ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ომამდელი საკუთრების” ყიდვა-გაყიდვა აფხაზეთში

5 ივნისი, 2020 • 3203
“ომამდელი საკუთრების” ყიდვა-გაყიდვა აფხაზეთში

აფხაზეთში საცხოვრებელი სახლების გაყიდვის შესახებ განცხადებებში ხშირად გვხვდება ფრაზა „ომამდელი საკუთრება“. 

მყიდველისთვის ეს ნიშნავს, რომ საკუთრების უფლებას ყიდვის შემდეგ არავინ გაასაჩივრებს. თუმცა პრეცედენტები არსებობს. 

არსებობს შემთხვევები, როდესაც ჩნდებიან ბინის გარდაცვლილი მეპატრონის ნათესავები, რომლებსაც მემკვიდრეობის უფლება აქვთ, ზოგჯერ კი — საკუთრების უფლების დუბლირებული დოკუმენტების მფლობელები. აფხაზეთში ბევრი სასამართლო პროცესი სწორედ საკუთრების საკითხებს ეხება.

დღეს აფხაზეთში ბევრი არ საუბრობს ღიად, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ ბინა [ზოგმა რამდენიმე] დაიკავა ან მათი გაქირავებითაა დაკავებული.

ჩვენი რესპონდენტი ასტამური ამჟამად სოხუმში იმ ბინას არემონტებს, რომელიც დედამისმა აფხაზეთის ომის დროს დაიკავა. მაშინ ქართველი მეზობლები აფხაზეთიდან წავიდნენ და სთხოვეს, მიეხედათ მათი ბინისთვის მანამ, სანამ დაბრუნების შესაძლებლობა გაუჩნდებოდათ. 

ქალმა ქართველი მეზობლების ბინა 2000 წელს საკუთარ შვილზე გააფორმა, ასევე, დაგროვებული კომუნალური გადასახადები გადაიხადა. 

როგორც სოხუმის მერიის საბინაო კომიტეტში აცხადებენ, აფხაზეთში საცხოვრებელი ფართების ნახევარზე მეტი ახალ მფლობელებზე არაა გაფორმებული. 

„დანამდვილებით არც ვიცით, რამდენი ცარიელი ბინა და სახლია სოხუმში, რომლებია მთლიანად დანგრეული, რომელია დასახლებული“, — ამბობს რამაზ ჯოპუა, ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციის საბინაო სამმართველოს ხელმძღვანელი. 

საიდუმლო არაა, რომ ომის შემდგომ წლებში “დაპატრონებული სახლების გაყიდვაში აქტიურად მონაწილეობდნენ სახლმმართველები და საბინაო სამმართველოების თანამშრომლები. 

მცირე თანხის სანაცვლოდ აფხაზეთის მცხოვრებლებზე აფორმებდნენ სახლებს და ბინებს, რომლებიც მეპატრონეებმა 1992-93 წლების ომის დროს დატოვეს. 

აფხაზეთის ხელისუფლებამ მაშინ სთხოვა მოქალაქეებს, არ დაეკავებინათ რუსი და ბერძენი მეპატრონეების სახლები. მხოლოდ ქართული საცხოვრებლის ათვისებაზე გასცა ხელისუფლებამ მდუმარე თანხმობა. თუმცა, იმის გარკვევა, ვინ ვის სახლს დაეპატრონა, არავის დაუწყია. სახლებზე უბრალოდ გაჩნდა წარწერები „დაკავებულია“, რის შემდეგაც ისინი გაიფორმეს და გაყიდეს. რუსი და ბერძენი მეპატრონეების გამოჩენის შემდეგ კი სასამართლო გარჩევები დაიწყო. 

აგრბას ოჯახმა 2007 წელს ის ერთოთახიანი ბინა გაყიდა, რომელიც ომის შემდეგ დაიკავა.

„ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ხალხი აქ არ დაბრუნდებოდა. ჯერ ერთი, ისინი ქართველები არიან. მეორე — ბინის მეპატრონე ომში მონაწილეობდა და მას ბინის გაყიდვის უფლებასაც არ მისცემდნენ. ჩვენ რომ არა, ბინას მაინც ვინმე სხვა დაიკავებდა”, – ამბობს მაკა აგრბა. 

