ახალი ამბები

აშშ „ღია ცის“ შეთანხმებიდან გამოდის

22 მაისი, 2020 • 1233
აშშ „ღია ცის“ შეთანხმებიდან გამოდის

ამერიკის შეერთებული შტატები „ღია ცის“ შეთანხმებას ტოვებს. ამ შეთანხმების თანახმად, მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიაზე აწარმოონ შეუიარაღებელი საჰაერო თვალთვალი, მისი მიზანი კი გამჭვირვალობის ზრდა და შეიარაღებების კონტროლია.

შეთანხმება 2002 წელს მიიღეს, მისი ხელმომწერები კი, აშშ-ის გარდა, რუსეთი, კანადა, გაერთიანებული სამეფო და 35-მდე სხვა სახელმწიფოა.

რატომ ტოვებს შეთანხმებას შეერთებული შტატები?

21 მაისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მაიკლ პომპეოს განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

„ხვალ აშშ გადასცემს „ღია ცის შეთანხმების“ დატოვების გადაწყვეტილებას შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს. ხვალინდელიდან ექვსი თვის შემდეგ აშშ აღარ იქნება მისი ნაწილი. თუმცა, შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას, თუ რუსეთი შეთანხმებიs სრულად დაცვას დაუბრუნდება.

ყურადღებიანი განხილვის, მათ შორის მოკავშირეებისა და უმთავრეს პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ აშშ-ის ინტერესში აღარაა, შეთანხმების ნაწილი იყოს.

როგორც ასეთი, შეთანხმება შეიქმნა, რათა ყველა ხელმომწერისთვის მიეცა უფრო მეტი გამჭვირვალობა, ურთიერთგაგება და თანამშრომლობა, მიუხედავად მათი [ტერიტორიების] სიდიდისა. თუმცა რუსეთის მიერ შეთანმხების დარღვევამ მის მთავარ, ნდობაზე დაფუძნებულ ფუნქციას ძირი გამოუთხარა და რეალურად, გააძლიერა უნდობლობა და გაზარდა საფრთხეები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რითიც აშშ-ის მონაწილეობა მიუღებელი გახდა.

მაშინ როცა აშშ, ჩვენს პარტნიორებთან და შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად, შეთანხმების ვალდებულებებსა და პირობებს იცავდა, რუსეთი წლების განმავლობაში უხეშად არღვევდა მას სხვადასხვა სახით.

რუსეთმა უარი გვითხრა, ჩაგვეტარებინა სადაზვერვო ფრენები 10- კილომეტრიან კორიდორში მისი და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთის რეგიონების საზღვართან, შესაბამისად, სცადა განემტკიცებინა ცრუ ინფორმაციები, თითქოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან.

ნუ შეგეშლებათ: მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი სიტუაციის ასეთ განვითარებასა და შეიარაღების კონტროლის არქიტექტურის ეროზიაზე“, — წერს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

რას პასუხობს რუსეთი?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდერ გლუშკოს განცხადებით, მოსკოვს შეთანხმება არ დაურღვევია, ხოლო აშშ-ის მიერ მისი დატოვება „ძალიან სამწუხარო“ იქნება.

„უარვყოფთ ნებისმიერ მცდელობას, გამართლდეს გამოსვლა ამ ფუნდამენტური შეთანხმებიდან“, — განუცხადა მან სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი