს საკითხის ისე გადაჭრას, როგორც ეს რუსეთს უნდა. ამიტომ, საქართველომ უნდა მოიცადოს, დაელოდოს 6-თვიან  კრიტიკულ პერიოდს, ჩაერევა ნატოც, ევროპაც და შეიძლება, სტატუს-კვო შეიცვალოს, იმიტომ რომ ევროპას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება აშშ-ის გასვლით. უნდა დაველოდოთ, როგორ დააბალანსებენ ერთმანეთს სამი დიდი აქტორი: აშშ, ევროპა და რუსეთი”, – განაცხადა ნინო სამხარაძემ.

ირაკლი სირბილაძის თქმით, რუსეთის მიერ ხელშეკრულების ინტერპრეტაცია არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რის საპასუხოდაც საქართველომ 2012 წელს რუსეთთან მიმართებით ხელშეკრულების მოქმედება შეწყვიტა, თუმცა ეს არ ეხებოდა შეთანხმების სხვა წევრებს. (ზუსტად ასე მოიქცა 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან მიმართებით, როდესაც რუსეთმა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების განხორციელება შეწყვიტა). სირბილაძე ამბობს, რომ საქართველოს ახლანდელი პოზიცია ეფუძნება 2012 წლის გადაწყვეტილებას, რომელიც ეროვნული ინტერესის შესაბამისი, პასუხისმგებლიანი და კონსტრუქციულია.

“ცხადია საქართველო ვერ მიიღებს ისეთ სტატუს კვოს, სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის აღიარებული – ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური საკითხია. საქართველო უნდა დააკვირდეს იმას, თუ როგორ განვითარდება მოლაპარაკებები დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის და მხოლოდ ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება”, – ამბობს სირბილაძე.

იგი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ფუნდამენტური პრობლემა არამხოლოდ ახლო მანძილზე ფრენების არდაშვება, არამედ, ამასთან ერთად, რუსეთის მიერ ხელშეკრულების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციის ინსტრუმენტად გამოყენებაა. რადგან რუსეთისთვის აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია, იქმნება ჩიხური მდგომარეობა, სადაც საქართველო ვერ დაუშვებს რუსეთის ფრენებს ვიდრე რუსეთი უკან არ წაიღებს აღიარების გადაწყვეტილებას.

“ამის ფონზე, საქართველოსთვის ყველაზე სასურველი მდგომარეობაა შეინარჩუნოს დღეს არსებული სტატუს კვო მაშინაც კი, თუ კი ამერიკის შეერთებული შტატები დატოვებს ხელშეკრულებას. ვიდრე ხელშეკრულების საბოლოო ბედი არ გადაწყდება, საქართველოს არ გააჩნია ხელშეკრულების დატოვების მხრივ პროაქტიული ნაბიჯების გადადგმის არც საჭიროება და არც ფუფუნება”, – განაცხადა ირაკლი სირბილაძემ.

მას შემდეგ, რაც აშშ-მა ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მჭიდრო კომუნიკაციაშია მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე გრძელდება კონსულტაციები ამ ხელშეკრულების მონაწილე სხვა ქვეყნებთან, იმისთვის, რომ განისაზღვროს, თუ როგორი იქნება საქართველოს მხრიდან შემდგომი მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში.

სტატიის მომზადების პროცესში “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, ხომ არ გამოიკვეთა ქართული მხარის გადაწყვეტილების კონტურები, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტროში გვიპასუხეს, რომ სიახლე არაფერია.

აშშ „ღია ცის“ შეთანხმებიდან გამოდის

მასალების გადაბეჭდვის წესი