ეს ბინა მაკა აგრბამ შვილზე გადააფორმა, შვილმა ბინა გაყიდა და კერძო სახლი იყიდა, თუმცა, ისიც იმავე სტატუსის –  ქართველი მეპატრონეების მეზობლების მიერ დაკავებული. 

ამჟამად სახლის კედლები ინგრევა, სახურავიდან წყალი ჩამოდის. კაპიტალური რემონტის ფული ოჯახს არ აქვს. 

“ბინა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, პატარაა ჩვენი ოჯახისთვის. ამ კერძო სახლში გადმოსვლა გვინდა. მაგრამ ჩვენს ბინას ვერც ვყიდით, ძალიან იაფი ღირს ახლა ბინები და რემონტის სამყოფი ფულიც არ დაგვრჩება. ნება რომ მოგვცენ, უძრავი ქონება უცხოელებზე გავყიდოთ, ფასი აიწევდა”, – ამბობს მაკა არგბა.

თითქმის იგივე ისტორია აქვს ამანდას. ქორწინების შემდეგ, 15 წლის წინ, მისმა ოჯახმა სოხუმის ახალ რაიონში არცთუ ისე დიდ ფასად [დაახლოებით, 4 ათას აშშ დოლარად] “ომამდელი საკუთრება” იყიდა. თუმცა ბინა კაპიტალურ რემონტს საჭიროებდა, რომლის ფული მაშინ ოჯახს არ ჰქონდა და ისევ ნაქირავებ ბინაში არჩიეს ყოფნა და ფულის შეგროვება.

“ ბინა, რომელიც ვიყიდეთ, მე-10 სართულზეა, საოცარი ხედით, ჩანს ზღვა, მთები”.

ასე „დგას“ ბინების უმრავლესობა ახალ რაიონში. ვიღაც იმ “კარგ დროს” ელოდება, როცა ფულს იშოვის გასარემონტებლად, ვიღაც – უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდას.

სოხუმი, აფხაზეთი, ფოტო: ნეტგაზეთი

 

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები კი მეტწილად უკავშირდება იმ შეზღუდვას, რომელიც აფხაზეთში არსებობს. რეალურად, უცხო ქვეყნის, მაგალითად, რუსეთის მოქალაქეს შეუძლია აფხაზეთში იყიდოს ბინა ან სახლი, თუმცა,ამისთვის უნდა დაარეგისტრიროს კომპანია, ბინა კი იურიდიულ პირზე გაფორმდეს. ეს ნიშნავს იმასაც, რომ მყიდველი გადასახადებსაც მეტს გადაიხდის. 

ზოგიერთი ყიდულობს ბინას და აფხაზეთის მოქალაქე ახლობელზე ან მეგობარზე აფორმებს. 

კონსტანტინე ბელოვი სოხუმში 11 წელია ცხოვრობს. თავდაპირველად, მან დანგრეული შენობა და მისი ნაკვეთი იყიდა და მეზობელზე გააფორმა. შემდეგ აფხაზეთის მოქალაქეზე იქორწინა და სახლი მასზე გადააფორმა. 

“ჩვენი განქორწინების შემთხვევაში, სახლი ცოლს დარჩება, გაყოფა აღარ გამოვა. ყველაფერი მისი იქნება. აქ არანირი უფლება არ მაქვს, მაგრამ, საბედნიეროდ, განქორწინებას ჯერ არ ვაპირებთ“, — ამბობს კონსტანტინე. 

უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, აფხაზეთში უძრავი ქონების, მათ შორის მიტოვებული შენობების გაყიდვის განვითარება დაიწყებოდა. 


აფხაზეთიდან დევნილები, ხშირ შემთხვევაში, შემთხვევით იგებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილი საკუთარი უძრავი ქონების გასხვისების ან გადაფორმების შესახებ.

“Продается Дом” – როდესაც აფხაზეთში შენი სახლის გაყიდვაზე ფოტოდან იგებ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი